Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყოველთაო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები ავღანეთში


ავღანეთში დღეს გამოაცხადეს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები. ეს არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართა,

შედეგები კი დღეს, ანუ თითქმის სამ კვირაში გახდა ცნობილი, თან შედეგები ორად ორ პროვინციაში, მაშინ როცა ავღანეთი 34-ტ პროვინციას ითვლის. მაგრამ საარჩევნო პროცესი იოლი არ არის ქვეყანაში, რომლიდანაც ლამის ყოველ დღე იუწყებიან ძალადობის შესახებ. ავღანეთში არჩევნების შესახებ ცნობებში ლაპარაკია დარღვევებზეც. მათ შემოწმებას დრო დასჭირდება, რის გამოც საბოლოო ოფიციალური შედეგები ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.

მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, დღეს გამოქვეყნდა ავღანეთში 18 სექტემბრის არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები. გაერო-ავღანეთის ერთობლივი საარჩევნო კომისიის პრეს-მდივანმა, ალიმ სიდიყმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა: [სადიყის ხმა] “ხმების დათვლის დასრულების შემდეგ გამოვაცხადეთ შედეგები სამხრეთი ავღანეთის ორ პროვინციაში - ნიმროზისა და ფარაჰის პროვინციებში. ვვარაუდობთ, რომ შევძლებთ ავღანეთის 34-ვე პროვინციაში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მომდევნო 7 დღის მანძილზე. თითოეულ პროვინციაში იქნება 5-დღიანი პერიოდი შედეგების გასასაჩივრებლად. თუ საჩივარი არ იქნება, წინასწარ შედეგებს გაერო-ავღანეთის ერთობლივი საარჩევნო ადმინისტრაციული უწყება დაამტკიცებს”.

საარჩევნო ადმინისტრაციული უწყების პრეს-მდივანმა წეღან აღნიშნა, რომ ავღანეთში ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. მაგრამ ეს არ ეხება, ასევე პრეს-მდივნის თქმით, დალუქულ საარჩევნო უბნებს: [სადიყის ხმა] “დარღვევების გამო დავლუქეთ მრავალი საარჩევნო ყუთი ავღანეთის რამდენიმე რაიონში. საქმე ეხება ინციდენტებს, რომლებსაც ადგილობრივი მასშტაბი აქვს. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იყო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით მანიპულაციის ან გაყალბების მცდელობა, რაც, თავისთავად, კარგი ნიშანია. გაერო-ავღანეთის ერთობლივმა საარჩევნო ადმინისტრაციულმა უწყებამ ამ ეტაპზე გადაწყვიტა, ხმების დათვლის პროცესში არ ჩართოს 299 საარჩევნო უბანი, სადაც აშკარაა, რომ კენჭისყრის მანიპულაცია მოხდა.”

კენჭისყრის მანიპულაციის გამო საარჩევნო უბნების დალუქვაში, ირწმუნება საარჩევნო ადმინისტრაციული უწყების პრეს-მდივანი, საგანგაშო არაფერია. [სადიყის ხმა] “ავღანეთში 27 000-მდე საარჩევნო უბანია. იმ საარჩევნო უბნების რიცხვი, რომლებიც დაილუქა, დაახლოებით, 4 პროცენტს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს სავსებით ნორმალურია ავღანეთისნაირ პოსტკონფლიქტურ გარემოში და არ ახდენს გავლენას კენჭისყრის დამაჯერებლობაზე. კვლავინდებურად ვაპირებთ, დავადგინოთ არჩევნების შედეგები დალუქულ საარჩევნო უბნებში ისე, რომ არჩევნების დამაჯერებლობას არაფერი დააკლდეს”.

მაგარმ არჩევნების დამაჯერებლობაზე, დარღვევებსა და საორგანიზაციო საქმეებზე საუბარში, რასაკვირველია, შედეგები არ უნდა დავივიწყოთ... ნიმროზისა და ფარაჰის პროვინციებში არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობენ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ოპონენტები, ასევე საველე მეთაურები. გარდა ამისა, ორივე პროვინციაში, თითო-თითო მანდატი ეკუთვნის კანდიდატ ქალებს.

გამარჯვებულების ვინაობას და სხვა დეტალებს ავღანეთში 18 სექტემბრის საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე დროთა განმავლობაში შევიტყობთ: ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდება.
XS
SM
MD
LG