Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტის სტუმრობა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბ-ბინაში


ოთხშაბათს პრაღაში ჩვენი რადიოს შტაბ-ბინას ესტუმრა ერაყის პრეზიდეტი ჯალალ თალაბანი,

რომელიც სიტყვით გამოვიდა რადიოს თანამშრომლების თანამშრომლებისა და სტუმრების წინაშე. სხვა საკითხებთან ერთად თალაბანიმ ისაუბრა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესახებ და ერაყიდან უცხოეთის შეიარაღებული ძალების წასვლის პერსპექტივებზე.

[თალაბანის ხმა] "ყველა ერაყელი თანასწორია და დიქტატურა ჩვენთან ვერავითარი ფორმით ვეღარ იარსებებს. ჩვენი ეს მისწრაფება გვაქცევს იმ ტერორისტებისა და ბნელი ძალების სამიზნედ, რომელთაც არ შეუძლიათ შეეგუონ კიდევ ერთ დემოკრატიას."

დიქტორი: ეს გახლდათ ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი. მისი თქმით, ერაყის მთავრობა იმედოვნებს, რომ ერაყის კონსტიტუციის პროექტის თაობაზე რეფერენდუმი, რომელიც 15 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი, მოსახლეობის მხარდაჭერას მოუპოვებს ხელისუფლებას და ხელს შეუწყობს მეამბოხეთა და ტერორისტთა დაძლევას.

რეფერენდუმზე კონსტიტუციის მოწონების შემთხვევაში, მიმდინარე წლის ბოლოს ერაყში გაიმართება პირველი კონსტიტუციური მთავრობის არჩევნები.

ამასთან, თალაბანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ არის პანაცეა და მას ყველა პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. მაგრამ იგი ხელს შეუწყობს რეჟიმის სტაბილურობას და ერაყელი ხალხის ნების განმტკიცებას.

თალაბანი შეეხო ერაყში უცხოეთის შეიარაღებულ ძალთა ყოფნის ვადებსაც. მისი თქმით, ჯერჯერობით ძალზე ნაადრევია სამშვიდობო ძალების გაყვანაზე საუბარი. ეს კიდევ უფრო გააძლიერებდა მეამბოხეთა წინააღმდეგობას.

დაბოლოს, ერაყის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ჩვენი რადიოს არაბულენოვანი სამსახურის, "რადიო თავისუფალი ერაყის" საქმიანობას, რომელმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამდე ბევრად ადრე, 1998 წლიდან დაიწყო ერაყში მიმდინარე მოვლენების გაშუქება.

[თალაბანის ხმა] "1998 წლიდან მოყოლებული რადიო თავისუფალი ერაყი ღრმა, შეულამაზებელი და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნლოვანი წყარო იყო ერაყელი ხალხისთვის, რომელიც სადამ ჰუსეინის დიქტატურის პირობებში ცხოვრობდა."

ეს გახლდათ ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი, რომელიც ჩვენი რადიოს შტაბ-ბინას ესტუმრა ოთხშაბათს. თალაბანი 3 ოქტომბერს ჩამოვიდა ჩეხეთის რესპუბლიკაში სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად. ეს მისი პირველი მოგზაურობაა ევროპაში მას მერე, რაც აპრილში პრეზიდენტად იქნა არჩეული.
XS
SM
MD
LG