Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტარ გოჩა ჩახვაძის მეუღლეს სოლიდარობას უცხადებენ


პარლამენტის დეპუტატის გოჩა ჩახვაძის მეუღლე ეთერ ჭუმბურიძე, განქორწინებით დასრულებული მრავალწლიანი ოჯახური დრამის შემდეგ, საპატიმროში აღმოჩნდა.

გამოძიება მას მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს, სასამართლო კი გამოძიების დასრულებამდე სამთვიან წინასწარ პატიმრობას უსჯის. ამ საქმის მსვლელობას ათასობით ნეიტრალური ადამიანი ადევნებს თვალს. საზოგადოებისათვის სულ ერთი არ არის იმის გარკვევა, ვინ გაისროლა 4 ტყვია და, შესაბამისად, ვინ არის დაზარალებული.ამ საქმისადმი ზოგად ინტერესს გოჩა ჩახვაძის დეპუტატობა განაპირობებს. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ საქართველოში უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მკვლელი ქალების რიცხვი.

ქალთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა კვლევებითა და დაკვირვებით დასტურდება, რომ მკვლელ ქალთა რიცხვის გაზრდა ოჯახური ძალადობის პირდაპირი შედეგია. მოძალადეები სწორედ ისინი ხდებიან, ვინც წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. შესაბამისად, გვაქვს საგანგაშო სტატისტიკა: უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მკვლელი ქალების რიცხვი 25 პროცენტითაა გაზრდილი, ყოველწლიურად ქალთა საკონსულტაციო ცენტრებს დახმარებისთვის საშუალოდ 300-400 ქალი აკითხავს და, ბოლოს, საქართველოში, უდავოდ, არსებობს ძალადობის მსხვერპლ მიუსაფარ ქალთა თავშესაფრების საჭიროება. ზემოთქმულს ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე საკუთარი საქმიანობით ადასტურებს:

[ნატო შავლაყაძის ხმა]” წელიწად-ნახევარია, რაც თავშესაფარი ფუნქციონირებს და ჩვენთან მოხვდა 39 ქალი და ბავშვი. მათი ჩვენთან ყოფნის ხანგრძლივობა არის მაქსიმალური - სამი თვე, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტ ხანსაც ვტოვებთ.”

როგორც ნატო შავლაყაძე აღნიშნავს, თავშესაფარში, ძირითადად, ისეთი ქალები ხვდებიან, რომელთა ოჯახებშიც კონფლიქტები მუდმივი და, შესაბამისად, ყოვლად მოუთმენელი პროცესია და რომელთაც, ამგვარი ოჯახების დატოვების შემთხვევაში, ქუჩაში ყოფნა ემუქრებათ.

უბინაოა ქალბატონი ეთერ ჭუმბურიძეც - ეს უკანასკნელი გარემოება ფორმალურად მაინც გახდა იმის საბაბი, რომ შვილები მეუღლეების განქორწინების შემდეგ მამის სახლში დატოვეს. დედას 7 და 10 წლის ვაჟები სამი თვის განმავლობაში არ აჩვენეს, ბოლოს კი დატრიალდა სცენა, რომლის დეტალებს დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვაგვარად აღწერენ. დაცვის მხარე დაკავებულისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის უკანონობის გასაჩივრებას აპირებს. მას სოლიდარობას უწევენ ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ქალბატონ ეთერ ჭუმბურიძეს მედიის, მათ შორის, ჩვენი რადიოს მეშვეობით აწვდიან გზავნილს, რომ ის მარტო არ არის, რომ მისი საქმის დეტალები ეცნობება მრავალ ექსპერტს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც.

[ნინო ციხისთავის ხმა]”ჩვენ გვაქვს საქმე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან, ქალბატონ ეთერ ჭუმბურიძესთან, და ცალსახაა ერთი რამ: დღეს საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ზის ციხეში. ამასთან, მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს არ არის ის მსხვერპლი, რომელიც იჯდა ჩუმად. ის იყო აქტიური, მან გაგზავნა წერილი ნინო ბურჯანაძესთან, მან მიმართა ომბუდსმენის ინსტიტუტს. ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, ეს ყველაფერი არის საეჭვო.”

საეჭვო გარემოებებიდან კავკასიის ქალთა კოალიციის თავმჯდომარე განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ერთზე: ვაკე-საბურთალოს პოლიციაში სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა ეთერ ჭუმბურიძის ცემის ფაქტზე გოჩა ჩახვაძის წინააღმდეგ აღძრული საჩივარი.

დაბოლოს, ოჯახურ ძალადობასა და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეთერ ჭუმბურიძისადმი მხარდაჭერას მხოლოდ სიტყვიერად როდი გამოხატავენ: ისინი დეპუტატ ჩახვაძის მეუღლის საქმის გამოძიებაზე აქტიური მონიტორინგის განხორციელებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG