Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გაგიკვირდეთ: ჯარისკაცი და სახელმწიფო ჩვენი მომდევნო სიუჟეტის თემაც გახლავთ.


დავით პაიჭაძე, თბილისი არ გაგიკვირდეთ: ჯარისკაცი და სახელმწიფო ჩვენი მომდევნო სიუჟეტის თემაც გახლავთ. ოღონდ ამჯერად ვილაპარაკებთ როგორც ამ ორი ფენომენის ურთიერთმიმართებაზე,

ისე წიგნზე, რომელსაც სწორედ ეს სახელი ჰქვია: “ჯარისკაცი და სახელმწიფო. სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობათა თეორია და პოლიტიკა”. წიგნის ავტორი გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობათა ცნობილი მკვლევარი სამუელ ჰანტინგტონი. ჰანტინგტონს სახელი გაუთქვა უფრო გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოცემულმა წიგნმა - “ცივილიზაციათა შეხლა”. მაგრამ საქართველოში არჩიეს, ეთარგმნათ და წიგნად გამოეცათ სამუელ ჰანტინგტონის ადრეული ნაშრომი, რომელსაც “ბიბლიოთეკის” დღევანდელ გამოშვებაში დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ.

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] “სხვათა შორის, სამეცნიერო წრეებში ეს წიგნი, “ცივილიზაციათა შეხლა”, არ აღიქმება იმდენად სერიოზულად. მას მაინც უყურებენ, როგორც ბესტსელერს და ფართო წრისთვის გამიზნულ წიგნს, განსხვავებით “ჯარისკაცი და სახელმწიფოსგან”, რომელიც უფრო სერიოზული საკითხავია და აკადემიურ ნაშრომს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, “ცივილიზაციათა შეხლა” თარგმნილია რუსულადაც და საკმაოდ ხელმისაწვდომია, “ჯარისკაცისა და სახელმწიფოსაგან” განსხვავებით, რომელიც აქამდე არ თარგმნილა არც რუსულად და არც მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში.”

ეს თორნიკე შარაშენიძეა, სამუელ ჰანტინგტონის წიგნის ქართულ ენაზე მთარგმნელი. მისი ნათქვამი არ ნიშნავს, რომ “ჯარისკაცი და სახელმწიფო”, ასე ვთქვათ, ელიტარული საკითხავია და ფართო მკითხველზე არ არის გამიზნული. ეგაა, ეს ფართო მკითხველი დაინტერესებულიც უნდა იყოს.

[შარაშენიძის ხმა] “მე შემიძლია დავყო წიგნი ორ ნაწილად. პირველი ნაწილი არის შედარებით უფრო ფართო წრისთვის გამიზნული, მეორე ნაწილი კი – ალბათ, უფრო სპეციალისტებისთვის. პირველი ნაწილი ისტორიის ანალიზია. ნებისმიერს დააინტერესებს, ვინც გატაცებულია ისტორიითა და სამხედრო საქმით. ჰანტინგტონი ძალიან საინტერესოდ აანალიზებს ამერიკის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს არ არის მხოლოდ თეორია, პრაქტიკული მაგალითებიცაა განხილული. მეორე ნაწილი უკვე განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, ვისაც სურს, ჩაუღრმავდეს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობათა სპეციფიკას და რეფორმას.”

სამუელ ჰანტინგტონის წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ წიგნი იმ ქრესტომათიებს შორისაა, რომლითაც ასწავლიან არა მხოლოდ სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებს, არამედ სახელმწიფო წყობისა და მმართველობის საფუძვლებსაც. წიგნის ერთ-ერთი მთავარი საკითხის კომენტირებისას თემურ იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ ავტორი მიჯნას ავლებს მეოცე საუკუნის სამხედროებსა და მთელი მანამდელი ეპოქის სამხედრო პირებს შორის:

[იაკობაშვილის ხმა] “ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს პროფესიონალიზმთან. ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს სამხედრო პროფესიას, სამხედრო კასტის როლსა და ადგილს საზოგადოებაში. თუ ჩვენს ახალ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ: მძიმე შეცდომები, რომლებიც დაშვებულ იქნა საქართველოში, ეფუძნებოდა ასეთი ტიპის ცოდნის არარსებობას საქართველოში. კარგი იქნებოდა, ეს წიგნი თავის დროზე თარგმნილიყო და წაგვეკითხა, ბევრ შეცდომას არ დავუშვებდით.”

თუ ქვეყანა გადაწყვეტს, ჰყავდეს სამხედრო ელიტა, მიანიჭოს მას როლი და ადგილი, მაშინ უნდა უპატრონოს კიდეც, ამბობს თემურ იაკობაშვილი და დასძენს, რომ ჰანტინგტონი იძლევა რეცეპტებს, როგორ უნდა მიაღწიოს ამას სახელმწიფომ, რა საფრთხეს და სარგებლობას შეიცავს სამხედრო სამსახური. წიგნის მთარგმნელი თორნიკე შარაშენიძე კი განმარტავს, როგორი უნდა იყოს სამხედრო ჰანტინგტონის მიხედვით:

[შარაშენიძის ხმა] “ესაა პიროვნება რომელიც ერთადერთი იდეალის ერთგულია: სახელმწიფოს უსაფრთხოების. სამხედროს არ აინტერესებს, ვინ არის სახელმწიფოს სათავეში, რა პოლიტიკური ძალა, ის განურჩევლად ყველას ერთგულად უნდა ემსახუროს. ყოველთვის უნდა მისცეს რჩევა მთელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს მმართველს, სახელმწიფო მოღვაწეს. სახელმწიფოს მმართველს აქვს პრეროგატივა, მიიღოს ან არ მიიღოს სამხედროს რჩევა, სამხედრო კი ვალდებულია, დაემორჩილოს ყველა შემთხვევაში. ის ვალდებულია, გაჰყვეს მას ბოლომდე, განახორციელოს პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ავალებს და ამისთვის გამოიყენოს მთელი თავისი ცოდნა და კომპეტენცია, განურჩევლად იმისა, ეთანხმება თუ არა პოლიტიკოსის მოსაზრებას.”

ასეთია იდეალური სამხედრო ჰანტინგტონის მიხედვით, ამბობს თორნიკე შარაშენიძე. თვითონ ჰანტინგტონს იდეალთან მიახლოებულად მიაჩნდა ბისმარკის პერიოდის გერმანიის სამხედრო კლასი. ანალიზის შედეგად, სამუელ ჰანტინგტონი მიდის დასკვნამდე, რომ, როგორც კი გერმანიაში იკლო სამხედროთა პროფესიონალიზმმა, გაქრა სამხედრო მორალი და სამხედროებმა დაიწყეს პოლიტიკაში ჩარევა, ანუ სამხედროები გასცდნენ თავიანთ კომპეტენციას, გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში. წიგნში მიმოხილულია იაპონიის სამხედრო წოდების ჩამოყალიბებაც, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კლასის შექმნასა და განვითარებას. ეს წიგნი გამიზნული იყო იმათთვის, ვისაც უნდა ჩამოეყალიბებინა ამერიკის არმია და მკვეთრად გაემიჯნა ერთმანეთისაგან სამხედრო და პოლიტიკური ფუნქციები, დაეხვეწა სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები.

[შარაშენიძის ხმა] “ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ეს წიგნი სახელმძღვანელოდ, გიდად, რათა შეიარაღებულ ძალებში მოახდინოს რეფორმა და დაალაგოს სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები ისე, როგორც ეს იდეალურად წარმოუდგენია ჰანტინგტონს და რომელიც, ალბათ, მართლაც, იდეალური და ძნელად მისაღწევია.”

“ჯარისკაცისა და სახელმწიფოს” სამეცნიერო რედაქტორი თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ სამხედრო პროფესიონალიზმზე მსჯელობისას ჰანტინგტონი არანაკლებ საინტერესო მოსაზრებას ავითარებს, საერთოდ, პროფესიონალიზმის რაობაზე. პროფესიონალი არ ასრულებს ტექნიკურ ფუნქციებს, თავის საქმეს ის ინტელექტუალურ შრომას ახარჯავს - აქამდე შეიძლება დაიწუროს პროფესიონალიზმის ერთ-ერთი განმარტება ჰანტინგტონთან. მისი თეზისები, თემურ იაკობაშვილის აზრით, საბჭოთა არმიაზეც ვრცელდება, მაგრამ მისმა უხარისხო გასაწვევმა კონტინგენტმა, განვითარებისგან ქვეყნის ჩამორჩენამ საბჭოთა, შემდეგ რუსეთის, სამხედრო სისტემაში კრიზისი გამოიწვია, ხოლო ოფიცრობამ ახალ რუსეთში თავისი ადგილი ვერ მონახა:

[იაკობაშვილის ხმა] “იგივე დაგვემართა ჩვენც: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა სამხედრო ელიტა ისე, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი უახლესი ტრადიცია არ გვქონდა. ჩვენი ჯარი დღეს არის კომბინაცია ყოფილი მხედრიონელის, ყოფილი გვარდიელის, ყოფილი საბჭოთა ოფიცრისა და ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-სა და თურქეთში განათლებამიღებული, შედარებით ახალგაზრდა, ოფიცრების. ეს არის აჯაფსანდალი, რომელიც არაეფექტიანი უნდა იყოს ყველანაირი გათვლებით.”

თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ პოზიტიური თვისებებისა თუ გამოცდილების აღება წარსულიდანაც შეიძლება, რადგან იმავე მხედრიონშიც და გვარდიაშიც იყვნენ სამხედრო საქმით დაინტერესებული პატრიოტები:

[იაკობაშვილის ხმა] “პრობლემა ისაა, რომ ტრადიციები ვერ შევქმენით და ჰანტინგტონი წიგნში ხაზს უსვამს ტრადიციების აუცილებლობას, იმას, რომ, დავუშვათ, უცებ შეიძლება ისწავლო პურის გამოცხობა, სამხედრო საქმეს უცებ ვერ ისწავლი. დაახლოებით ისეა, რომ უცებ მათემატიკოსი და ფიზიკოსი ვერ გახდები. ამ პროფესიის დაუფლებას დრო სჭირდება. ქართველ ერს ტრადიციები არ აკლია, იმდენი მხედართმთავარი ჰყოლია, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ არა ნათელ წარსულზე, არამედ ნათელ აწმყოსა და ნათელ მომავალზე და ამ ნათელ მომავალს “ერთი ვკარ, ათი მოვკალი”-ს პრინციპით უკვე ვეღარ ავაწყობთ. ჰანტინგტონი ძალიან ხშირად უსვამს ხაზს, რომ ყველასათვის გამოსადეგი ერთი ფორმულა არ არსებობს, მაგრამ საჭიროა რაღაც საფუძვლად აიღო და ამ საფუძველზე განავითარო.”(სტილი დაცულია)

თემურ იაკობაშვილი ლაპარაკობს ჰანტინგტონთან სამხედრო წოდების როლზე ქვეყნის განვითარებაში. თუ სამხედრო კლასსს ევალება დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, რაღა შუაშია განვითარება? სამხედროები განვითარებაში მონაწილეობენ იმდენად, რამდენადაც ქმნიან მის პირობას უსაფრთხოების უზრუნველყოფით? “ჯარისკაცისა და სახელმწიფოს” სამეცნიერო რედაქტორი ამბობს, რომ სამხედროების ფუნქცია არ არის მხოლოდ ქვეყნის დაცვა:

[იაკობაშვილის ხმა] “სამხედროებს მიეცათ ძალიან სერიოზული როლი (განსაკუთრებით, პატარა სახელმწიფოთა სამხედროებს) საერთაშორისო არენაზე მოქმედებისა. დღეს საქართველოს გაცილებით ნაკლები დიპლომატი ჰყავს საზღვარგარეთ, ვიდრე ჯარისკაცი. გლობალურ საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენი ჯარისკაციც დღეს მოთამაშეა. ეს ხალხი ასრულებს ისეთ ფუნქციას საზღვარგარეთ, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხმარება. ძალიან ობივატელურად რომ შევხედოთ, შეიძლება საქართველოს ვერ მიეღო 300 მილიონი დოლარი ამერიკის მთავრობისგან, თუ კოალიციის აქტიური წევრი არ იქნებოდა.”
გარდა ამისა, ქვეყნის განვითარებაში დღეს სამხედროების წვლილი განისაზღვრება მორალითაც, რომელსაც ეს წოდება ატარებდა და ავრცელებდა ისტორიულად, სამხედრო არისტოკრატიის არსებობის დროს. ჰანტინგტონის თანახმად, მორალს ორი ფენა ავრცელებს - ინტელექტუალები და სამხედროები.

სამუელ ჰანტინგტონის ამ აზრის გადმოცემით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. შეგახსენებთ, დღეს ვილაპარაკეთ წიგნზე “ჯარისკაცი და სახელმწიფო. სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობათა თეორია და პოლიტიკა”.
XS
SM
MD
LG