Accessibility links

logo-print

თბილისში ბუნებრივი აირის გამანაწილებელი სისტემის რეორგანიზება დაიწყო


თბილისის მუნიციპალურმა საწარმომ ”თბილგაზმა” მუშაობის გაუმჯობესების მიზნით რეორგანიზება გადაწყვიტა და კომპანიის სადისტრუბუციო ქსელის 16 ნაწილად დაშლა გამოაცხადა.

დაყოფა განხორციელდება დედაქალაქის უბნების მიხედვით და ამ უბნებში არსებული ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო სისტემა მართვის უფლებით კერძო კომპანიებს გადაეცემა. რატომ გადაწყვიტა ”თბილგაზის ხელმზღვანელობამ” კომპანიის რეორგანიზება, იმოქმედებს თუ არა ეს გაზის ტარიფზე და ბუნებრივი აირის მოწოდების სტაბილურობაზე ამის შესახებ კახა მჭედლიძე გესაუბრებათ.

უამრავი დირექტორისა თუ მმართველი კომპანიის გამოცვლის მიუხედავად თბილგაზის მოწესრიგება ვერაფრით მოხერხდა. აი რას ამბობენ ბუნებრივი აირის საფასურის გადასახდელად რიგში ჩამდგარი მოქალაქეები.

[თბილგაზის მომხმარებელთა ხმა] ”აი ეს ახლები რომ მოვიდნენ აქედან დაიწყო არეულ-დარეულობა... მთელი ქალაქი აქ მოვდივართ და უნდა გენახათ რამხელა რიგი იყო... ეს არის საქმე? ყველას რაღაც საჩივარი აქვს!”

მომხამრებლების მომსახურების გასაუმჯობესებლად, დანაკარგების შესამცირებლად და ზარალის ნაცვლად მოგების მისაღებად “თბილგაზის” ხელმძღვანელობამ საწარმოს 16 ლოტად დაშლა და აუქციონზე გატანა გადაწყვიტა. “თბილგაზის” გენერალური დირექტორის გიორგი გვიჩიანის კომენტარი:

[გიორგი გვიჩიანის ხმა] ”ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს თბილისში, დიდ დიღომს, ვარკეთილს, მუხიანს კერძო კომპანიები ემსახურებიან და მათი მაჩვენებლები არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე თბილგაზის მაჩვენებელი. თბილგაზი დარჩება მსხვილ გადამყიდველად.”

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ დიდ დიღომში მოქმედი კერძო სადისტრიბუციო კომპანიის მიერ მოხმარებული გაზის საფასურის ამოღება 90 პროცენტის ტოლია, მაშინ როდესაც თავად თბილგაზი 60 პროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევასაც გაჭირვებით ახერხებს.

იმისთვის რომ თანხების ამოღება კონტრაქტორი კომპანიებიდანაც არ გაუჭირდეს, თბილგაზი წვრილი დისტრიბუტორებისგან თანხის წინასწარ გადახდას მოითხოვს. სხვა ყველა საკითხი მოლაპარაკების საგანია, მათ შორის ამოღებული თანხიდან თბილგაზისა და გამანაწილებელი კომპანიის წილი. უცვლელი დარჩება ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი არგადამხდელთა გათიშვის პრინციპიც, თუ ვინმე ამ პრინციპის შეცვლის ინიციატივით არ გამოვიდა. ამჟამად არგადამხდელი მომხმარებლის გამო, მისი მეზობელი კეთილსინდისიერი გადამხდელებიც ისჯებიან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გზით. ასევე ხელუხლებელი დარჩება სამომხმარებლო ტარიფიც.

[გიორგი გვიჩიანის ხმა] ”სამომხმარებლო საბოლოო ფასი იქნება 26,5 თეთრი.”

გიორგი გვიჩიანმა ეს ახალი ინიციატივა 5 ოქტომბერს ბიზნესმენთა ფედერაციაში შეკრებილ მეწარმეებს გააცნო. ბიზნესმენები სერიოზულად დაინტერესდნენ როგორც ტენდერში მონაწილეობის პირობებით, ასევე გაზის მოწოდების სტაბილურობით. გვიჩიანის განცხადებით ”თბილგაზსა” და ”გაზექსპორტს” - ”გაზპრომის” შვილობილ კომპანიას შორის გაზის მოწოდების შესახებ მოქმედებს ხელშეკრულება, რომლის ვადა 1 იანვარს იწურება. რა იქნება შემდეგ - ძნელი სათქმელია, რადგან, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ დასრულებულა. არადა, ამ საკითხის გარკვევაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ის, იქნება თუ არა ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში.

როგორც ცნობილია, ზამთრის პერიოდში საქართველოს ელექტრომომარაგების ძირითადი წყარო თბილისის თბოელექტროსადგურია, რომელიც ბუნებრივი აირით მუშაობს. თბილსრესის მომარაგება კი ”თბილგაზმა” ითავა. მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე თბილსრესი გაზს 65 დოლარად მიიღებს.

გამომუშავებული ელექტროენერგიის 100-პროცენტიანი შესყიდვის შესახებ კი საქართველოს მთავრობასა და “რაო-ეესის” ხელმძღვანელს შორის 4 ოქტომბერს ხელშეკრულება გაფორმდა. ამის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას ელექტროენერგიით სრულფასოვან მომარაგებას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG