Accessibility links

logo-print

რატომ შეიქმნა უცხოელი ინვესტორების პრობლემების შემსწავლელი სპეციალური კომისია?


როგორც ცნობილია, 2005 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იკლო და გასული წლის პირველ ნახევარში ჩადებული ინვესტიციების მხოლოდ 50 პროცენტი შეადგინა.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში უწყებათაშორისი სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც უცხოური ინვესტიციების პრობლემატური საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება დაევალა. რა გახდა ამ კომისიის შექმნის რეალური მიზეზი და რატომ მაინცდამაინც უცხოელი ინვესტორების პრობლემებით დაინტერესდა საქართველოს ხელისუფლება?

15-კაციანმა კომისიამ, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან, რეგულარულად უნდა მოაწყოს უცხოელი ინვესტორების პრობლემური საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადოს საქართველოს მთავრობის სხდომებზე წარსადგენად. - ასე წერია დადგენილებაში, რომლის ძალითაც შეიქმნა უწყებათაშორისი სპეციალური კომისია. მას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.

[ნათია თურნავას ხმა] ”არის სპეციფიკა უცხოელი ინვესტორების წინაშე მდგარი პრობლემების. მაგალითად, ადგილობრივ კანონმდებლობასა და ამერიკულ თუ ევროპულ კანონმდებლობას შორის სხვაობა უცხოელ ინვესტორებს უფრო აწუხებთ, ვიდრე ადგილობრივებს. სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნა ეს, თორემ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უგულებელვყოფთ ადგილობრივი ინვესტორების პრობლემებს.”(სტილი დაცულია)

ნათია თურნავა თავს იკავებს უფრო მეტად დააკონკრეტოს ის, თუ რამ აიძულა საქართველოს მთავრობა უცხოური ინვესტიციების პრობლემებზე მომუშავე სპეციალური კომისია შეექმნა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების კომენტირება ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს ვთხოვე.ის ფიქრობს, რომ უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების პრობლემების ცალ-ცალკე გაყოფა არასწორი მიდგომაა, მაგრამ კომისიის შექმნას მაინც დადებით ნაბიჯად მიიჩნევს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”დღეს ხელისუფლება, მართალია, ცდილობს მჭექარე ტონი ჰქონდეს და არაფერი შეიმჩნიოს, მაგრამ გულის სიღრმეში შიში შეჰპარვია. ამ შიშის გამოძახილია სწორედ პრობლემისადმი შემობრუნება. ეს მისასალმებელია, რადგან ხელისუფლებისგან თავის მიერვე შექმნილი პრობლემების მორცხვ აღიარებას ნიშნავს. მაგრამ ბევრად კარგი იქნება, თუ ხელისუფლება დაანებებს თავს მრუდე სარკეებით თამაშს.”(სტილი დაცულია)

ნიკო ორველაშვილი მრუდე სარკეებით თამაშში ხელისუფლების დეკლარირებულსა და რეალურ ქმედებათა შორის სხვაობას გულისხმობს.

სწორედ ასეთი მიდგომების შედეგია ისიც, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან ზედიზედ ორი შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რომ მას ორი ქართველი მეწარმის სასარგებლოდ 20 და 200 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. მე ნათია თურნავას ვკითხე, ესეც ხომ არ გახდა საგანგებო კომისიის შექმნის მიზეზი:

[ნათია თურნავას ხმა] ”ერთი მეორესთან კავშირში არ არის, თუმცა იუსტიციის სამინისტრო არის ჩვენს კომისიაში და შეიძლება ეს ბერკეტიც გამოყენებული იქნეს, რომ ბევრი საკითხი ურთიერთკონსენსუსით დავასრულოთ და სასამართლომდე არ მივიყვანოთ.”(სტილი დაცულია)

ნიკო ორველაშვილი ფიქრობს, რომ ევრო სასამართლოში წაგებული სასამართლოების რიცხვი შემცირდება, თუ საქართველოს სასამართლო სისტემა სამართლიანი და დამოუკიდებელი გახდება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის ის, რომ ქვეყანას არ მართავს კანონი...”

კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი ეკონომიკური რეკომენდაციების მოსამზადებლად საქართველოში სტუმრად მყოფმა რუთ რიჩარდსონმა, ახალი ზელანდიის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG