Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის გაზის იმპორტის საკითხი მოსკოვში უნდა გადაწყდეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მომავალი წლის დასაწყისიდან რუსეთის გაზთან ერთად საქართველოს, შესაძლოა, ყაზახეთის ბუნებრივი აირიც მიეწოდოს.

ამის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ყაზახეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება. საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, თუმცა ამ შემთხვევაში გაზის ტრანსპორტირებაზე მხოლოდ საქართველოსა და ყაზახეთს შორის შეთანხმება არ არის საკმარისი და აუცილებელია რუსეთის დასტური, რადგან ბუნებრივი აირის ტრანზიტი რუსეთის გავლით და მათსავე მილსადენით უნდა განხორციელდეს.

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ორდღიანი თბილისური ვოიაჟის მთავარ შედეგად, უდავოდ, საქართველოსათვის გაზის მოწოდების თაობაზე შეთანხმება უნდა ჩაითვალოს. აღნიშნული პროექტი შეიძლება 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს, თუ, რა თქმა უნდა, მოხერხდა რუსეთის დაყოლიება, რათა მან ყაზახეთს ბუნებრივი აირის იმპორტისათვის საკუთარი მილსადენის გამოყენების ნება დართოს.

ენერგორესურსებით მდიდარი ყაზახეთისათვის, რომლის სრულიად ბუნებრივი ამბიციაა უახლოეს მომავალში მსოფლიოში ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ათეულში შევიდეს, მნიშვნელოვანია საქართველოს პორტების მეშვეობით დასავლეთის ბაზარზე გასასვლელი, ჩვენთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ალტერნატიული ენერგორესურსები. ამ საერთო ინტერესებმა სააკაშვილისა და ნაზარბაევის შეხვედრებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა. ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოში უკანასკნელად 10 წლის წინ იყო, შესაბამისად, მისი ამჟამინდელი ვიზიტი ამ ინტერესების თანხვედრაზე აშკარა მინიშნებად შეიძლება მივიჩნიოთ.

ყაზახური გაზის იმპორტის შესახებ შეთანხმების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ზამთარი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იქნება პირველი, როდესაც ქვეყანას ენერგოდეფიციტი არ ექნება. მიხეილ სააკაშვილმა ყაზახეთთან დაკავშირებით ისტორიული პარალელიც გაავლო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დღეს იმ ყივჩაღების შთამომავლები ისევ გვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და იმ იარაღით, რომელიც ყველაზე ეფექტურია – ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა და ეკონომიკური ინვესტიციები.“

გაზის იმპორტზე სააკაშვილი და ნაზარბაევი კი შეთანხმდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რუსეთის დასტურის გარეშე პროექტს ჩაშლლა ემუქრება, რადგან საქართველოსა და ყაზახეთს პირდაპირი გაზსადენი არ აკავშირებს და ყაზახური ბუნებრივი აირის იმპორტი უნდა განხორციელდეს რუსული სატრანზიტო მილსადენით, რომლის გამოყენებაზეც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა მოგვცეს თანხმობა. ამჟამად საქართველოსათვის სწორედ ამ მილით გაზის უალტერნატივო მომწოდებელი რუსეთია, რომელმაც ”კეთილი ნება” უნდა გამოიჩინოს და თავის გაზთან ერთად საკუთარ მილში ყაზახური ”ცისფერი ოქრო” გაატაროს. საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობის ფონზე ამის მიღწევა ჩვენი ხელისუფლებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია. სამაგიეროდ, რუსეთის დაყოლიება შედარებით ადვილია ყაზახეთისათვის, რომლის პრეზიდენტიც საჯაროდ გვპირდება, რომ რუსეთთან საერთო ენას გამონახავს:

[ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] "ჩვენ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას რუსეთთან, რომლის ტერიტორიაზეც გადის ტრანზიტი და რომელთანაც ბევრი საერთო სარფიანი პროექტი გვაკავშირებს."

ამდენად, საბოლოოდ, ყაზახური გაზის საქართველოში იმპორტის ბედი ისევ მოსკოვში უნდა გადაწყდეს და თუ ყივჩაღთა შთამომავლები რუსების დაყოლიებას შეძლებენ, მომავალი წლიდან საქართველოს ბუნებრივი აირის ნანატრი ალტერნატიული წყარო გაუჩნდება.
XS
SM
MD
LG