Accessibility links

რამდენად გულწრფელია საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი?

  • ნინო როდონაია

წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის თავისთავად დადებითი ფაქტი კვლავ გაუგებრობის მიზეზად რჩება. პარლამენტი, რომელმაც მთავრობას საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი უნდა დაუმტკიცოს,

მინისტრთა კაბინეტისგან დეტალურ განმარტებებს ითხოვს.
26 მილიონი ლარით წლევანდელი ბიუჯეტის გაზრდის დასაბუთება ეჭვს იწვევს საპარლამენტო ოპოზიციაში, რომელსაც, უმრავლესობისგან განსხვავებით, მთავრობის გულწრფელობის არ სჯერა.

წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის დამტკიცება პარლამენტმა სექტემბრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მთავრობის თხოვნით გადადო, რადგან ფინანსთა მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამჯერად გარკვეული პირობა თავად პარლამენტს აქვს: თუ მომავალ კვირას სხდომაზე მთავრობა სრული შემადგენლობით არ გამოცხადდება, დეპუტატები საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს კენჭს არ უყრიან. ამასთან, ოპოზიცია პროექტის ხელახალ დეტალურ განხილვას თავად საპარლამენტო კომიტეტებში მოითხოვს და მიზეზად შინაარსის რადიკალურად შეცვლას ასახელებს. უმრავლესობის წარმომადგენლები, კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძე განმარტავს, რომ პროექტი მისი თავდაპირველი ვარიანტისგან რადიკალურად არ განსხვავდება და არც პარამეტრები შეცვლილა:

[ბეჟან ბუცხრიკიძის ხმა] "მაგრამ იმ პარამეტრებში შიგნითაა რაღაც დახვეწილი. ზოგი უფრო ფართოდაა წარმოდგენილი, ზოგი - უფრო ვიწროდ." (სტილი დაცულია)

საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებულ საბოლოო დასკვნას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ხუთშაბათს, მთავრობის წევრთა დეტალური განმარტებების მოსმენისას, გამოიტანს.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის 26 მილიონი ლარით გაზრდა გადაწყვიტა, პარლამენტისთვის წარსადგენი შესაბამისი პროექტი მეორედ შეიცვალა. ბიუჯეტის ზრდის მთავარ წყაროდ დასახელებული დამატებითი ღირებულების გადასახადით მიღებული შემოსავალი ამჟამინდელ ვარიანტში 41 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდის მთავრობისეული არგუმენტის გამო სერიოზული ეჭვი პროექტის პირველი ვარიანტის გამოქვეყნებისას გაჩნდა. კერძოდ, ის, რომ ხელისუფლება წლევანდელი ბიუჯეტისთვის 26 მილიონის დამატებით ცდილობს უკანონოდ უკვე გაწეული ხარჯების ლეგალიზებას. პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატი ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესი არ მიმდინარეობს, მთავრობა კი რიცხვებით მანიპულირების პრაქტიკას მიმართავს:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] "საბიუჯეტო პროცესი ეს არის ქვეყნის არსებობის საფუძველი. შეიძლება ითქვას, ქვეყნის საფინანსო კონსტიტუცია. ყველა კირკიტაძე ხომ არ არის, თქვას, რომ 26 მილიონი დამატებითი არის, ესე იგი, კარგია, ტაში დავუკრათ. ადამიანებს არ შეიძლება არ ესმოდეთ ის საგანგაშო სიღრმისეული პროცესები, რომელიც, სამწუხაროდ, ამ სფეროშიც მიმდინარეობს. და, რაც მთავარია, საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო ორგანიზაციები არ უნდა ხუჭავდნენ თვალს იმ უმსგავსობაზე, რომელიც ამ სფეროში არის." (სტილი დაცულია)

საბიუჯეტო ცვლილებების პირველი ვარიანტისადმი კრიტიკული შენიშვნები უმრავლესობასაც ჰქონდა, რის გამოც პროექტი მთავრობას დაუბრუნდა. მისგან ხელმეორედ მიღებული, შესწორებული ვარიანტის შინაარსმა კი ჯერჯერობით პასუხი ვერ გასცა თავად უმრავლესობის წარმომადგენელთა შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ სად რა იზრდება ან იკლებს და რატომ. მიუხედავად ამისა, პარლამენტის სახელისუფლებო ნაწილი ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტის მეორე ვარიანტს პირველზე გაცილებით გულწრფელს უწოდებს. მთავრობის მიერ წლევანდელი ბიუჯეტისთვის 26 მილიონი ლარის გულწრფელად დამატებაში, დამაჯერებელი არგუმენტების არარსებობის გამო, ეჭვი ეპარება საპარლამენტო ოპოზიციას. ივლიანე ხაინდრავა უმრავლესობის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისგან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მაინც გათავისუფლდნენ:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] "მე, უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ როდესაც პარლამენტი დაიწყებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას, ასეთი ტიპის საკითხები დაისმება უფრო მწვავედ, მათ შორის - სახელისუფლო ძალების შიგნით. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც პერიფერიული პროცესი." (სტილი დაცულია)

არაპერიფერიული პროცესის შემდგომი ეტაპი დაიწყება 20 ოქტომბრიდან, როდესაც საპარლამენტო კომიტეტები დაასრულებენ მომავალი წლის სამმილიარდიანი ბიუჯეტის პროექტის განხილვას და, შენიშვნებით, მთავრობას დაუბრუნებენ.
XS
SM
MD
LG