Accessibility links

logo-print

ვისი უპირატესობით მიმდინარეობს მარეგულირებელი კომისიების ირგვლივ წამოწყებული დაპირისპირება


7 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ათამდე კანონპროექტისა და ცვლილების პრეზენტაცია მოაწყო.

ამ ცვლილებებმა სათანადო ნორმატიული ბაზა უნდა შექმნას მარეგულირებელი კომისიების შესახებ ორიოდეე თვის წინ მიღებული კანონის სრულფასოვნად ასამოქმედებლად. როგორც ცნობილია, მარეგულირებელი ორგანოების რეორგანიზების საკითხი ერთგვარ განხეთქილების ვაშლადაც კი იქცა საქართველოს აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის. ვისი უპირატესობით მიმდინარეობს ეს დაპირისპირება?

7 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ცქიტიშვილმა იმ ცვლილებების ნუსხა ჩამოთვალა, რომელთა მიღება აუცილებელია მარეგულირებელი ორგანოების კანონის სრულფასოვნად ასამუშავებლად.

ამ კანონის მიხედვით, რომელიც ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ინიციატივა იყო, საქართველოში ოთხი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია მოქმედებს: კომუნიკაციების, ენერგეტიკის, გაზის და ნავთობის და ტრანსპორტის. სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციატივით კი, მარეგულირებელი კომისიების რაოდენობა ორამდე უნდა შემცირებულიყო და ისინი საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასულიყვნენ:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”კანონი მზად არის და ჩვენ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ გადავალთ ამ კანონის წარდგენაზე პარლამენტში.”

აი, ასე იმედიანად იყო განწყობილი კახა ბენდუქიძე 1 თვის წინ - მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს მარეგულირებელი კომისიების რეორგანიზების გეგმა გააცნო. თუმცა პარლამენტამდე მის პროექტს ჯერაც არ მიუღწევია, იქ კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სულ სხვა მიმართულებით მუშაობენ. ზურაბ ცქიტიშვილის კომენტარი:

[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] ”აბსოლუტური წინააღმდეგობაა მიღებულ კანონსა და სადღაც არსებულ კანონპროეტს შორი. ის არც მთავრობას განუხილავს და არც პარლამენტში შემოსულა.”

ზურაბ ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები არათუ ეხმიანება ბენდუქიძის გეგმებს, არამედ უკვე არსებული მარეგულირებელი კომისიების სტატუსს კიდევ უფრო განამტკიცებს. ბენდუქიძეს სწორედ ამგვარი მყარი დამოუკიდებლობის მქონე კომისიები არ მოსწონს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ჰქვია დამოუკიდებელი მარეგულირებელი, მაგრამ დამოუკიდებელი კი არ არის, არის უპასუხისმგებლო და უკონტროლო.”

ამ განცხადების გასამყარებლად ბენდუქიძემ ყველაზე მდიდარი კომისიის - კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს - წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო და გენერალურ პროკურატურას კომისიის საქმიანობის შესწავლა მოსთხოვა. სახელმწიფო მინისტრს ის ფაქტი აეჭვებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის ერთი ლიცენზია ”მაგთიკომს” 26 მილიონ ლარად მიჰყიდა, ხოლო მეორე ლიცენზია, სასამართლოს ძალით, 239 ათას ლარად გადასცა მეგაკომს. კახა ბენდუქიძის დასკვნით, ამით კომუნიკაციების მარეგულირებელმა სახელმწიფო 27 მილიონი აშშ დოლარით აზარალა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი აბსურდულს და სასაცილოს უწოდებს ბენდუქიძის ბრალდებებს და თავს სასამართლოს გადაწყვეტილებით იმართლებს.


მის პოზიციებს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის მესვეურების დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს ჰმატებს, რაც ზურაბ ცქიტიშვილის განცხადებიდანაც ჩანს:

[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] ”მე მხარს ვუჭერ არსებულს...”

ეროვნული მარეგულირებელი კომისიების კანონის სრულფასოვნად ასამუშავებლად ზურაბ ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 2 კვირის შემდეგ წარედგინება. უფრო მოგვიანებით კი მათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
XS
SM
MD
LG