Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი საკაბელო ტელევიზიების ოპერატორთა მე-5 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს


დღეს, 3 ოქტომბერს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის პატრონაჟით, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, მუშაობას იწყებს ტელემაუწყებელთა და საკაბელო

ტელევიზიების ოპერატორთა მე-5 საერთაშორისო კონგრესი, რომლის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირი და საკაბელო ტელევიზიების ოპერატორთა სრულიად უკრაინის ასოციაცია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონგრესის მონაწილენი სამი დღის განმავლობაში, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო საინფორმაციო კავშირის შექმნის პერსპექტივებზეც იმსჯელებენ.

საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ბალტიის ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; საკაბელო ტელევიზიების ოპერატორები; ტელერადიომაუწყებლები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები. კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორის, საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის თავმჯდომარის მოადგილის, თემურ გაფრინდაშვილის თქმით, კონგრესის მონაწილეებს, უწინარეს ყოფლისა კი, ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ არის ეს სფერო ორგანიზებული სხვა, შედარებით განვითარებულ, ქვეყნებში. გაფრინდაშვილის თქმით, სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში საკაბელო ტელევიზიების მესვეურებს არაფერს ეკითხებიან; თამაშის წესებიც, როგორც წესი, მათი მონაწილეობის გარეშე იცვლება:

[თემურ გაფრინდაშვილის ხმა] “ბევრი შესწორება, რაც ეხება საკაბელო ტელევიზიებს, მიღებული იქნა ჩვენთან შეუთანხმებლად. არადა, ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ საქმის პროფესიონალები და უნდა გვეკითხებოდნენ, პირველ რიგში, ჩვენ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. ამის შემდეგ უნდა შეიტანონ კანონში შესწორებები. სამწუხაროდ, დღესდღეობით ასე არ ხდება. ანუ ჯერ მიიღებენ რაღაც ცვლილებას, შემდეგ კი ჩაგვაყენებენ საქმის კურსში.“

პირველი საკაბელო ტელევიზია საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს დაარსდა. იმის გამო, რომ 15 წლის წინანდელ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა არ ისჯებოდა, საკაბელო ტელევიზიები ნებართვის გარეშე იღებდნენ და საკუთარ ეთერში უშვებდნენ ნებისმიერი ტელეარხის ნაწარმს. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ პირობებში საქართველოში საკაბელო ტელევიზიების ბუმი დაიწყო, თუმცა, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი დავით პატარაია ამბობს, ამჟამად საკაბელო ტელევიზიები კანონის ფარგლებში მაუწყებლობენ:

[დავით პატარაიას ხმა] „ჩვენ დავიწყეთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონის კუთხით კონტროლი და ამან კანონიერების ჩარჩოში მოაქცია სფერო. მანამდე გაბატონებული იყო „პირატობის“ პრაქტიკა, იმიტომ რომ არც ერთ საკაბელო არხს არ ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული ტელევიზიებთან, რის გამოც ვისაც რომელი არხი უნდოდა, იმას უშვებდა ეთერში.“

მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 75 საკაბელო ტელევიზია მაუწყებლობს. შესაბამისად, შთამბეჭდავი უნდა იყოს აბონენტთა რაოდენობაც, თუმცა, როგორც მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი გიორგი რატიშვილი ამბობს, საკაბელო ტელევიზიები მონაცემებს შეგნებულად ამახინჯებენ:

[გიორგი რატიშვილის ხმა] „ყველა გეუბნება პატარა რიცხვს, იმიტომ რომ საგადასახადოს უმალავს, ნახევარზე მეტი „მარცხენა“ აბონენტი ჰყავს... ამ მონაცემს, რეალურს, არავინ გეტყვის.“

საკაბელო ტელევიზიების თითქმის ნახევარი დედაქალაქში მაუწყებლობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიის კაბელმა ყველა თბილისელის ოჯახში შეაღწია.

[ქალბატონის ხმა] „მე არა. იმდენი არხებია, რომ ყველას ვერ ვუყურებ. რაც მაქვს, ისიც საკმარისია ჩემთვის.“

[მამაკაცის ხმა] „უმრავლესობა ისეთი არხებია, რომ არ ვუყურებ, სისულელეებია. სახლში მაქვს 50 არხი და სამ არხს თუ ვუყურებ მარტო.“

[მამაკაცის ხმა] „არ მაქვს და არც მინდა.“

თუმცა, ცხადია, ყველა ასე არ ფიქრობს. სწორედ მათ, ვისაც უნდა საკაბელო ტელევიზია, ვინც დაინტერესებულია საკაბელო ტელევიზიების საქმიანობით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, 3-დან 5 ოქტომბრამდე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი უმასპინძლებს“. საკაბელო ტელევიზიების ოპერატორთა მე-5 საერთაშორისო კონგრესი 3 ოქტომბერს, დილის 11 საათზე, გაიხსნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG