Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთის ენერგორესურსებზე


ევროპის კავშირმა და რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგეს ურთიერთდაახლოებისკენ.

სამშაბათს ლონდონში გამართულ სამიტზე ორმა მხარემ მიაღწია მთელ რიგ შეთანხმებებს, რომლებიც არსებული ბარიერების შესუსტებას შეუწყობს ხელს. მათ შორისაა ახალი სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება. ამასთან, სამიტისმა აჩვენა, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთის ენერგორესურსებზე.

ექსპერტების საყოველთაო აზრით, ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ გაუმჯობესების გზაზეა.

ლონდონში გამართულ სამიტზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენდა, და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზი იმას გაუსვეს, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავება ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება.

ბლერმა მოსკოვთან ურთიერთობაში გამოყო სამი პრიორიტეტული მიმართულება: ენერგია, ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიტერორისტული საქმიანობა.

[ბლერის ხმა] "ჩვენს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზნებისთვის. ის, რასაც, ფაქტობრივად, ვესწრაფით ევროპაში, არის ის, რომ სამომავლოდ უზრუნველვყოთ ჩვენი ენერგიის მარაგები... და გავუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ორგანიზებული დამნაშავეობა და ტერორიზმი."

სამშაბათის შეხვედრის შემდეგ ბლერს ჟურნალისტებმა უხერხული შეკითხვები დაუსვეს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული.

მართლაც, ევროპაში მოხმარებული ნავთობის დაახლოებით ნახევარი და გაზის ერთი მესამედი ან პირდაპირ რუსეთიდან, ან მის გავლით მიედინება დასავლეთისკენ.

სამიტის მასპინძლისგან განსხვავებით ჟურნალისტებმა მოსკოვის მიმართ კრიტიკა არ დაიშურეს არც იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი თავისი ენერგოპოლიტიკით ცდილობს ზეწოლა აწარმოოს კავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე, მაგალითად, პოლონეთზე. იგულისხმება ახალი გაზსადენი, რომელიც პოლონეთს გვერდს უვლის.

ამგვარ ბრალდებებს ბლერი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, უფრო მართებული იქნებოდა საუბარი საერთო ინტერესებზე, ვიდრე ურთიერთდამოკიდებულებაზე.

რუსეთის პრეზიდენტი მით უმეტეს არ ეთანხმება მისი ქვეყნის მიმართ ბრალდებებს. მან განაცხადა, რომ ენერგორესურსებით ვაჭრობის სფეროში რუსეთის პოლიტიკა "ნორმალურია და მისი წინასწარ განჭვრეტა შეიძლება."

[პუტინის ხმა] "ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ როგორც რუსეთი, ისე ევროკავშირი, რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან ენერგოდიალოგის განვითარებით. შეგახსენებთ, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, ევროპის კავშირის ზოგიერთი წევრი, გაზის მოთხოვნილებების 90 პროცენტს ფარავს რუსეთის ნახშირწყალბადის მეშვეობით. 90 პროცენტს. და ჯერჯერობით არავის დაუჩივლია. ყველა კმაყოფილია."

სამიტზე პუტინმა არაორაზროვნად მოითხოვა, რომ მისი ქვეყანა ევროპის კავშირმა თანასწორუფლებიან პარტნიორად განიხილოს.

რუსეთისთვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს სამშაბათს ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის გაადვილების თაობაზე.

მართალია, ამას ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ევროკავშირის კანონების თანახმად, სავიზო საკითხებში ვეტოს უფლების გამოყენება არ შეიძლება.

სამიტიდან ერთი დღის შემდეგ, ოთხშაბათს, ლონდონში გაიმართა ბლერისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა, რომელიც ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს აგრეთვე დიდი ბრიტანეთის სავარაუდო როლზე ჩრდილოევროპული გაზსადენის მშენებლობაში, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით დააკავშირებს რუსეთს დასავლეთ ევროპასთან.

ჩვენმა რადიომსმენელმა კარგად უწყის, რას ნიშნავს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. რას ნიშნავს ეს ევროპისთვის, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. საუბარი შეიძლება მხოლოდ ტენდენციაზე: ევროპელი ლიდერები პრაგმატული მოსაზრებებით ცდილობენ თავი აარიდონ უხერხულ თემებს - მაგალითად, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს - და, როგორც ტონი ბლერმა თქვა, განსხვავებებზე კი არა, საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.
XS
SM
MD
LG