Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მონაცემებით, აფხაზეთში უძრავი ქონება ძვირდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესა არა მხოლოდ სტალინის გადასვენების საკითხზე მსჯელობს, არამედ იმაზეც, თუ რა ბედი ელის „საბჭოთა ხალხის“ პირველი მეგობრის სახელთან დაკავშირებულ უძრავ ქონებას.

გასული კვირის ბოლოს რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა სტალინის აგარაკი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს და რომლის მფლობელიც დღეს, დასავლურ პრესას თუ ვენდობით, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. გაგაცნობთ რუსეთის პრესის ერთ-ერთ პუბლიკაციას.

3 ოქტომბრის „გაზეტას“ თუ ვენდობით, აფხაზეთში უძრავ ქონებაზე ფასი მატულობს. როგორც „გაზეტა“ წერს, თუ 2000 წელს გაგრაში სახლის ყიდვა 500 დოლარად იყო შესაძლებელი, დღეს ასეთივე სახლი გაგრაში უკვე 10 ათასი დოლარი ღირს. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას აფხაზეთში აქტიურად ყოდულობენ. მათ არ აჩერებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებამდე ყიდვა-გაყიდვის ნებისმიერი აქტი უკანონოა. მეტიც - უძრავი ქონების გაყიდვას უკვე სოხუმის ხელისუფლებაც შეუდგა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით, სტალინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აგარაკი გაგრის მახლობლად რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ოლეგ დერიპასკამ, 10 მილიონ დოლარად შეიძინა.

როგორც „გაზეტა“ წერს, სტალინის აგარაკის შესახებ ხმები რამდენიმე თვეა ცირკულირებს. ცოტა ხნის წინ აფხაზურმა პარლამენტმა აგარაკის გაყიდვა გადაწყვიტა და მინიმალური ფასიც განსაზღვრა - 10 მილიონი დოლარი. სტალინის აგარაკის გაყიდვის პირველი წარუმატებელი მცდელობა 2004 წელს იყო - მაშინ ვლადისლავ არძინბამ აგარაკის 9 მილიონად გაყიდვის წინადადებით მიმართა პარლამენტს, თუმცა პარლამენტარები არ დათანხმდნენ. ცოტა ხნის წინ კი რაულ ხაჟიმბამ განუცხადა სოხუმში გამომავალ „ნუჟნაია გაზეტას“, რომ აგარაკს იმ ადამიანს ან კომპანიას მიჰყიდიან, ვინც მზად იქნება ინვესტიციის ჩასადებად.

ოლეგ დერიპასკას მიერ სტალინის აგარაკის ყიდვას არ ადასტურებს აფხაზური პარლამენტი. რუსი ოლიგარქის პრესსამსახური არც ადასტურებს და არც უარყოფს ახალი შენაძენის ფაქტს.

თუმცა აგარაკის გაყიდვის ვერსიის სასარგებლოდ ერთი რამ მეტყველებს: „გაზეტას“ ცნობით, ბოლო დღეებში აგარაკზე ტურისტებს აღარ უშვებენ. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ნებისმიერ მსურველს, 50 დოლარის გადახდის შემდეგ, შეეძლო ღამე გენერალისიმუსის საწოლში გაეტარებინა.
XS
SM
MD
LG