Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს თბილისის თბოელექტროსადგური


წელს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაახლოებით 70 მილიონი ლარით საქართველოს ელექტროსისტემის ობიექტების მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

ენერგეტიკის სამინისტრომ ჰიდრო და ბოელექტროსადგურების რეკონსტრუქციისთვის 50 მილიონი ლარი, ხოლო ელექტროგადამცემი ქსელების შესაკეთებლად 13 მილიონი ლარი დახარჯა. 10 მილიონ ლარამდე გამოიყო ენგურჰესის რეაბილიტაციის თანადაფინანსებისთვის. რა შედეგებს იძლევა ეს ჯერჯერობით არნახული კაპიტალდაბანდება?

ენერგოსისტემის რეაბილიტაციისთვის ათობით მილიონი ლარის დახარჯვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ამაყად გამოაცხადა, რომ მომავალ ზამთარს მთელ საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აღარ შეაწუხებს. ეს ოპტიმიზმი ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის შემდეგ გაანგარიშებებს ეყრდნობა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ყველაზე მაღალი მოხმარება დაფიქსირდა 2 იანვარს - 1806 მეგავატი... საქართველოს პრინციპში პრობლემა არ აქვს. იმ სარემონტო სამუშაოებით, რაც ჩვენ ჩავატარეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. სწორედ ამიტომ არის მიღწეული ის შეთანხმებები, ამიტომ - სწორედ ამიტომ - გვაქვს გარემონტებული საბაზისო სიმძლავრეები, სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ იმპორტი მაინც განვახორციელოთ რუსეთიდან, რომ ენგურჰესში წყალი შევინახოთ, რათა 1800 მეგავატის პრობლემა საქართველოს არ ჰქონდეს.”(სტილი დაცულია)

წლევანდელი წლის დეკემბრის ბოლომდე ენგურჰესის ჰიდრომომარაგების დაზოგვა, ძირითადად, თბილისის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მეშვეობით უნდა მოხდეს. თუმცა იქ მოქმედი მეცხრე ენერგობლოკი ამ მისიის შემსრულებელი რომ არ არის, გასულ ზამთარს გამოჩნდა. ამიტომ ნიკა გილაურის სამინისტრომ თბილისის თბოელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების აღდგენა გადაწყვიტა და ამისთვის 25 მილიონი ლარი დახარჯა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ბევრის მოსაზრება იყო ადრე, საერთოდ ჯართად დაეჭრათ და გაეყიდათ მესამე და მეოთხე ენერგობლოკი. ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმას, რომ ეს ორივე ბლოკი საკმაოდ სტაბილური იქნება ამ ზამთრის განმავლობაში. როგორც კონტრაქტორები და ექსპერტები ამბობენ, ამ დონის სარემონტო სამუშაოები საბჭოთა კავშირის დროსაც არ უნახავთ.”(სტილი დაცულია)

ამ არნახული სამუშაოების პირველი შედეგი 5 ოქტომბერს უნდა გამოჩენილიყო, - თბილისის თბოელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ამუშავებას ვგულისხმობ, - მაგრამ გამოცდა ბლოკისა, რომლისგანაც საქართველოს ელექტროსისტემა 120 მეგავატ ელექტროენერგიას ელის, რამდენიმე დღით გადაიდო. ამის მიზეზად კი ბუნებრივი აირის მიწოდების მოუწესრიგებლობა დასახელდა. ბლოკის ამუშავება 7-8 ოქტომრისთვისაა ნავარაუდევი.

25 ოქტომბრისთვის კი თბილისის თბოელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკის ამუშავებაც იგეგმება. ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის მწყობრში შევა მეცხრე ენერგობლოკიც, რომლის შესაკეთებლად რაო-ეესმა 4 მილიონ დოლარამდე დახარჯა. 2006 წლის იანვრის ბოლოს თბილსრესში კიდევ ერთი, ახალი ამერიკული ”გაზოტურბინის” ამუშავებას ელიან. ეს ტურბინა, რომელიც 110 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 54 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა და ჯერჯერობით თბილისში არც კი ჩამოუტანიათ.

ქართულ ენერგეტიკაში განხორციელებულ ამ კაპიტალდაბანდებების შედეგიანობას ეჭვისთვალით უყურებს პოლიტიკური ოპოზიცია. მათი ეჭვების სისწორე ან ხელისუფლების დაპირებათა რეალურობა მომავალი ზამთრის პერიოდში დადასტურდება.
XS
SM
MD
LG