Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


612-ე გამოშვება


დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რა არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; შემოგთავაზებთ მასალას სტალინური ტერორის დროინდელ ნაკლებად ცნობილ მოვლენებზე; ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ ინტერვიუ გერმანიის საფეხბურთო გუნდ "სანკტ-პაულის" მოთამაშესთან, ხვიჩა შუბითიძესთან; გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით გამოჩენილ ტენორ ლუჩანო პავაროტის შესახებ, რომელსაც ამ დღეებში 70 წელი უსრულდება.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

რა არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

ბიძინა რამიშვილი:
საქართველომ ოფიციალურად მიიღო და უცხოელ დიპლომატებსაც წარუდგინა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. მსოფლიოში არ არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს, ასეთი კონცეფცია საიდუმლო უნდა იყოს თუ არა, ან სულაც უნდა ჰქონდეს ის ქვეყანას თუ არ უნდა გააჩნდეს. გერმანიას, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია დღემდე არა აქვს და იქ ახლა იწყებენ მასზე მუშაობას. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეროვნული უსაფრთოხების კონცეფცია კანონად აქციეს, პარლამენტში დაამტკიცეს და შემდეგ სხვა კანონების შეცვლაც მოუხდათ კონცეფციის კვალად. საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას განვითარების ფუძემდებელ დოკუმენტად მიიჩნევენ. დავით პაიჭაძის სიუჟეტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის რამდენიმე, აქამდე ჩრდილში მყოფ ასპექტს განმარტავს.

დავით პაიჭაძე:
ქართულ მედიაში უკვე არაერთხელ აღწერეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სტრუქტურა: შესავალი, საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები, უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

რა განსხვავებაა ღირებულებებსა და ინტერესებს შორის? ამ კითხვის პასუხამდე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პირველად სწორედ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ოფიციალურად ახსენა ღირებულების ცნება და განაცხადა, რა წარმოადგენს ფუნდამენტურ ღირებულებას ქვეყნისთვის. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე დიდხანს მუშაობდნენ, მარტი ის რად ღირს, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს კონცეფციის 8 განსხვავებული ვარიანტი არსებობდა, მათ შორის, უაღრესად სერიოზული და ძალიან სასაცილოც. წარმოიდგინეთ, როცა ფუნდამენტურ ღირებულებათა რიგს ქართული სამზარეულოს მიღწევებს აკუთვნებდნენ. დღეს სახელმწიფო აცხადებს, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და უსაფრთხოებაა ქვეყნის ფუნდამენტური ღირებულებები.

ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, დავით დარჩიაშვილი უსაფრთხოებისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების საკითხთა კვლევის დროს, წლების მანძილზე, ყოველთვის აღნიშნავდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საჭიროებას სახელმწიფოსათვის. ახლა, როცა ასეთი კონცეფცია უკვე არსებობს, მე ვეკითხები დავით დარჩიაშვილს, რამდენად ადეკვატურად არის დოკუმენტში გაცნობიერებული ის, რასაც კონცეფციაში საფრთხეები, რისკები და გამოწვევები ეწოდება?

[დარჩიაშვილის ხმა] “ამ კონცეპტუალური დოკუმენტის დონეზე კარგად არის დაფიქსირებული ბევრი რამ. უბრალოდ, თავიდანვე ჩემი სურვილი იყო, რომ საფრთხეები, რისკები და გამოწვევები უკეთ ყოფილიყო გამიჯნული. რამდენად სწორია მათი რანჟირება, ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, ვინაიდან, რისკი, ჩემი აზრით, არის ობიექტური რეალობა, რომელიც შეიძლება გადაიქცეს საფრთხედ. საფრთხე კი არის სუბიექტური მოთამაშის ბოროტი ნება, მიმართული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ანუ, რისკი არის, დავუშვათ, ის, რომ ირანს აქვს ატომური რეაქტორი, ხოლო საფრთხე არის ირანის პოლიტიკოსების განზრახვა ან განცხადება, რომ მზად არიან, გამოლიყენონ ატომური იარაღი მეზობლის წინააღმდეგ”.

რაც გაკეთდა, მაინც ძალიან მნიშვენლოვანია, ამბობს დავით დარჩიაშვილი, საქართველოში ნამდვილად გადადგეს ნაბიჯი სტრატეგიული აზროვნების კულტურის ჩამოსაყალიბებლად.

მაგრამ დავიბრუნდეთ ღირებულებათა და ინტერესთა განსხვავების საკითხს; დავით დარჩიაშვილი ამ განსხვავებას ასე განმარტავს:

[დარჩიაშვილის ხმა] “კატეგორია ღირებულება ბევრად უფრო სტაბილური და გრძელვადიანი რამ არის. ინტერესი კი ძალიან არის დამოკიდებული კონკრეტულ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ვითარებაზე. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ნავმდვილად არ არის ბევრად უმნიშვნელო, ვიდრე კონსტიტუცია”.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღირებულება არის ის, რის დასაცავად იომებ და თავსაც შეაკლავ, ხოლო ინტერესთა დაცვასა და რეალიზებას ომი ყოველთვის არ სჭირდება. ინტერესებს ხანდახან სურვილებში ურევენ. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ საქართველომ ოფიციალურად სთხოვა რუსეთს, განესაზღვრა მისი ინტერესი კავკასიაში. სამი თვის შემდეგ პასუხად მიიღო ე.წ. Wish List, სურვილთა ჩამონათვალი, რომელშიც “გაზპრომის” ინტერესიც იყო გათვალისწინებული. თუმცა, შესაძლოა, “გაზპრომისა” და რუსეთის სახელმწიფო ინტერესები ემთხვეოდეს კიდეც.

კონცეფციაზე მუშაობისას ბევრი მომხრე ჰყავდა აზრს, რომ ფუნდამენტურ ღირებულებად მასში ილია ჭავჭავძის ტრიადა “მამული ენა, სარწმუნოება” შესულიყო, ან რაიმე სახით, მართლმადიდებლობაც ეხსენებინათ. ეს არ მოხდა, რადგან ილიას ფორმულა მაშინ დაიბადა, როცა საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და ის სახელმწიფოს გარეშე არსებული ერის ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენდა. დღეს საქართველო სახელმწიფოა, თანაც საერო, სეკულარული, სადაც სახელმწიფო გამიჯნულია ეკლესიისაგან. სწორედ ამიტომ არ არის დოკუმენტში ნახსენები მართლმადიდებლობაც.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი.

სოღანლუღი - რეპრესირებულთა უსახელო სასაფლაო

ბიძინა რამიშვილი:
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ კომუნისტურ სივრცეში აქტიურად დაიწყეს სტალინური რეპრესიების რეალური მასშტაბების გამომზეურება. მკვლევართა ინტერესის ერთ-ერთ უმთავრეს საგანს ადამიანების მასიური დახვრეტის ადგილების აღმოჩენა-დაფიქსირება წარმოადგენდა. ასეთივე ინტერესი ქართველმა ისტორიკოსებმაც გამოავლინეს, თუმცა 90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენების გამო საქართველოში სტალინური რეპრესიებისათვის ნაკლებად ეცალათ. შესაბამისად დღეს ცოტამ თუ იცის რას აღნიშნავს თბილისის მახლობლად გზის პირას დადგმული რკინის ჯვარი. რადიო ”თავისუფლების” ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი საბჭოთა რეჟიმის მიერ განადგურებული ადამიანების ყველაზე მასიური, უსახელო სასაფლაოს შესახებ მოგითხობთ:

ალექსანდრე ელისაშვილი:
თბილისი-რუსთავის გზატკეცილის შუაწელზე, სოფელ ფონიჭალასთან დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევს გზის შორიახლოს აღმართულ საღებავგადაცლილ რკინის ორმეტრიან ჯვარს. ეს ჯვარი მტკვრისპირა ჭალასთან 15-იოდე წლის წინ აღმართეს. გაცილებით ადრე, 1930-იან წლებში კი ამ ადგილას არც გზატკეცილი იყო და არც დღევანდელივით გამალებული საავტომობილო მიმოსვლა. სატვირთო ავტომობილების ხმა აქ მხოლოდ შუაღამისას ისმოდა. საბჭოთა ”ჩეკას” სოღანლუღის მიდამოები ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების ფიზიკური განადგურების ადგილად ჰქონდა შერჩეული. მტკვრისპირა ჭალებზე ლავრენტი ბერიას უწყებამ არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, რაც თბილისის განაშენიანების კვალდაკვალ 20-იანი წლების სასაკლაო - დღევანდელი ვაკის პარკისა და ფიზკულტურული ინსტიტუტის ტერიტორია, აღარ წარმოადგენდა ქალაქგარეთს. საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ პირველად გასაიდუმლოებული სადამსჯელო ადგილის ზუსტი მდებარეობით რეპრესიების საკითხებზე მომუშავე პროფესორი გიორგი ციციშვილი დაინტერესდა. მან 90-იანი წლების დასაწყისში უშიშროების ჯერ კიდევ გაუნადგურებელ არქივებში მიაგნო გარკვეულ ცნობებს ამ ადგილის შესახებ და მათ გადამოწმებას გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ჟურნალისტთან ალეკო ასლანიშვილთან ერთად შეეცადა. ალეკო ასლანიშვილმა ჩვენთან საუბარში 15 წლის წინანდელი კვლევა გაიხსენა:

[ალეკო ასლანიშვილის ხმა] ჩავედით ფონიჭალაში, სოფელი ფონიჭალაა და ვკითხეთ იქაურ მოხუცებს თუ რამე ახსოვდათ და დაადასტურეს მართლაც, რომ აი აქ მართლაც ხვრეტდნენ ადამიანებს. გვითხრეს იმ ადგილის სახელწოდებაც - ადამ გირლან - ადამიანთა სასაკლაო, აზერბაიჯანულ ენაზე.

ჟურნალისტმა მოგვიანებით ამ აღმოჩენის შესახებ ”საქართველოს რესპუბლიკაში” სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაციას სათაურად სწორედ ”ადამ გირლან - ადამიანთა სასაკლაო” უწოდა. ამ პუბლიკაციის ეფექტი საკმაო იყო, თუმცა შემდეგ საქართველოში ცნობილი პოლიტიკური მოვლენები განვითარდა და რეპრესირებულთა უსახელო სასაფლაოსათვის დახვრეტილთა ოჯახის წევრების გარდა არავის ეცალა:

[ალეკო ასლანიშვილის ხმა] არცერთ სოფლის თავკაცს არასოდეს დაუთესია რამე, არ მოუხნავს. ყველამ იცოდა, რომ ეს იყო სასაფლაო. მაგრამ ამას შემდეგ უნდა გამოხმაურებოდა ხელისუფლება, რომ დაედასტურებინათ მართლა იქ არის სასაფლაო, თუ არა.

სასაკლაოს ადგილმდებარეობის დასადასტურებლად საჭირო იყო რამდენიმე მეტრიანი ტრანშეის გათხრა. თუმცა, როგორც ვთქვით ამისათვის გასული წლების მანძილზე ნაკლებად ეცალათ. აი, 1937 წელს კი არც უზარმაზარი საფლავების გათხრა ეზარებოდათ და არც ათასობით ადამიანის განადგურება. სხვადასხვა მონაცემებით სოღანლუღის მინდვრებში რამდენიმე თვის მანძილზე 5-დან 12 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. ალეკო ასლანიშვილმა ერთი მოხუცი ფონიჭალელის უჩვეულო მონათხრობიც გაიხსენა:

[ალეკო ასლანიშვილი] ერთადერთი შემთხვევა გვითხრეს, რომ ერთი გაიქცა ვიღაცა, დახვრეტის დროს. ღამე ხვრეტდნენ. იქ ჭალებია, მტკვრისკენ არის ჭალები და ვიღაცა დააწვა და გაიქცაო. მერე ღამე ვეღარ მიყვნენ, იმიტომ, რომ შეიძლება სხვა გაქცეულიყო და ეს გაიქცა.

ვინ იყო სასიკვდილო ტყვიას თავდაღწეული იღბლიანი ადამიანი, ან გაექცა თუ არა ჯალათებს იგი სინამდვილეში ძნელი სათქმელია. ის კი ცნობილია, რომ პროფესორ ციციშვილისა და ჟურნალისტ ასლანიშვილის აღმოჩენის შემდეგ რეპრესირებულ ადამიანთა საზოგადოება ”მემორიალმა” შემოწირული თანხით სასაკლაოს ადგილას ორმეტრიანი რკინის ჯვარი აღმართა. ამის მიუხედავად საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ თბილისი-რუსთავის გზატკეცილთან, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ღამ-ღამობით შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საპატიმროებიდან ხალხის მტრებად მიჩნეულ ადამიანებს ერეკებოდნენ და წინასწარ გათხრილ ორმოებთან სისრულეში მოჰყავდათ სასამართლო სამეულების მიერ გამოტანილი განაჩენი. ბედის ირონიით აქ ერთად ხვრეტდნენ საბჭოთა რეჟიმის რეალურ მოწინააღმდეგეებს და კომუნისტური პარტიის უერთგულეს ხელმძღვანელ მუშაკებს.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ინტერვიუ ხვიჩა შუბითიძესთან

ბიძინა რამიშვილი:
ჩვენი შემდეგი სიუჟეტი სპორტის მოყვარულებს დააინტერესებს. ეს გახლავთ ინტერვიუ გერმანიაში, ჰამბურგის "სანკტ-პაულიში" მოთამაშე ქართველ ფეხბურთელთან ხვიჩა შუბითიძესთან, რომელსაც დავით კაკაბაძე ამ რამდენიმე დღის წინათ, ჰამბურგში სტუმრობისას ესაუბრა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მათი საუბარი კლუბის სასადილოში შედგა და ხმაურიანი ფონიც ამით არის გამოწვეული. თუმცა, ვიდრე ინტერვიუს ჩანაწერს შემოგთავაზებდეთ, მოისმინეთ, როგორ აცხადებს "სანკტ-პაულის" სტადიონის დიქტორი ხვიჩა შუბითიძის სახელს და გვარს: შუბი შუბითიძე.

იხ. აუდიოვერსია.


პავაროტი 70 წლის ხდება: ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან

ბიძინა რამიშვილი:
რამდენიმე დღეში 70 წელი უსრულდება მომღერალს, რომელიც, ალბათ, თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სახეებს. მან - კეთილხმოვნებითა თუ სიძლიერით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმით -არა მარტო საოპერო სცენის დაპრყობა შეძლო, არამედ თავი გააცნო და შეაყვარა მილიონობით ადამიანს, ჩვეულებრივ სრულიად გულგრილს საოპერო ხელოვნებისადმი. მას რომ თბილისელებიც კარგად იცნობენ, დარწმუნდებით ქუჩაში ჩატარებული ბლიც-გამოკითხვით:

იხ. აუდიოვერსია.

და ჩვენც პავაროტიზე ვილაპარაკებთ. თუმცა ჩვენს ბლიც-გამოკითხვაში თბილისელებმა კიდევ ერთი მომღერალი დაასახელეს - პაატა ბურჭულაძე. და დღეს საშუალება გვაქვს, ცნობილ ქართველ ბანს, ლუჩანო პავაროტის მეგობარს მოვუსმინოთ - პაატა ბურჭულაძეს ნიუ-იორკში დაურეკა მარიამ ჭიაურელმა:

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
სახელგანთქმულ ქართველ მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, მარიამ ჭიაურელი ესაუბრა - ესაუბრა დიდ მომღერალზე, ლუჩანო პავაროტიზე, რომელსაც 12 ოქტომბერს 70 წელი უსრულდება. მასზე, სწორედ 12 ოქტომბერს, კიდევ ერთ სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ახლა კი მუსიკას მოვუსმინოთ... ლუჩანო პავაროტის, ალბათ, ყველაზე პოპულარულ ჩანაწერს - არიას პუჩინის ოპერიდან ტურანდოტი.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.

XS
SM
MD
LG