Accessibility links

logo-print

სამხედრო გაწვევის “მაღალი ფასი” საქართველოში


სულ მალე საქართველოს ხელისუფლება სავალდებულო

სამხედრო სამსახურს მაღალ ფასს დაადებს. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტმა მოამზადას აკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც გაწვევის გადავადების ყოველწლიურ მოსაკრებელს 200-დან 2000 ლარამდე ზრდის. თუმცა კანონპროექტში, რომელიც სულ მალე კანონის ძალას შეიძენს, სხვა ნოვაციებიც არის, რომელთა შესახებ ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” უფრო ვრცლად გესაუბრებით.

საქართველოს ხელისუფლების მიერ არმიის მშენებლობის პრიორიტეტად გამოცხადებას, ყაზარმების კაპიტალურ რემონტს, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას და უამრავ პიარაქციას, ცნობილი სახეების მიზიდვით, შედეგად ის მოჰყვა, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური თანდათან მიმზიდველობას იძენს. ყოველ შემთხვევაში, შარშან საგაზაფხულო გაწვევის კამპანიისას უპრეცედენტო ფაქტი მოხდა: ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ, სამხედრო ნაწილებიდან სათანადო მოთხოვნილების უქონლობის გამო, ჯარში ჩარიცხვაზე უარი უთხრა 600 ახალგაზრდას. სულ რამდენიმე დღეში კი საქართველოში საშემოდგომო სამხედრო გაწვევის კამპანია უნდა დაიწყოს და, როგორც ქუჩის გამოკითხვამ გვიჩვენა, მრევლი ქართულ არმიას არც ამჯერად მოაკლდება.
[მოქალაქეების ხმები] “ რა ვიცი, ვიმსახურებდი, იმიტომ რომ ქართულ ჯარს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს ახლა. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ნაღდად გაუმჯობესდა ელემენტარული პირობები. საჭმელი, სისუფთავე, დასაწოლი - რა ვიცი, ყველაფერი კაი არის ეხლანდელ ჯარში.” “ყველას სჭირდება ჯარი - ახლობლებსაც, შვილებსაც და ყველას. სავალდებულო არის სამხედრო სამსახური.” ”მაქვს სურვილი, რომ წავიდე ჯარში. რამდენი ხანია მინდოდა და ახლა მომივიდა უწყება და მივდივარ... რამდენი ხანიც იქნება სავალდებულო სამსახური.”(სტილი დაცულია)

თანაც, თუ პარლამენტმა საშემოდგომო გაწვევისათვის მოასწრო სამხედრო სავალდებულო სამსახურის კანონში ცვლილებების შეტანა, შესაძლოა, გამწვევმა განყოფილებებმა ვეღარც მოახერხონ წვევამდელების სელექცია. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ გვითხრა, კომიტეტმა უკვე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ამიერიდან მხოლოდ იმ წვევამდელებს მისცემს სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებას, ვინც შეძლებს 2000 ლარი შეიტანოს ხაზინაში. თანაც, უფასო გადავადების უფლებით ამიერიდან ვერც სტუდენტები ისარგებლებენ:

[ნიკა რურუას ხმა] “ადამიანი თუ იყო სტუდენტი, იგი აღწევდა 27 წელს, ზღვრულ ასაკს, იგი ავტომატურად თავისუფლდებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან. ახლა სტუდენტი, თუ ის 25 წელს მიაღწევს, იქნება გაწვეული. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც არ არიან სტუდენტები, მათაც შეუძლიათ ორჯერ გადაივადონ სამსახური, ესეც ნოვაცია გახლავთ. წინა ჯერზე გადავადება შეიძლებოდა მრავალჯერ და ღირდა 200 ლარი, ახლა ეს არის 2000 ლარის საფასური.”(სტილი დაცულია)

