Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევრები და პენსიონერები ახალ მოძრაობას უერთდებიან


საქართველოს უმუშევარ მოქალაქეთა და პენსიონერთა უფლებების დაცვის მოძრაობამ ჭერქვეშ გადაინაცვლა. თუკი აქამდე დაუსაქმებელი თუ სამსახურებიდან ბოლო დროს

მასობრივად დათხოვნილი ადამიანები ერთმანეთს სამშაბათობით პუშკინის სკვერში ხვდებოდნენ, ამიერიდან ისინი ოთხშაბათობით ზემელზე, კინოს სახლში, შეხვდებიან. დარბაზში თავშეყრის შანსი მათ მოძრაობა ”წინ, საქართველომ” მისცა. უფლებების დამცველი ახალი მოძრაობის არსებობა ბევრმა უმუშევარმა და პენსიონერმა ჯერ კიდევ არ იცის.

სულ რაღაც ერთი თვის წინათ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება, თუმცა მის ყურადღებას მაინც ვერ იმსახურებს. უმუშევართა საინიციატივო ჯგუფის მიერ წამოყენებული კონსტიტუციური ულტიმატუმის ვადა 27 სექტემბერს ამოიწურა. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აგვიგდო აბუჩად, - ასეთია უმუშევართა საინიციატივო ჯგუფის საორგანიზაციო კომიტეტის დასკვნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ახლად დაარსებული მოძრაობა უკან დახევას არ აპირებს და ხელისუფლებას ვადაგასული ულტიმატუმის ვადაგაუსვლელ მოთხოვნებს უფრო მკაცრად შეახსენებს:

(გია ბერძენიძის ხმა) ”ან ჩვენ მივიღებთ სამუშაო ადგილებს ღირსეული ანაზღაურებით, ან ჩვენ და ყველა მეანაბრეს საქართველოში დაგვიბრუნდება სახელმწიფოს მიერ წაგლეჯილი დანაზოგები (შეტანის მომენტისათვის მყარი ვალუტის შესაბამისი ეკვივალენტით), ან ჩვენი და საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს საარსებო მინიმუმს, ან ეს ხელისუფლება აღარ იქნება.” (სტილი დაცულია)

ეს გია ბერძენიძეა, უმუშევართა საინიციატივო ჯგუფის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ახლად დაარსებულ მოძრაობას ზეპარტიულს უწოდებს და მხარდაჭერას ყველგან ეძებს:

(გია ბერძენიძის ხმა) ”ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი იმის შესახებ, რომ ყველანი - ნებისმიერი პარტიის, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერი სარწმუნოების წარმომადგენლები - დამდგარიყვნენ ჩვენს გვერდზე, რათა მოგვეთხოვა და გვეიძულებინა ხელისუფლებისათვის ომის ვეტერანების, შრომის ვეტერანების, უბრალო პენსიონერების მოთხოვნების დაკმაყოფილება. აგრეთვე იმ უმუშევართა არმიის დასაქმება, რომლებიც ასე უმოწყალოდ გაყარეს სამსახურებიდან.” (სტილი დაცულია)

საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, უმუშევართა მოძრაობამ დაახლოებით 2000 უფლებაშელახული ადამიანის ყურადღება უკვე დაიმსახურა. მათ შორის, რამდენიმე ათეული საგანგებო აქტიურობასაც იჩენს. ადვილი შესამჩნევია, რომ ასეთები ერთ დროს მოწონებულ ვარდებით მოსულ ხელისუფლებას უკვე ძალიან უბრაზდებიან. მაგალითად, ომის ვეტერანი, 81 წლის შოთა სიმონის ძე ტომარაძე:

(შოთა ტომარაძის ხმა) ”მეგონა, რომ ჩვენი ხალხის სოციალური ცხოვრების პირობები გაუმჯობესდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა, ბატონებო. ისევ ის 45 ლარი დამრჩა, რომელიც წამლის და პურის ფულად არ მყოფნის.” (სტილი დაცულია)

შოთა ტომარაძის მსგავსად, ოთხშაბათს კინოს სახლში ხელისუფლების გულგრილობასა და არაკომპეტენტურობაზე კიდევ არაერთმა გამწარებულმა ადამიანმა ისაუბრა. ეს უმუშევართა და პენსიონერთა უფლებების დამცველი მოძრაობის პირველი შეხვედრა იყო - ჭერქვეშ. ამიერიდან კი ყოველ ოთხშაბათს, 3-დან 5 საათამდე, კინოდარბაზი ელოდება ყველას, ვინც თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად, დაჩაგრულად და უფლებაშელახულად მიიჩნევს. დარბაზს მათთვის საზოგადოებრივი მოძრაობა ”წინ, საქართველო” ქირაობს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი, იმედოვნებს, რომ უმუშევართა გაერთიანების პროცესი თანდათან უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს:

(ირაკლი ბათიაშვილის ხმა) ”სოციალური უსამართლობის პოლიტიკაზე იყო დაფუძნებული წინა ხელისუფლების პოლიტიკა. დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეს და შეგვიძლია ამას ვუწოდოთ სოციალური გენოციდის პოლიტიკა. ხვალ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ უფრო დიდ დარბაზში - გაცილებით მეტი, ზეგ - კიდევ უფრო მეტი. ძალა არის ერთობაში და ამ ძალით ჩვენ მივაღწევთ გამარჯვებას. დიდი მადლობა (ისმის ტაში).” (სტილი დაცულია)

თუმცა უმუშევართა მოძრაობა, როგორც მისი აქტივისტები ამბობენ, დარბაზებში შეხვედრებსა და მწვავე გამოსვლებით გულის მოოხებას არ დასჯერდება. ჭერქვეშ შემუშავებული ზუსტი სამოქმედო გეგმით, გაბრაზებული ადამიანები კვლავაც ღიაცისქვეშ გადანაცვლებითა და მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG