Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ დაძლია სიღარიბე საქართველომ?


”ხელისუფლებამ უკანასკნელად გაიმარჯვა”, ”ბელარუსი ხავერდოვანი რევოლუციის მოლოდინში”, ”რას გააკეთებს ”ანტისოროსი” საქართველოში”,

”რატომ ვერ დაძლია სიღარიბე საქართველომ” - თემატიკის თვალსაზრისით ქართული პრესა დღეს მრავალფეროვანი გახლავთ.

მაშ ასე, რატომ ვერ დაძლია სიღარიბე საქართველომ? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გაზეთ ”რეზონანსის” კორესპონდენტი ექსპერტებს მიმართავს. ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია სიღარიბის ერთ-ერთ მიზეზზე, ინვესტიციების სიმცირეზე, საუბრობს. კერძოდ, ექსპერტის აზრით: ”საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის ორი მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს - უმაღლეს ხელისუფლებაზე დამოკიდებული სასამართლო სისტემა და საგადასახადო კოდექსი, რომელსაც, გამარტივების მიუხედავად, იმდენი ქვენორმატიული აქტი მოჰყვა, მისი აღსრულება კიდევ უფრო მძიმე გახდა”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია. პუბლიკაციის ავტორი კი დასძენს: ”სიღარიბის ზღვარი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან უმუშევრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდება. საქართველოში ორი მილიონი შრომისუნარიანი ადამიანია. ორი მილიონიდან კონტრაქტით დასაქმებული იყო 750 ათასი ადამიანი. აქედან 300 ათასი სახელმწიფო სექტორში მუშაობდა”, - წერს ”რეზონანსი”.

”სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი ოქრუაშვილს უპირისპირდება” - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”ალია” ინტერვიუს ყოფილ პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძესთან, რომელიც ამბობს: ”...შეიარაღებული ძალები არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს სჭირდება, არ პასუხობს იმ რეალობას, რისი უფლებაც დღეს საქართველომ შეიძლება თავის თავს მისცეს და, რაც მთავარია, არც იმედს იძლევა, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობის ხელში დაემსგავსოს რამეს”, - აცხადებს ”ალიასთან” საუბრისას სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი.

გაზეთი ”24 საათი” პირველ გვერდზე აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ბელორუსიის ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატ ალექსანდრ მილინკევიჩთან. ”ბელარუსი ხავერდოვანი რევოლუციის მოლოდინში” - ასეთი გახლავთ პუბლიკაციის სათაური, რომელშიც ვკითხულობთ: ”მილინკევიჩი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ძალა ერთიანობაშია და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა შეიქმნას ოპოზიციის საარჩევნო შტაბები, ჯერ - დედაქალაქში, შემდეგ - ყველა რეგიონში. ამ შტაბებში კი სხვადასხვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ. შემდგომი ნაბიჯი არის შემუშავება პროგრამისა, რომელიც არა მილინკევიჩის, არამედ ერთიანი ოპოზიციის პროგრამა იქნება და რომლითაც ლიდერი ხალხის წინაშე წარდგება”, - წერს გაზეთი. ბელორუსიის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ”24 საათთან” საუბარში ამბობს: ”ამის შემდეგ კი ჩვენ ძალზე რთული ბრძოლა გველის, რადგან ბელარუსში ოპოზიციისთვის ტელევიზიისკენ, რადიოსკენ გზა ჩაკეტილია. ჩვენი მთავარი მიზანი წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებაა და იმედი გვაქვს დამოუკიდებელი პრესის, რომლის რაოდენობაც ბოლო პერიოდში ორჯერ შემცირდა. ამას გარდა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ იატაკქვეშა გაზეთების გამოშვებას”, - აცხადებს ალექსანდრ მილინკევიჩი, ბელორუსიის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

”რას გააკეთებს ”ანტისოროსი” საქართველოში?” - სვამს კითხვას გაზეთი ”ახალი თაობა”, რომლის კორესპონდენტიც წერს: ”ანტისოროსი” შეიძლება ჩაითვალოს პირველ ანტიგლობალისტურ ორგანიზაციად, რომელიც შეიქმნა გლობალიზაციის რელსებზე შემდგარ საქართველოში. ...შესაძლოა, ”ანტისოროსმა” სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს სოროსის პარტიას, მაგრამ მისი შექმნის ფაქტიც კი საკმარისია იმის მისანიშნებლად, რომ საქართველოში ყველას არ უხარია სოროსის მმართველობა”. პუბლიკაციის დასასრულს ”ახალი თაობის” ჟურნალისტი ასკვნის: ”საქართველომ ერთი ნაბიჯით წაიწია საკუთარი თვითმყოფადობის გადასარჩენად. ბოლოს და ბოლოს, დასავლეთ ევროპაშიც უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის მიერ ხავერდოვნად ოკუპირებულ აღმოსავლეთ ევროპაში ყველა მოხალისე არ არის და იტალიელებზე, ინგლისელებზე, ესპანელებსა და ფრანგებზე ნაკლებად არ იბრძვიან ეროვნულობის შესანარჩუნებლად”, - წერს გაზეთი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG