Accessibility links

logo-print

სააკაშვილი მეწარმეებს ახალ წამოწყებებში დახმარებას ჰპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეწარმეებს ახალი საწარმოების გახსნაში მხარდაჭერას ჰპირდება და აცხადებს, რომ ის მზად არის ყველა იმ საწარმოში

მივიდეს და გახსნას, რომელიც თუნდაც 50-მდე ადამიანს დაასაქმებს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ნატახტარში ლუდსახარშ ¨ნატახტარის” ოფიციალურ გახსნაზე გააკეთა. ნებისმიერი ახალი წარმოების გახსნას საქართველოში დიდი ზარ-ზეიმი ახლავს თან, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ახალი წარმოება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში, შესაბამისად, დამატებით სოციალურ თუ სხვა სახის პროგრამებს და ა.შ. პრეზიდენტიც, მეტ-ნაკლებად, ასრულებს დანაპირებს და ცდილობს ყველა ამ ტიპის ღონისძიების მონაწილე და მხარდამჭერი იყოს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამგვარი ახალი წარმოებებით ჯერჯერობით არცთუ განებივრებულები ვართ, რასაც, ბუნებრივია, აქვს თავისი მიზეზები, რომელზეც ხელისუფლება, როგორც წესი, ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას. სამაგიეროდ, დიდი ხალისით საუბრობს წარმატებებზე, რაც მოსახლეობისათვის ჯერჯერობით ნაკლებად შესამჩნევია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პირველი ეტაპი კორუფციასთან ბრძოლა იყო, მეორე - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მესამე - დასაქმება და ახალი საწარმოების ამუშავებაა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველი ორი ეტაპი მეტ-ნაკლები წარმატებით დასრულდა ან სრულდება და ჯერი ახალი წარმოებების ამუშავებაზე მიდგა. თუმცა პრეზიდენტის ეს ოპტიმიზმი ნაკლებად გადამდებია მოქმედი ბიზნესისა და ეკონომიკური ექსპერტებისათვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ დეკლარაციებითა და ლოზუნგური მხარდაჭერებით ბიზნესგარემოს რადიკალური გაუმჯობესება შეუძლებელია.
არადა, პრეზიდენტმა აქცენტები უკვე დიდი ხანია სავსებით სწორად განსაზღვრა და საქართველოს ფეხზე დაყენების ერთ-ერთ მთავარ პირობად ეკონომიკის გამოცოცხლება დაასახელა, რაც, თავის მხრივ, კერძო სექტორისათვის პირობების შექმნით არის შესაძლებელი.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ ყველაფერი წავიდა ისე, როგორც არის, ბიზნესმენებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან დაცულნი. მე მიმაჩნია, რომ მათ ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ ფეხზე დააყენონ საქართველო. იმიტომ რომ საქართველო ფეხზე ეკონომიკამ უნდა დააყენოს, ხოლო ეკონომიკა ფეხზე ქართულმა ბიზნესმა უნდა დააყენოს. ამას ვერ შეძლებს ვერც ოქრუაშვილი, ვერც ადეიშვილი, ვერც პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი, რომელსაც ეს ეხება, ვერც ბენდუქიძე და ვერც მთელი მთავრობა, ჩემი ჩათვლით. ამას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან მატერიალურ დოვლათს - ესენი არიან კერძო ურთიერთობის მონაწილეები.”
პრეზიდენტი კერძო ბიზნესს პირად მფარველობასა და ადვოკატობას ჰპირდება, თუმცა თავად ბიზნესი ამ მფარველობის რეალურ შედეგს რატომღაც ვერ ხედავს და პერმანენტულად მძიმე საგადასახადო ტვირთზე, საკანონმდებლო კაზუსებზე, სასამართლო სისტემის გაუმართაობასა და კერძო საკუთრების დაუცველობაზე საუბრობს.
ქვეყანას რომ ბიზნესგარემოს პრობლემები აქვს, ამაზე უმუშევრობის დონე და მძიმე სოციალური ფონიც მეტყველებს. არაერთი პომპეზური ბიზნესფორუმისა და საქართველოში კაპიტალდაბანდების თაობაზე საუბრის მიუხედავად, დღეს ოფიციალური სტატისტიკაც ვეღარ მალავს, რომ ინვესტიციების მოცულობამ იკლო. სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების რეიტინგებში ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი უარესდება. სახელმწიფო ბიუჯეტის გაორმაგების მიუხედავად, ადგილობრივი ექსპერტები ეკონომიკური კრიზისის ნიშნებზეც ალაპარაკდნენ. ყოველივე ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების განცხადებებთან აღმშენებლობისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ. არადა, ეკონომისტების შეფასებით, სიტუაციიდან გამოსვლის რეცეპტი არახალია და საკმაოდ მარტივია. ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ბიზნესგარემოსათვის აუცილებელ 3 ფაქტორს გამოყოფს:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] „პირველი - საკუთრების უფლება, მეორე - იგივე საგადასახადო კოდექსი და მთელი ამ სფეროს ლიბერალიზაცია და კანონის უზენაესობა თავში უნდა დავაყენოთ.”
ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივი და ადვილად განსახორციელებელია, თუმცა ამ მარტივი ჭეშმარიტების რეალიზაცია ხელისუფლებას უჭირს. ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების სურვილი არა აქვს. ყველა საჯარო გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილიც და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც თავად საუბრობენ კერძო საკუთრების პრიმატზე, ბიზნესისათვის ხელის შეწყობასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პოპულარობის ზენიტში მყოფმა ხელისუფლებამ მტკივნეული, მაგრამ საბოლოოდ ეფექტური რეფორმებისათვის დრო დაკარგა და, არჩევნების ციკლის მოახლოებასთან ერთად, ამ არაპოპულარული რეფორმების განხორციელება სულ უფრო გაძნელდება, თუმცა სიტუაციის შესაცვლელად დრო ამჟამინდელ ხელისუფლებას, პოლიტიკური გამბედაობის შემთხვევაში, ჯერ კიდევ აქვს.
XS
SM
MD
LG