Accessibility links

logo-print

ხელისუფლების რომელ განშტოებას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი?

  • ნინო როდონაია

საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად არ ცნობს და არგუმენტად კონსტიტუციის 69-ე მუხლი მოჰყავს.

დავა იმის თაობაზე, თუ ხელისუფლების რომელი განშტოების წარმომადგენელია საქართველოს პრეზიდენტი, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში კონსერვატიულმა პარტიამ უჩივლა და პასუხად მიიღო, პრეზიდენტს საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევიაო.
ვის და რას მეთაურობს საქართველოს პრეზიდენტი?

საარჩევნო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც საარჩევნო აგიტაციის წესებს განსაზღვრავს, უშუალოდ სიტყვა პრეზიდენტი მოხსენიებული არ არის, ისევე როგორც, მაგალითად, მინისტრი. ამავე კოდექსით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ხელმძღვანელ პირებს. ამ კატეგორიას რომ მიხეილ სააკაშვილი არ განეკუთვნება, სასამართლო ასაბუთებს ქვეყნის კონსტიტუციით, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია. ამ სტატუსს სიტყვები ,,აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური” 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ჩამოშორდა:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ,,მაგრამ დარჩა კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ნუ, მეტი რაღა არის?!” (სტილი დაცულია)

კონსტიტუციის დაცვის ლიგის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ინტერპრეტირების შესაძლებლობას კანონების უმრავლესობა ქმნის, გადაწყვეტილების სამართლიანობა კი თავად ინტერპრეტატორსა და მის სინდისზეა დამოკიდებული. ბოლო წინასაარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს კანონი არ დაურღვევია, რადგან, კონსტიტუციით, ის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის.
საგულისხმოა, რომ, ამავე კონსტიტუციით, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც, თავის მხრივ, რომელიმე მინისტრის დანიშვნა მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობით შეუძლია. პრეზიდენტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაითხოვოს მთავრობა, რომლის მიერ ბიუჯეტის წარდგენას ჯერ პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება და ა.შ. მიუხედავად ამ და სხვა უფლებებისა, სასამართლო მიხეილ სააკაშვილს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირად არ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ ამჟამინდელ კონსტიტუციაში პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურადაა მოხსენიებული. ამ სახით საქართველოში, ფაქტობრივად, არსებობს ხელისუფლების კიდევ ერთი განშტოება, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე, რომელიც შეკითხვას, ვის და რას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ამგვარად უპასუხებს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ,,ეს არის პირი, რომლის ხელშიც არის თავმოყრილი საკანონმდებლო ხელისუფლების ნაწილი, აღმასრულებელი ხელისუფლება, ფაქტობრივად, მის ხელშია მთლიანად და სასამართლო ხელისუფლების ნაწილი. ეს არის სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რაც ჩვენ მივიღეთ.” (სტილი დაცულია)

ამ ტიპის ქვეყნის მეთაურის წინაშე ორშაბათს ფიცი კიდევ რამდენიმე ახალმა მოსამართლემ დადო. მათ პრეზიდენტი სააკაშვილი საუკეთესო შენობას, მაღალ ხელფასს, გადაწყვეტილებებში სახელმწიფოს ჩაურევლობას დაჰპირდა და ერთი რჩევაც მისცა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ნუ გეშინიათ ნურც პრესის დაწოლის, ნურც შანტაჟის, ნურც ყვირილის, ნურც ნურაფრის. იმიტომ რომ ხალხი არის თქვენს მხარეზე. დანარჩენი ყველაფერი არის წკვიტინი რაღაცა ჯგუფის.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის მიერ მოხსენიებულ ჯგუფში, სავარაუდოდ, უნდა მოვიაზროთ კონსერვატორებიც, რომლებმაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, პასუხი შეკითხვაზე, ხელისუფლების რომელ განშტოებას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი, ორშაბათს ვერც საოლქო სასამართლოსგან მიიღეს. მიუხედავად ამისა, მომჩივანი მხარე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და, შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. კონსერვატორთა მიერ დასმული ამოცანის ამოხსნის ბოლო ინსტანცია უზენაესი სასამართლო იქნება.
XS
SM
MD
LG