Accessibility links

logo-print

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ანგარიშგასაწევი ამერიკული ორგანიზაცია შედის


დღეს საღამოს, დაახლოებით ნახევარ საათში, საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში საზეიმოდ გაიხსნება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ”AIG-საქართველო”.

კომპანია ამერიკული ორგანიზაციის ევროპული განშტოების ფილიალია. ვინაიდან, საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობით, ფილიალს სადაზღვევო საქმიანობის წარმოების უფლება არ ჰქონდა, “AIG-საქართველოს” ბაზარზე შემოსვლას დაზღვევის კანონის შესწორებაც კი დასჭირდა. საკანონმდებლო ცვლილებები 2005 წლის გაზაფხულზე განხორციელდა. სწორედ ამ დროიდან იწყება “AIG-საქართველოს” საქმიანობაც.

“AIG-საქართველომ” რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილში გაიარა, დაზღვევის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიები კი 27 მაისს მიიღო, ასე რომ, დღევანდელ ცერემონიალს მხოლოდ სიმბოლური, პრეზენტაბელური ხასიათი აქვს.
”AIG”, ანუ ამერიკის საერთაშორისო ჯგუფი, მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს. იგი საერთაშორისო დაზღვევისა და ფინანსური მომსახურების წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს. ”AIG-საქართველო” “AIG”-ის ევროპული განშტოების ფილიალია და, შესაბამისად, პირველია ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების იმ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებს შორის, რომელთაც საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ფილიალის სტატუსით საქმიანობის უფლება მიეცათ.

[ეკა წერეთლის ხმა] ”AIG თავისთავად არის ძალიან ავტორიტეტული კომპანია. არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში შემოვიდა და საქართველოში შეუძლია გაუწიოს კონკურენცია, არამედ საერთოდ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადაზღვევო კომპანიაა, ამერიკული კომპანია. თავისთავად შესაძლებელია რაღაც კონკურენციის გარკვეული საფუძვლები არსებობდეს და იქნება კიდეც, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია.”

როგორც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკა წერეთელი შენიშნავს, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი მზარდი, განვითარებადი და, შეაბამისად, კონკურენტუნარიანია. AIG ამ ბაზარზე რიგით მეთვრამეტეა, რეიტინგით კი, ალბათ, პირველი. თუმცა ამ შეფასებას გარკვეულწილად აზუსტებს სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ მირზაშვილი:

[გურამ მირზაშვილის ხმა]”რომელ რეიტინგზეა საუბარი? ეი-აი-ჯის, რასაკვირველია, აქვს ”სტანდარტ ენდ პუარის” საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც არის ძალიან მაღალი, რასაკვირველია, და ამ თვალსაზრისით არ შეიძლება ეი-აი-ჯის შედარება ქართულ კომპანიებთან., იმიტომ რომ ქართულ კომპანიებს არანაირი რეიტინგი არ შეიძლება ჰქონდეთ. რომც მოვინდომოთ და რომ, დავუშვათ, ღირსნიც ვიყოთ, ვერავითარ რეიტინგს ვერ მივიღებთ ვერასოდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება კომპანიის რეიტინგი ქვეყნის რეიტინგზე მაღალი იყოს. და ქვეყანას, საქართველოს, ჯერ არანაირი რეიტინგი არა აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, შედარება არ შეიძლება.”

არსებული ინფორმაციით, ”ეი აი ჯი - საქართველო” საქართველოს ბაზრით დავოსში ეკონომიკურ სამიტზე საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. მოლაპარაკებებს კომპანიასთან პირადად სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე აწარმოებდა. როგორც გურამ მირზაშვილი შენიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა კომპანია ქართულ კომპანიებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა:

[გურამ მირზაშვილის ხმა]”მათ არ ეთხოვებოდათ თავიდან არც კაპიტალი, არც ზედამხედველობა, არც ანგარიშგება, არაფერი, რაც ქმნიდა სერიოზულ პრობლემას მომხმარებელთან. ქართველი მოქალაქე, რომელიც დაეზღვეოდა ეი-აი-ჯიში, ძალიან საეჭვოა, რომ მას როდისმე რამე სასამართლო დავა მოეგო, ან როდისმე რამე თანაბარ პირობებში ყოფილიყო . ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა. ამ ბრძოლის შედეგად მიაღწია ბაზარმა იმას, რომ შედარებით თანაბარ პირობებში ჩააყენა ეი-აი-ჯი.”


გურამ მირზაშვილის თქმით, ”ალდაგი” სოლიდური, ანგარიშგასაწევი კონკურენტის ბაზარზე გამოჩენას მიესალმება. “ AIG- საქართველო” 11 სადაზღვევო ლიცენზიის მფლობელია. მათ შორისაა საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა, ტვირთების, ქონებისა და ფინანსური რისკების დაზღვევა, უბედური შემთხვევისა და ავადმყოფობისგან დაზღვევა, პროფესიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. კომპანიას ჯერჯერობით არ გამოუთქვამს სურვილი ისეთ სფეროში საქმიანობისა, როგორიცაა საპენსიო უზრუნველყოფისა და სიცოცხლის დაზღვევა, ავტომოტოსავალდებულო დაზღვევა და სხვ.
XS
SM
MD
LG