Accessibility links

დაიწყება თუ არა საქართველოში ”საინვესტიციო წვიმა”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მაღალი რანგის დელეგაცია სტუმრობდა. ამ ვიზიტებიდან ქვეყანა, პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა,

ეკონომიკურ პარტნიორობას და ინვესტიციებს ელის. ამ დღეებში საქართველოში უხვად გაიცა დაპირებები კაპიტალის დაბანდების თაობაზე. რამდენად რეალურია დაგეგმილი პროექტების რეალიზაცია და ელის თუ არა საქართველოს უახლოეს მომავალში ”საინვესტიციო წვიმა”?
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს, პირველ რიგში, ინვესტიციების მოზიდვა დაავალა. მისი განცხადებით, იმ საელჩოს ელჩი, რომელიც ვერ შემოიტანს საქართველოში ინვესტიციას, თანამდებობაზე დიდხანს ვერ გაჩერდება. ”ჩვენ გვინდა ეკონომიკური ინვესტიციები და საქართველოში აუცილებლად უნდა ჩაიდოს ფული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც ჩანს, ელჩებმა ამ დავალების შესრულება დაიწყეს, თუმცა ყველაზე მეტი გარჯა, ამ მხრივ, მაინც პრეზიდენტს უწევს.
ამ დღეებში თბილისს, ერთმანეთის მიყოლებით, 3 სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები სტუმრობდნენ. გარდა ამისა, საქართველოში იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ყველა ამ ვიზიტს, მეტ-ნაკლები მასშტაბით, თან ახლდა საინვესტიციო და ეკონომიკურ პროექტებზე სერიოზული მსჯელობა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად ნაყოფიერი ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი იყო. გარდა ამისა, საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის ფარგლებში იტალიელმა ბიზნესმენებმა ქართული ტურისტული და საბანკო ინფრასტრუქტურით დაინეტერესება გამოხატეს. ტრანსპორტი, კომუნიკაციები და საბანკო სფერო გახლდათ საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმის ძირითადი თემაც. მიმდინარე კვირა ამგვარი ფორუმებით გადატვირთული აღმოჩნდა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო მსოფლიო კაპიტალისათვის მიმზიდველი ქვეყანა ხდება და უახლოეს მომავალში ქვეყანაში სერიოზულ კაპიტალდაბანდებებს უნდა ველოდეთ.
მართლაც, საქართველოში აუცილებლად ჩაიდება ყაზახური ინვესტიციები. იტალიელმა მეწარმეებმა, შესაძლოა, ჩადონ ფული ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, შეიძლება შეიძინონ მეტალურგიული კომბინატიც, ერთ დროს ქართული ინდუსტრიის ”მშვენება”, და თავიანთი ბანკების წარმომადგენლობაც გახსნან თბილისში. ლატვიამ, არ არის გამორიცხული, ტელეკომუნიკაციების სექტორში განახორციელოს ინვესტიცია. მაგრამ ყოველივე ეს იქნება, პირველ რიგში, პოლიტიკური ჟესტი - მნიშვნელოვანი, მაგრამ ცალკეული კაპიტალდაბანდება და არა მასობრივი პროცესი. ძნელია, ხელისუფლებას ინვესტიციების მოზიდვის მცდელობა არ დაუფასო - ეს მონდომება, უდავოდ, გამოიღებს კონკრეტულ შედეგს, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტნიორების მხრიდანაც არსებობს შემხვედრი ინტერესი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის კეთილსაიმედოობის პირველადი ნიშანი და ძნელია ამ ეტაპზე ”საინვესტიციო წვიმის” სახე მიიღოს. კაპიტალისათვის პოლიტიკური კონიუნქტურა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ქვეყანაში ბიზნესგარემოს შესაფასებლად ამ ფაქტორს მხედველობაში იღებენ, თუმცა, ამის გარდა, სხვა პარამეტრებს უფრო ექცევა ყურადღება. სხვათა შორის, ამ პარამეტრების მიხედვით, საქართველო ბევრით ვერაფრით დაიკვეხნის - უფრო პირიქით, ბევრ გამოკვლევაში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით უგანდას, მონღოლეთის, მადაგასკარის, ნამიბიის და მსგავსი ქვეყნების ”კოჰორტაში” მიგვიჩენენ ხოლმე ადგილს. კაპიტალს - მით უფრო, მსხვილ კაპიტალს - აქვს უნიკალური თვისება: ის, სახელმწიფოს მეთაურთა და დიპლომატთა მოწოდებების მიუხედავად, ბუნებრივად მიილტვის იქით, სადაც ყველაზე უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოა, სადაც კერძო საკუთრებას პატივს სცემენ, სასამართლოებს ენდობიან და გადასახადებით არ ახრჩობენ. ამგვარი გარემო კი საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.
XS
SM
MD
LG