უნდა აღინიშოს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც 2001 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მოპოვება ოფიციალურად დაკანონებული თანხით შეიძლება. 4 წლის წინ, როდესაც ასეთ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებდნენ, სამხედრო უწყების მოხელეებს ხელთ კალკულატორი ეჭირათ და ვარაუდობდნენ, რომ მხოლოდ პირველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 20 მილიონი ლარი შევიდოდა. გაგეცინებათ, მაგრამ გათვლა ემყარებოდა კომისარიატების მუშაკთა მიერ ინკოგნიტოდ მიწოდებულ კორუფციული გარიგებების ფაქტებს, რომლებიც მოწმობდნენ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაყინულ, კეთილმოუწყობელ ყაზარმებში მშიერ ცხოვრებას წვევამდელები არჩევდნენ 200 ლარიანი ქრთამი მიეცათ გამწვევი ორგანოების მუშაკებისათვის. არალეგალური გადასახადის დაკანონებით სამხედროები და პოლიტიკოსები ერთბაშად ორი კურდღლის მოკვლას ფიქრობდნენ - ბიუჯეტში დამატებითი თანხების მიღებას და გამწვევ კომისარიატებში კორუფციის შემცირებას. კანონის ამოქმედებით ხაზინაში ცოტაოდენი ფული მაინც შევიდა - მართალია, არც იმდენი, რამდენსაც ვარაუდობდნენ, მაგრამ გამწვევ განყოფილებებში ტოტალურმა კორუფციამ საგრძნობლად იკლო. შესაბამისად, გადავადების თანხის გაათმაგების შემთხვევაში, დიდია რისკი, რომ გამწვევი განყოფილებები კვლავ იქცევიან გარიგებების არენად, მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” წარმომადგენელი შალვა თადუმაძე:

[შალვა თადუმაძის ხმა] “არა, ამით კორუფცია დაინერგება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გადასახადი იქნება. ორასლარიან მოსაკრებელზე ე.წ. კომისარიატები არ ვაჭრობდნენ და ეხლა ამ თანხაზე ივაჭრებენ. მეორე, როცა დიდი რესურსი იქნება გასაწვევი და ცოტა იქნება ჯარში წასაყვანი, ჯარში ის წავა, ვინც ფულს არ გადაიხდის.”(სტილი დაცულია)

ფულს კი საქართველოში არ იხდიან ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ოჯახის შვილები. მიუხედავად პრეზიდენტ სააკაშვილის არაერთი განცხადებისა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი მათი ოჯახის წევრების სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება იქნებოდა, ქართულ არმიაში დღესაც არ მსახურობენ მაღალი თანამდებობის პირთა შვილები. აქ რეზერვისტებს არ ვგულისხმობთ, რადგან სამხედრო სამსახურის ეს ფორმა ერთგვარ ექსკლუზიურ პრივილეგიად იქცა მმართველი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათი ადმინისტრაციული რესურსისათვის. მაგრამ ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას არ იზიარებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა. თუმცა პარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ პირველი გაწვევის დროს უსიამოვნო სიურპრიზებსაც ჰქონდეს ადგილი:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] “რა თქმა უნდა, კორუფციის საშიშროება ყოველთვის არსებობს ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს პროცესი მაქსიმალურად არის გამჭვირვალე, ამაში ჩვენი კომიტეტიც იღებს მონაწილეობას. გვაინტერესებს პროცესი როგორ დაიწყება და პირველი ეფექტების ხილვის შემდეგ მოგახსენებთ, როგორი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას.”(სტილი დაცულია)

ანუ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველაფერი ისეა, როგორც ერთ ქართულ ანდაზაშია. საპარლამენტო კომიტეტიდან კანონპროექტი მალე პარლამენტის დარბაზში გადაინაცვლებს და თუ პარლამენტი სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს, “წიწილების დათვლა” უკვე კარს მომდგარი საშემოდგომო სამხედრო გაწვევისას მოხდება. ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც გაიგებს ხალხი, თუ ვინ არის საქართველოში ისეთი მდიდარი ადამიანი, პოლიტიკასა თუ ბიზნესში, ვისაც შვილის სამხედრო სამსახურში გაშვებას 2000 ლარის გადახდა ურჩევნია. თანაც, იმ დროს, როდესაც ქართული არმია, ოფიციოზის განცხადებით, ფეხზე დგება და ძლიერდება.
XS
SM
MD
LG