Accessibility links

logo-print

როგორ ნაწილდება სტიქიით დაზარალებულთა დახმარება?


დასავლეთ საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად, ათობით სახლი დაინგრა, ასობით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დაიმეწყრა

და უამრავი მოქალაქე ან უსახლკაროდ, ანდა სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩა. ჯერჯერობით საქართველოს მთავრობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო რაიმე საგანგებო ორგანო არ შეუქმნიათ, ამიტომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროცესი სტიქიურადვე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება, ძირითადად, ზარალის აღწერითა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებითაა დაკავებული.

გასული კვირის ბოლოს წყალდიდობითა და მეწყრით დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოინახულა და ზამთრისპირას უსახლკაროდ და სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ანუგეშა, მთავრობა დღედაღამ თქვენს დასახმარებლად მუშაობსო. სააკაშვილმა ამის დემონსტრირებისთვის ისიც კი განაცხადა, უსახლკაროდ დარჩენილი ხუთშვილიანი ოჯახი 3 დღეში ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებსო. თუმცა კი სახლის შესაძენი ფული ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შემოწირულებაა.

გურიაში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გორგაძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მეწყრისგან უსახლკაროდ დარჩენილი 5 ბავშვი, რომელთა მამა სტიქიას ემსხვერპლა, ახალ სახლში 11 ოქტომბერს დაბინავდება:

[ირაკლი გორგაძის ხმა] ”მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შეიძინა. მთავარია, ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ სახლებით. მათი რიცხვი გაიზარდა 55-მდე. გუშინ 2 სახლი ჩაიტანა მეწყერმა. ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ავარიულ, საშიშ ზონებში იყო.” (სტილი დაცულია)

ამავე რეგიონის სტიქიით დაზარალებულმა 94-მდე ოჯახმა ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღო, რომელიც გურიაში წითელმა ჯვარმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიტანა.
ახლა დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობის - ასევე ზარალის მოცულობის - დადგენა მიმდინარეობს და ზუსტი ციფრი ორიოდე დღეში გახდება ცნობილი.

ჰუმანიტარული დახმარება 10 ოქტომბერს ჭალადიდისა და ანაკლიის მოსახლეობამაც მიიღო. მათ ფქვილი, შაქარი და ზეთი გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ გაუნაწილა.
[დაზარალებულის ხმა] ”ჩვენ იმედი არ გვქონდა ნამდვილად, რომ ხელს მოგვაწვდიდნენ, მაგრამ ნამდვილად კმაყოფილნი ვართ. ეს ჯერჯერობით დაგვაკმაყოფილებს, მერე ვნახოთ...” (სტილი დაცულია)

მიღებული დახმარებით კმაყოფილია გურიის მოსახლეობაც. აი, რა განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა:

[დაზარალებულის ხმა] ”პანიკაში ვიყავით. საბედნიეროდ, დაგვეხმარა მთავრობა და ვინც ვიყავით ჩვენს სამეზობლოში, ძალიან კმაყოფილი ვართ და, მოკლედ, გადაგვარჩინა და აწი, ალბათ, ბუნებაც დაგვეხმარება და აღარ გაგვწირავს ასე.”(სტილი დაცულია)

დაზარალებული მოსახლეობისკენ თბილისიდან თითქმის ყოველდღე მიემართება ჰუმანიტარული დახმარება. ამას ემატება ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით შექმნილი ფონდი, რომელშიც კერძო მეწარმეთა შემოწირულებების აკუმულირება ხდება. მეწარმეები სხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებასაც აგროვებენ. ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ამ პროცესში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გაურკვეველია, ვინ ახდენს დახმარების კოორდინაციას:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”მეთვალყურეობა პრობლემების ინდენტიფიცირებისათვის იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად. ხოლო რაც შეეხება, სად უნდა იყოს ეს ყველაფერი მობილიზებული, ეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გაირკვევა.” (სტილი დაცულია)

ბიზნესმენთა ფედერაციის მიერ ”თი-ბი-სი ბანკში” გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე 100 ათასამდე ლარი შეგროვდა. ამ ფონდში ერთ-ერთი მსხვილი შემოწირულება, 25 ათასი ლარი, კომპანია ”ყაზბეგის” პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ შეიტანა.
XS
SM
MD
LG