Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელები გაერთიანების დღეს აღნიშნავენ


3 ოქტომბერს გერმანიაში ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ. ასეა უკვე მე-15 წელი - მას შემდეგ, რაც 1990 წლის 3 ოქტომბერს ბოლო მოეღო ორი გერმანიის არსებობას.

ჩვენს მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ გერმანიის გაერთიანებას წინ უძღოდა ბერლინის კედლის დაცემა - ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა; დღეები, როცა გერმანელებმა დროებით მაინც დაგვავიწყეს (ვის დროებით, ვის სამუდამოდ დაგვავიწყეს!) კლიშე მათი თავშეკავებულობის შესახებ; როცა მთელმა მსოფლიომ ტელეეკრანებზე იხილა, რა ხდებოდა ქუჩებში, როგორ იცინოდნენ, ცეკვავდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ ადამიანები. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ეიფორიაც, კარგა ხანია, გაანელა გაერთიანების შემდგომმა სირთულეებმა, დღეს უკვე სარეკორდო მაჩვენებელზე ასულმა უმუშევრობამ.

ბერლინის კედლის აღდგენა, შესაძლოა, არავის უნდოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ გაერთიანება მხოლოდ დადებით ემოციებს არ იწვევს...

და მაინც - გერმანიაში გაერთიანების დღეს ზეიმობენ. [ვოლფგანგ ტირზეს ხმა] “1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანელებს აუხდათ სურვილი, რომელიც ათწლეულების მანძილზე არ დაუკარგავთ: ქვეყანა მშვიდობიანად გაერთიანებულიყო და გერმანელებს ერთიან, დემოკრატიულ და სოციალურად სამართლიან სამართლებრივ სახელმწიფოში ეცხოვრათ“. ეს სიტყვები გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ ტირზემ წარმოთქვა საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც დღეს პოტსდამში გაიმართა. წელს გერმანიის ამ ქალაქმა უმასპინძლა გაერთიანებისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებებს.

თუ პოტსდამის ქუჩებში ხალხი ზეიმობდა: ღია ცის ქვეშ დადგმული წარმოდგენებით, კონცერტებით ტკბებოდა, კაფეებსა და რესტორნებში ძალას იკრებდა, საზეიმო ოფიციალურ შეკრებაზე (გერმანიის უძველესი კინოსტუდიის - ბაბელსბერგის დარბაზში) გერმანიის პოლიტიკური ელიტა შეიკრიბა. პირველ რიგში ისხდნენ კანცლერი შრიოდერი, მისი მთავარიპოლიტიკური მეტოქე, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ანგელა მერკელი, პრეზიდენტი ჰორსტ კიოლერი და ყოფილი პრეზიდენტი რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი. თუნდაც ეს სცენა ცხადჰყოფს, რომ პოლიტიკურ ელიტაში მწვავედ დაპირისპირებულ ძალებსაც კი აერთიანებს პოზიცია გერმანიის გაერთიანების საკითხში.

მაგრამ ერთსულოვნება პოლიტიკურ ელიტაში სუფევს, რაც შეეხება რიგით გერმანელებს, ხალხს...

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო “დოიჩე პრესეაგენტურის” ცნობით, გერმანელების 84 პროცენტი დადებითად აფასებს გაერთიანებას, მაგრამ დასავლეთგერმანელების 32 პროცენტი ერთხელაც არ ყოფილა გერმანიის იმ ნაწილში, რომელსაც ადრე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ერქვა.

“ბევრი ვერ ხვდება, რამდენად გაუცხოებული არიან ადამიანები დასავლეთსა და აღმოსავლეთშიო”, ამბობს ქრისტიან-დემოკრატი რაინერ ეპელმანი, თავად - აღმოსავლეთგერმანელი, რომელიც ამ 15 წლის წინ, ჯერ კიდევ გაყოფილ გერმანიაში, ადამიანის უფლებების დამცველებს მიეკუთვნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ ტირზემ კი გაერთიანებული გერმანიის პრობლემებზე უფრო კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა.
[ტირზეს ხმა] “ჩვენ ვნახეთ, რომ ცხოვრების დონის გათანაბრებას დასავლეთსა და აღმოსავლეთში, რასაც კონსტიტუცია მოითხოვს, გაცილებით მეტი ძალა, მონდომება და დრო სჭირდება, ვიდრე 1990 წელს ვიმედოვნებდით და, ზოგჯერ, ამაში საკუთარი თავის დარწმუნებას ვცდილობდით. მაგრამ პესიმისტები რასაც უნდა ამბობდნენ, ფაქტია, რომ აღმოსავლეთში ბევრი მიღწევა გაკეთდა. არის საგულისხმო წარმატებები: მაგალითად, გედეერში გაჩანაგებული, ნგრევის პირას მისულ ქალაქების რესტავრაცია, საკომუნიკაციო სისტემის, გზების მოდერნიზება... მოქმედებს ბევრი კონკურენტუნარიანი საწარმო, ზოგი - მდიდარი ტრადიციების მქონე, ბევრი კი - სრულიად ახალი. მაგრამ ის, რასაც “საყოველთაო აღმავლობას” ვეძახით - ჯერ კიდევ არ ჩანს. მძიმეა ვითარება, უწინარეს ყოვლისა, შრომის ბაზარზე. უმუშევრობის მაჩვენებელი გაერთიანებიდან 15 წლის შემდეგ აღმოსავლეთში, საშუალოდ, 18,4 პროცენტს შეადგენს და თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე დასავლეთში.”

ვოლფგანგ ტირზემ პოტსდამში, გერმანიის პოლიტიკური ელიტის წინაშე გამოსვლისას სხვა პრობლემებიც დაასახელა. თუმცა, ეჭვს არ იწვევს, რომ მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც უმუშევრობა რჩება. ამ მხრივ მაინც, გერმანიასა და საქართველოს შორის დიდ მსგავსებაზე შეიძლება ლაპარაკი და ვინც უნდა გახდეს გერმანიის კანცლერი (ამჟამად, 18 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ცნობილია, მმართველ კოალიციაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს) მას უწინარეს ყოვლისა უმუშევრობის შემცირებაზე ზრუნვა მოუწევს. ზრუნვა პრობლემაზე, რომელიც ორჯერ უფრო მძიმედ აწევს აღმოსავლეთს, ვიდრე დასავლეთ გერმანიას და ეს გაერთიანებიდან 15 წლის შემდეგ.

დაბოლოს, კიდევ ერთი ინფორმაცია გერმანიაზე - კერძოდ კი ზეიმზე, რომელსაც გერმანიის გაერთიანების დღეზე გაცილებით უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ეს გახლავთ სახელგანთქმული “ოქტობერფესტი” - მსოფლიოს უდიდესი სახალხო ზეიმი, რომელიც წელს უკვე 172-დ გაიმართა მიუნხენში: 17 დღის მანძილზე, მასში 6,1 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. და კიდევ ერთი, ალბათ, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაჩვენებელი: “ოქტობერფესტის” სტუმრებმა 6 მილიონი ლიტრი ლუდი დალიეს!
XS
SM
MD
LG