Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მერკელმა პიროსის გამოჯვება მოიპოვა”


მთავრობის შექმნის პროცესი გერმანიაში, რომელიც ეკონომიკური სიმძლავრით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა,

მის პოლიტიკურ და კულტურულ მნიშვნელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს უცხოეთშიც. ეს ეხება საქართველოსაც, თუნდაც გერმანიაში მყოფი ათასობით ქართველი ემიგრანტის გამო. ამიტომ, ვფიქრობთ, ჩვენს მსმენელს დააინტერესებს გამოხმაურება, რომელიც უცხოეთში, კერძოდ, უცხოეთის პრესაში მოჰყვა ცნობას გერმანიის ახალ კანცლერად ანგელა მერკელზე შეთანხმების შესახებ.

აქვე უნდა ითქვას, რომ პრესაში თვალშისაცემია სკეპტიკური ტონი, რაზეც მოწმობს, თუნაც, სტატია, რომელსაც დღევანდელ ნომერში ბეჭდავს ბრიტანეთის გაზეთი “გარდიანი”:
“განხეთქილებით მოცულმა ელექტორატმა გერმანიაში განხეთქილებით მოცული მთავრობა წარმოშვა, რომელსაც ძალიან გაუჭირდება დიდი ცვლილებების მიღწევა. ევროპას დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეს.”

არანაკლებ სკეპტიკურია რომის “რეპუბლიკა”. მის სტატიაში მრავლისმეტყველი სათაურით “მერკელმა პიროსის გამარჯვება მოიპოვა” ვკითხულობთ:
“ანგელა მერკელმა ვერ აინაზღაურა ყველაფერი, რაც 18ისექტემბრის საშინელი არჩევნების დროს დაკარგა. რასაც მან ახლა მიაღწია, პიროსის გამარჯვებას ჰგავს: კი, ის კანცლერი გახდება, მაგრამ მის მთავრობაში სხედან სოციალ-დემოკრატი მინისტრები, რომლებიც შეარჩია გერჰარდ შრიოდერმა - მერკელის მეტოქემ, რომელიც ფორმალურად, მართალია, დამარცხდა, მაგრამ არ მისცა მერკელს ტრიუმფით ტკბობის საშუალება. 8 სოციალ-დემოკრატი მინისტრი 16-კაციან კაბინეტში!!! ასეთ სიტუაციაში ანგელა მერკელს გაუჭირდება თავისი პარტიის საარჩევნო პროგრამის ხორცშესხმა”.

მოსკოვში გამომავალ გაზეთ “იზვესტიას” კომენტარში ყურადღება მახვილდება შრიოდერის ერთ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტზე:
“გერჰარდ შრიოდერის გადადგომა რუსეთისთვის დანაკლისია. ის ნამდვილი რუსოფილი იყო. და საქმე არ ეხება მხოლოდ მის მეგობრობას პრეზიდენტ პუტინთან (მარტო წელს მათს შორის 8 შეხვედრა გაიმართა!) რუსეთისადმი შრიოდერის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეგობარ ვლადიმირთან სამიტებზე უფრო აშკარად მეტყველებს ის გარემოება, რომ შრიოდერმა რუსი გოგონა იშვილა - 3 წლის პეტერბურგელი ვიქტორია”.

დაბოლოს, გამოხმაურება კიდევ ერთი ქვეყნიდან, რომლის ლიდერთანაც გერჰარდ შრიოდერს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს - ლაპარაკია საფრანგეთზე. პარიზში გამომავალი “ფიგარო”, რომელიც კონსერვატიული ორიენტაციის მედიას მიეკუთვნება, დღევანდელ ნომერში წერს:
“გახდება თუ არა პირველი კანცლერი ქალი თავისი ყოფილი მეტოქეების მძევალი? ახალი მთავრობის შემადგენლობა ამ შეკითხვაზე ცხად პასუხს არ იძლევა, თუმცა არის ერთი შემაშფოთებელი სიგნალი: გერჰარდ შრიოდერის მხრივ შანტაჟის შედეგად სოციალ-დემოკრატებმა მრავალი საკვანძო პოზიცია მოიპოვეს. გერმანიაში რეფორმების განსახორციელებლად ერთსულოვნების მიღწევა შესაძლებელია. და აუცილებელია სწრაფად, დადებითი შედეგებით მოქმედება, რათა ერთსულოვანმა მოქმედებამ აჯობოს შიდაკოალიციურ კონკურენციას და გერმანიამ დაიბრუნოს თავისი როლი ჩვენი კონტინენტის შუაგულში”, წერს “ფიგარო” გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობის შექმნაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ.
XS
SM
MD
LG