Accessibility links

logo-print

დასავლეთ-საქართველოს სტიქია უტევს - მეწყერსა და წყალდიდობას მიწისძვრაც დაერთო


მესამე დღეა, დასავლეთ-საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმამ აჭარის, გურიისა და სვანეთის მთელ რიგ რაიონებში მეწყერი

და წყალდიდობა გამოიწვია. დაიღუპა ორი მოქალაქე, ხოლო ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ადიდებულმა მდინარეებმა მოარღვია გზები და წაიღო ხიდები. საქართველოს სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს წალენჯიხა-მესტიის საზღვართან, ენგურის კაშხლიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრის დაშორებით, მიწაც კი იძრა, თუმცა 5 ბალიან მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორ უმკლავდება ხელისუფლება სტიქიის შემოტევას და რა ელით უახლოესი დღეების განმავლობაში სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებ ადამიანებს?

სინოპტიკოსების განმარტებით, იმას, რაც დასავლეთ საქართველოში ხდება, შავი ზღვიდან შემოჭრილ ცივი ჰაერის ნაკადს უნდა ვუმადლოდეთ. ორი დღის განმავლობაში მოსული ნალექის მოცულობამ თვიური ნორმის 130-170 პროცენტი შეადგინა. შედეგად, დაიტბორა და ნიაღვარმა გადარეცხა ათობით სოფელი გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში. თუმცა, როგორც ჰიდრომეტეოპროგნოზის სამსახურის უფროსი ქეთევან წიკლაური განმარტავს, რომ არა ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, წყალდიდობის მასშტაბი გაცილებით დიდი იქნებოდა, რამეთუ კალაპოტიდან გადმოვიდოდა რეგიონის უდიდესი მდინარეები - რიონი და ცხენისწყალი.

[ქეთევან წიკლაურის ხმა] „მდინარე რიონის ქვემო წელში წყლის დონე მომატებული იყო 3 მეტრით, ცხენისწყლისა კი 80 სანტიმეტრით - საშიშ ნიშნულებამდე იყო მიღწეული, მაგრამ წყალი არ გადმოსულა კალაპოტიდან. ეს გამოიწვია იმან, რომ მაღალ მთაში მოთოვა და მინუსში გადავიდა ტემპერატურა და ამან გვიშველა.“

გვიშველა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი არჩილ ნიჟარაძე განმარტავს:

[არჩილ ნიჟარაძის ხმა] „დღეისათვის მობილიზებულია თავდაცვის სამინისტრო - ყველა სამინისტრო, სპეცტექნიკით; ჩვენი სამაშველო სამსახურიც მობილიზებულია და ახლა სტიქიისა და უბედურების ზონაში გაგზავნილი გვყავს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ სამაშველო ოპერაციებში.“

თუმცა დაზარალებულები, ფიზიკურის გარდა, მატერიალური სახის დახმარებასაც მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს სხვა ზომებს. პრემიერ-მინისტრი დაბრუნდება, მას აქვს პრეზიდენტისგან მითითება და აუცილებლად გამოიძებნება სარეზერვო ფონდიდან თანხა, გარდა იმისა, რაც გამოყო აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ.“

ხელისუფლების დახმარების იმედი არა აქვს ზვიად ძიძიგურს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს სამტრედიიდან. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცეოდა ხელისუფლება ანალოგიურ სიტუაციაში, ზვიად ძიძიგური ასკვნის:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ერთი ოჯახისთვისაც კი თეთრის დახმარება არ გაუწევიათ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც მე უკვე შევხვდი ერთხელ შარშან, წინა დამეწყვრის დროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ ტელევიზიით ატეხილი ვიშ-ვიში, რომ თითქოს რაიმეს გაკეთება უნდათ და რაიმეს აკეთებენ. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ, როცა ეს ამბები ჩაწყნარდება, როცა წვიმა გადაიღებს, მოსახლეობა დარჩება საკუთარი პრობლემების პირისპირ.“

წვიმა კი, როგორც ჰიდრომეტეოპროგნოზის სამსახურის მთავარი ინჟინერ-სინოპტიკოსი ცისანა დათიაშვილი ამბობს, მართლაც, მალე გადაიღებს:

[ცისანა დათიაშვილის ხმა] „ამაღამ იქნება უმეტეს რაიონებში, ხვალ -ზოგან, ზეგ გამოიდარებს, თუმცა დროებით. სამ-ოთხ დღეში აირევა ამინდი.“

ასე რომ, სტიქიური უბედურების ზონიდან გახიზნულ ადამიანებს მოცდა მოუწევთ. თუმცა ზოგიერთი მათგანი გამოდარების შემდეგაც ვერ დაბრუნდება შინ. მეწყრის საფრთხე მათ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემს.
XS
SM
MD
LG