Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ხერხდება სტიქიური უბედურების დროული პროგნოზირება


სულ ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა მექსიკის ყურეში დატრიალებულ ტრაგედიას, როცა ძლიერმა ქარიშხალმა საცხოვრებელი სახლები დაანგრია,

ხოლო კალაპოტიდან გადმოსულმა ტბისა და ოკეანის წყლებმა ათასობით ჰექტარი დატბორა. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლის მოახლოების თაობაზე მთავრობამ ადამიანები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. არადა, აშკარაა, რომ მოსახლეობის დროული ინფორმირება და, შესაბამისად, დროული ევაკუაცია ზარალისა და მსხვერპლის შემცირების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. რამდენად კარგადაა აწყობილიდროული წინასწარი შეტყობინების მექანიზმი საქართველოში, რომლის დასავლეთ ნაწილში კვლავ მძვინვარებს სტიქია?

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ყველაზე მეტად ზღვის პირას მდებარე დასახლებები დაზარალდა. წყალმა დატბორა ქალაქი ფოთი, ხოლო აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიერში, ზღვის ტალღებმა ორი საცხოვრებელი სახლი დაანგრია. გამძვინვარებულმა სტიქიამ არც ჩოხატაურის რაიონის სოფელ წიფნაგვარში მცხოვრები ადამიანები დაინდო: ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ხუთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ერთი სიტყვით, ვერ მოხერხდა მსხვერპლისა და ზარალის თავიდან აცილება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას ამინდის გაუარესების თაობაზე. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯემალ დოლიძე ამბობს, სახელმწიფო სამსახურები ამინდის პროგნოზსა და მდინარეებში წყლის დონის ცვლილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებენ:

[ჯემალ დოლიძის ხმა] „არის ყოველდღიური ბიულეტენები, რომელშიც არის ინფორმაცია გასული და მომავალი სამი დღის ამინდის პროგნოზის შესახებ, ასევე მონაცემები, დაკავშირებული მდინარეებში წყლის დონის ცვლილებასთან. ეს ინფორმაცია ეგზავნება როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს და სხვა სამსახურებს.“

თუმცა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღებაც შეუძლიათ. საქმე ის არის, რომ საქართველოს კოსმოსური სააგენტო, მიერთებულია რა რუსი კოლეგების სერვერზე, ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით აკვირდება საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს. პროფესორ გიორგი აბურჯანიას თქმით, ტერიტორიის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში წარმოებს:

[გიორგი აბურჯანიას ხმა] „უწყვეტად ვაწარმოებთ საქართველოს ტერიტორიის მონიტორინგს. რომელ წერტილში რა ხანძრებია, რა მდგომარეობაშია ტყეები, მეწყრების რაოდენობა, წყლის, თოვლის რაოდენობა... მუდმივი კონტროლი გვაქვს, მიუხედავად მწირი დაფინანსებისა.“ (სტილი დაცულია)

მაგრამ ერთია, ფლობდე ინფორმაციას და სულ სხვა, რეაგირებდე ამ ინფორმაციაზე. ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა საგანგებო ვითარების დროს რეაგირების ერთიანი გეგმის გარეშე მოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრიდონ სადუნიშვილი ამბობს, რომ სულ რაღაც ერთ თვეში დღის სინათლეს იხილავს ეგრეთ წოდებული ეროვნული რეაგირების გეგმა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება წინასწარი შეტყობინების მექანიზმის ამუშავებას დაეთმობა:

[ფრიდონ სადუნიშვილის ხმა] „ჩვენ სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეფექტური ვერ იქნებოდა. ექვს თვეში ამ სისტემის შექმნა ძნელია და ამიტომ დასახვეწად ჩვენ მოვიფიქრეთ მექანიზმი, თუ რა და როგორ უნდა იყოს. გვექნება ახალი სისტემა , დაახლოებით ისეთივე, როგორიც არის განვითარებულ და ევროპის წამყვან ქვეყნებში, ანუ ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ძალიან მალე იქნება და მისი მექანიზმიც დამუშავდება.“ (სტილი დაცულია)

ფრიდონ სადუნიშვილის თქმით, ახალი ტიპის სამაშველო სამსახურები ადგილობრივი სახანძრო რაზმების ბაზაზე შეიქმნება, ხოლო სისტემის ეფექტურობას ერთიანი კომპიუტერული ქსელი უზრუნველყოფს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG