Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიას კანცლერი ქალი ეყოლება - პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში


სამი კვირა გასტანა გაურკვევლობამ და დაძაბულობამ, რომელიც გერმანიაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ამ, 18 სექტემბრის არჩევნების შედეგებით

პირველ ორ ადგილზე გასულ პარტიებს შორის - მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატებსა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატებს შორის - სხვაობა სულ ერთი პროცენტი იყო. მოპოვებული ხმების სიმცირის გამო ვერც ერთი ვერ ქმნიდა მთავრობას მარტო და თან არც საკმარისი ხმები არ გააჩნდა საიმისოდ, რომ მომცრო პარტიებს შორის ტრადიციულ მოკავშირესთან ერთად შეექმნა მმართველი კოალიცია. (ასე იყო, მაგალითად ბოლო 7 წელი გერმანიაში: მმართველი კოალიცია სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მომცრო - მწვანეთა პარტიისაგან შედგებოდა). რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რა შემადგენლობის მთავრობა შეიძლებოდა, მოვლენოდა გერმანიას? ამ საკითხს ბოლო სამი კვირის მანძილზე გერმანიაში (და არა მარტო იქ) ურიცხვი პუბლიკაცია, თუ ტოკშოუ მიეძღვნა. და აი, ვარაუდების პერიოდს ბოლო მოეღო: გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ორი მსხვილი პარტია - ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი და სოციალურ-დემოკრატიული პარტია - შეთანხმდნენ მმართველი კოალიციის შექმნაზე, ე.წ. “დიდ კოალიციაზე”. მას სათავეში ჩაუდგება ანგელა მერკელი - ამგვარად, გერმანიას ახალი კანცლერი ეყოლება.

წეღან ითქვა, რომ კონსერვატიულმა პარტიამ - ქრისტიანდემოკრატებმა საპარლამენტო არჩევნებში სულ ერთი პროცენტით მეტი ხმა მოიპოვეს. მაგრამ ეს ერთი პროცენტიც საკმარისია საიმისოდ, რომ კანცლერი მათი წარმომადგენელი იყოს - ანუ, ანგელა მერკელი.
[მერკელის ხმა] “კანცლერის პოსტი ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს ერგება, კაბინეტში ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი, ერთიმეორის წინააღმდეგ რაიმე საკითხს ვერ გაიტანს”.

ეს განცხადება მერკელმა ორშაბათს გააკეთა სოციალ-დემოკრატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ. მანვე აღნიშნა, რომ ორი პარტია იზიარებს მოსაზრებას: გერმანიაში რეფორმის კურსს ალტერნატივა არ გააჩნია.

თუმცა, მთავრობის შესაქმნელად და, მითუმეტეს, მის სამოქმედოდ მთავარ პრინციპზე ერთსულოვნება საკმარისი არ არის. საჭიროა ცალკეულ საკითხებში პოზიციისა და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება, რასაც მხარეები აპირებენ კიდეც.

ახლა კი ცნობილია ის, რომ მთავრობის კაბინეტში, რომელშიც 16 მინისტრი შედის, ორივე პარტიას 8-8 წარმომადგენელი ეყოლება. მათ შორის არ იქნება შრიოდერი - ის, როგორც იუწყებიან უარს ამბობს მთავრობაში დარჩენაზე. არადა, შრიოდერი კარგა ხანი კანცლერობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას - მიუხედავად იმისა, რომ მის პარტიას, როგორც უკვე ვთქვით - ქრისტიან-დემოკრატებზე ნაკლები ხმა ერგო (ერთი პროცენტით, მაგრამ მაინც - ნაკლები!).

შრიოდერის ამ პრეტენზიამ ბევრი გააოცა, ბევრი დამარცხებული კანცლერის სრულიად გაუგებარ, ირაციონალურ პოზიციაზეც კი ლაპარაკობდა. მაგრამ ახლა ექსპერტები გამოთქვამენ შეფასებას, რომ შრიოდერმა შეგნებულად გამოიჩინა სიჯიუტე კანცლერობის საკითხში, რათა თავისი პარტიისათვის, კანცლერობაზე უარის სანაცვლოდ, რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია გაენაღდებინა მმართველ კოალიციაში. თუ ასეა, მან ნამდვილად ბევრს მიაღწია: სოციალ-დემოკრატების ხელში იქნება სამინისტროების 50 პროცენტი, მათ შორის საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროები!

მაგრამ, რაც შეეხება ორი პარტიის საერთო მიზნებს? მათს კოალიციურ ამოცანას: - მასშტაბურ ეკონომიკურ რეფორმას გერმანიაში, რომელსაც, უწინარეს ყოვლისა, უმუშევრობა აწუხებს და ამუხრუჭებს? რამდენად ეფექტიანად იზრუნებს რეფორმაზე მმართველი კოალიცია, რომელიც ორი, სრულიად განსხვავებული ორიენტაციის პოლიტიკური პარტიისაგან შედგება? სოციალურ-დემოკრატიული პარტია, ტრადიციისამებრ, საბაზრო ეკონომიკაში სოციალურ დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას, მაშინ როცა ქრისტიან-დემოკრატების პრიორიტეტი ბიზნესის ხელშეწყობა და თავისუფალი ბაზარია.

მაგრამ, ბერლინელ პოლიტოლოგ ინგო პეტერსის შეფასებით, არის საკითხები, რომელთა შესახებაც ორი მხარე ადვილად მიაღწევს ერთსულოვნებას: თუნდაც გერმანიის ფედერალური სისტემის რეფორმასა და განმტკიცებაში. [პეტერსის ხმა] “ეს არის სფერო, რომელშიც, ალბათ. მალევე მიაღწევენ შეთანხმებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც, მართვის სისტემისთვის აქ, გერმანიაში”.

ბერლინელ პოლიტოლოგს შესაძლებლად მიაჩნია ერთსულოვნება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების საკითხშიც. რაც შეეხება უმუშევრობას, მას ანგელა მერკელი გუშინდელ გამოსვლაში შეეხო: [მერკელის ხმა] “შესაძლო დიდი კოალიციის პოლიტიკის საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა და არდაშვება იმისა, რომ მოისპოს არსებული სამუშაო ადგილები. ეს არის ერთ-ერთი, გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა”.

გაუმკლავდება თუ არა ამ ამოცანას გერმანიის მმართველი ახალი კოალიცია და მისი ხელმძღვანელი - ანგელა მერკელი, მომავალი აჩვენებს. მაგრამ, რაც უნდა იყოს, ანგელა მერკელს ისტორიაში ადგილი უკვე განაღდებული აქვს - ის ხდება პირველი ქალი გერმანიის კანცლერის პოსტზე.
XS
SM
MD
LG