Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა


ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს ხელისუფლებამ სხვა ვალდებულებების შესრულებასთან ერთად ,,რეგიონულ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების

ევროპული ქარტიის” რატიფიცირების პირობაც დადო.
ამ დოკუმენტის ოფიციალურად ამოქმედება, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციასთან ერთად, ევროსაბჭოსადმი არსებულ ყველაზე რთულად შესასრულებელ ვალდებულებათა შორის აღმოჩნდა.

უმცირესობათა ენების ქარტიას, რომლის მიმართ საქართველოს პარლამენტს საბოლოო პოზიცია ჯერჯერობით არ ჩამოუყალიბებია, საზოგადოების ნაწილი გარკვეულ საფრთხეს უკავშირებს. რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი და როგორია საქართველოს მიერ მისი აღიარების პერსპექტივა?

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ერთი წლის განმავლობაში, ანუ 2000 წლის ბოლომდე, ხელი უნდა მოეწერა ,,რეგიონულ ან ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ქარტიისთვის” და ამ დოკუმენტის რატიფიცირება განეხორციელებინა. ეს ვალდებულება საქართველოს დღემდე არ შეუსრულებია. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ მიზეზი დოკუმენტის პირობების კარგად გააზრების სურვილია:

[დავით ბაქრაძის ხმა] ,,თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი ემსახურება ძალიან კარგ მიზანს, რაც არის ეროვნული უმცირესობების დაცვა, ამ შემთხვევაში -მათი ენის უფლებების უზრუნველყოფა. მაგრამ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან გააზრებულად და ფრთხილად უდგება ამ საკითხს. არის ევროპაში მთელი რიგი სახელმწიფოები, ტრადიციული დემოკრატიები, რომლებსაც ან არ მოუხდენიათ ამ დოკუმენტის რატიფიცირება, ან გააკეთეს გარკვეული დათქმები და თვითონ ეს დოკუმენტი იძლევა გარკვეული დათქმებისა და გარკვეული არჩევანის საშუალებას.” (სტილი დაცულია)

ქარტიის მიხედვით, რეგიონულ ან ეროვნულ უმცირესობათა ენები ნიშნავს ენებს, რომელიც განსხვავდება სახელმწიფოს ოფიციალური ენისგან და ტრადიციულად გამოიყენება ქვეყნის იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად გაცილებით პატარა ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ამ განმარტებას საქართველოს ტერიტორიაზე ათამდე სხვადასხვა ენა ექვემდებარება. ქარტიის მიზნებს შორისაა რეგიონულ ან ეროვნულ უმცირესობათა ენებზე განათლების უზრუნველყოფა, სამართალწარმოება და ხელისუფლების ადმინისტრაციული ერთეულების მიერ ამ ენების გამოყენება. მაგალითისთვის, თუ საქართველო ქარტიის რატიფიცირებას დასთანხმდება, რეგიონულ ან ეროვნულ უმცირესობათა ენებზე მოსაუბრე ადამიანებს უფლება ექნებათ ადმინისტრაციულ ორგანოებს ამ ენებზე დაწერილი განცხადება წარუდგინონ და პასუხიც ამავე ენაზე მიიღონ.
დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ საქართველო ამ დოკუმენტის რატიფიცირების გადაწყვეტილებას საბოლოოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ყველა დეტალს კარგად გაიაზრებს და ევროპაში არსებულ ანალოგიურ პრეცედენტებს დააზუსტებს:

[დავით ბაქრაძის ხმა] ,,ყველაფრის შედეგად, ამოვირჩიოთ ამ დოკუმენტიდან ისეთი მუხლები, დავაფიქსიროთ ისეთი პოზიციები, ისეთი დათქმები, რომლითაც ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს უმცირესობების ენებს, მაგრამ, ამავე დროს, მაქსიმალურად უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობას.” (სტილი დაცულია)

ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვაჟა შენგელია ამბობს, რომ ევროპულ გამოცდილებასთან დაკავშირებით მეცნიერები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულნი, თუმცა ქარტიასთან დაკავშირებული კონსულტაციებისთვის პარლამენტს ენათმეცნიერების ინსტიტუტისთვის არ მიუმართავს:

[ვაჟა შენგელიას ხმა] ,,სასურველი იყო სპეციალისტებს ენახათ ეს დოკუმენტი, ენათმეცნიერებს, რომ თავისი აზრი გამოეთქვათ. უინტერესო არ იქნებოდა მათი შეხედულება. ენის საკითხებში ჩვენ მეტი ინფორმაცია გვაქვს. ვთქვათ, ენობრივი პოლიტიკა როგორია საბერძნეთში, როგორია ბელგიაში, შვეიცარიაში, - ეს ხომ პარლამენტის ყველა წევრმა არ იცის, - როგორი ენობრივი პოლიტიკა ხორციელდება და რა საფრთხეებს შეიცავს ეს.” (სტილი დაცულია)

აზრს იმის თაობაზე, რომ ქარტიის რატიფიცირება საქართველოს გარკვეულ საფრთხეს უქმნის, ეთანხმებიან როგორც პარლამენტს მიღმა, ასევე პარლამენტშიც. მოწინააღმდეგეები ქვეყნის შემდგომი დასუსტებისა და თავად ქართველებში სეპარატისტული გამოვლინებების საშიშროებაზე მიუთითებენ, რასაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ერთგვარ სპეკულაციას უწოდებს:

[დავით ბაქრაძის ხმა] ,,ამ კონვენციის მიზანს წარმოადგენს ერთიან სახელმწიფოში უმცირესობების პატივისცემის უზრუნველყოფა. რაც შეეხება სვანურს და მეგრულს, თუ ჩვენ იქამდე მივედით, რომ მეგრელებმა და სვანებმა თავისი თავი ქართველებად აღარ ჩათვალეს და თუ იქამდე მივედით, რომ მათ საქმის წარმოება და ურთიერთობა მოითხოვეს მეგრულ და სვანურ ენაზე, მაშინ ცუდად ყოფილა საქართველოს საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო. როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს და ამ შემთხვევაში ვერანაირი ევროპა და ვერანაირი კონვენცია ვეღარ გვიშველის.” (სტილი დაცულია)

ხომ არ შეუქმნის ევროპული ქარტია საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო ენას? - ეს შეკითხვა რადიო ,,თავისუფლების” ერთ-ერთ მსმენელს ლუქსემბურგში გაუჩნდა. პარლამენტში ირწმუნებიან, რომ არა, მით უმეტეს, რომ ქართული ენის სტატუსს კონსტიტუცია იცავს.
თავად პარლამენტის კონკრეტული პირობები, ქარტიის რატიფიცირების სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხზე ამჟამად რამდენიმე კომიტეტი მუშაობს და პირობას დებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გუდაურში გამართულ სემინარზე დეპუტატთა ერთი ჯგუფის დასწრება არამიზანშეწონილად მიიჩნია იმ მოტივით, რომ ეროვნულ უმცირესობათა ენების ქარტია საჯაროდ მხოლოდ პარლამენტის საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა განიხილებოდეს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG