Accessibility links

რა ემუქრება და რა დაიცავს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას

  • ნინო როდონაია

ოთხშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი კვლავ ქართულ-ოსური კონფლიქტისადმი ცალმხრივი პოზიციის გამო გააკრიტიკა. მოსკოვთან ურთიერთობა და საქართველოს

ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განსაკუთრებული ყურადღების საგანია. თავად ამ დოკუმენტის შექმნას საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ მიღწევად და ქვეყნის განვითარების საფუძვლად აფასებს. მინდა მოგითხროთ კონცეფციით განსაზღვრულ რამდენიმე დებულებაზე, რომელმაც, ავტორთა აზრით, სახელმწიფოებრივი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პირველი კონცეფციის პრინციპებს ქვეყნის პარლამენტმა მხარი ჯერ კიდევ ივლისში დაუჭირა, ოქტომბერში კი დოკუმენტი დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა. უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ოფიციალური ავტორი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ,,ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც დაიწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის განვითარების ფუძემდებელ დოკუმენტს.” (სტილი დაცულია)

უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის განმარტებებს კონცეფციის ზოგად შინაარსთან დაკავშირებით ზაფხულში დეპუტატთა დიდ ნაწილი განსაკუთრებული ინტერესის გარეშე ისმენდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. კონცეფციის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ღირებულებებს წარმოადგენს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, მშვიდობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ქვეყნის კეთილდღეობა. ეროვნულ ინტერესთა შორისაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული ერთობა და რეგიონული სტაბილურობა, მიზნებს შორის კი - ნატოსა და ევროკავშირის წევრობა:

[გიორგი არველაძის ხმა] ,,კონცეფცია არის ქვეყნის მიერ დეკლარირებული პოზიცია და ძალიან პრინციპული კურსის ჩამოყალიბება. დღეს საქართველო მყარად დგას თავის კურსზე, დასავლურ ორიენტაციაზე, მიზანზე, რომ მოახდინოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. პოზიცია მეზობელ სახელმწიფოებთან არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. რუსულ ბაზებთან დაკავშირებით, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საქართველოს დღეს აქვს პრინციპული პოზიციები, რასაც არ შეცვლის.” (სტილი დაცულია)

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძისგან განსხვავებით, კონცეფციის მიხედვით განსაზღვრული ზოგიერთი პრინციპის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ის, თუ როგორ არის აღწერილი საქართველოს ურთიერთობა მის უშუალო მეზობლებთან, განსაკუთრებით სომხეთთან. კონცეფციის მიხედვით გამოდის ასე, რომ რა ვქნათ, ჩვენი მეზობელია და უნდა ვითანამშრომლოთ. სრულიად არაადეკვატური მიდგომა არის. ასეთი მიდგომებით უშუალო მეზობელთან ურთიერთობის აგება არ შეიძლება.” (სტილი დაცულია)

კონცეფციის მიხედვით, საქართველოს სომხეთთან პრაგმატული თანამშრომლობა აკავშირებს. საგულისხმოა, რომ ამ დებულების გამო სომხეთში გარკვეული უკმაყოფილება უკვე გამოითქვა, ადგილობრივმა ანალიტიკოსებმა კი საქართველო რეალობის მცდარ შეფასებასა და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის დამკვიდრებული სტერეოტიპის ტყვეობაში დაადანაშაულეს. კონცეფციის მიხედვით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია, რუსეთთან კი - მეზობლობისა და თანასწორობის პრინციპზე დამყარებულ თანამშრომლობას ვესწრაფვით. საგულისხმოა, რომ კონცეფციის თავდაპირველ ვარიანტში უშუალო საფრთხეთა შორის საერთაშორისო ტერორიზმთან ერთად რუსული სამხედრო ბაზებიც იყო დასახელებული, თუმცა ბაზებთან დაკავშირებული შეთანხმების შემდეგ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში რუსმა სამხედროებმა ,,რისკის კატეგორიაში” გადაინაცვლეს. რაც შეეხება კონფლიქტებს, კონცეფციის მიხედვით, ცხინვალის პრობლემის მოგვარება პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას უნდა დაეფუძნოს, აფხაზეთისა კი - ბოდენის დოკუმენტად წოდებულ პრინციპებს. კონცეფციის ეს ნაწილი ექსპერტთა დიდ ნაწილს არ აკმაყოფილებს. თუმცა, საერთო ჯამში, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნას დოკუმენტის კრიტიკოსებიც კი მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ და მას შემდგომი მუშაობის საფუძვლად მიიჩნევენ. შემდგომ პროცესს თავად კონცეფცია განსაზღვრავს და კონკრეტულ სტრუქტურებს ზოგადი პრინციპების მიხედვით სამოქმედო გეგმების შექმნას ავალდებულებს.
XS
SM
MD
LG