Accessibility links

logo-print

რატომ გარბიან ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებიდან?


სამხედრო ნაწილებიდან კვლავ გარბიან ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა დედოფლისწყაროს უტილიზაციის ცენტრი, რომლის ტერიტორია თვითნებურად დატოვეს ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა.

სახალხო დამცველის ოფისში მისული ჯარისკაცები აცხადებდნენ, რომ მეთაურები მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ცუდად აცმევდნენ და არ ჰყოფნიდათ საკვები. სახალხო დამცველის რჩევით, სამი ჯარისკაცი დაუყოვნებლივ დაბრუნდა სამხედრო ნაწილში, ხოლო დანარჩენები მოგვიანებით დასაკითხად სამხედრო პოლიციაში გადაიყვანეს. რატომ გარბიან ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებიდან?

ჯარისკაცებმა დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე უტილიზაციის ცენტრის ტერიტორია 9 ოქტომბერს, საღამოს ცხრის ნახევარზე, დატოვეს. სახალხო დამცველის ოფისში მისულმა რიგითებმა განაცხადეს, რომ მათ მეთაურები ეთნიკური ნიშნით დევნიდნენ.

[ჯარისკაცის ხმა] „მერე რა, რომ აზერბაიჯანელი ვარ? „ბრიტვა“ არ მოგვცეს, „ნასკი“ არ არის, „ბატინკი“ არ არის... „(სტილი დაცულია)

სულ უტილიზაციის ცენტრში 20-მდე ჯარისკაცი, ერთი ოფიცერი და სამი ზემდეგი მსახურობს. 20 ჯარისკაციდან 17 აზერბაიჯანელია, ხოლო სამი - სომეხი. შალვა თადუმაძე, იურისტი ასოციაციისა „სამართალი და თავისუფლება“, აცხადებს, რომ ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებიდან სისტემატურად გარბიან და ამის მიზეზი, ძირითადად, უდისციპლინობაა. თადუმაძის თქმით, ოფიცრები თავად უწყობენ ხელს ჯარისკაცების დაყოფას ეთნიკურ და კუთხურ ჯგუფებად:

[შალვა თადუმაძის ხმა] „ხელს უწყობენ ეთნიკურ და კუთხურ ჯგუფებად დაყოფაში და შემდეგ, რომელი კუთხური ჯგუფიც უფრო ძლიერი იქნება, ის გახდება მმართველი ჯგუფი და მასთან იქნებიან ოფიცრები ალიანსში. იყო შემთხვევა, როცა ქართლელებმა და მეგრელებმა იჩხუბეს რაღაც უსასტიკესად და ქართლელებმა მიატოვეს სამხედრო ნაწილი, რადგან იყვნენ მეგრელების მიერ ჩაგრულნი.“ (სტილი დაცულია)

ცალკე პრობლემაა სახელმწიფო ენის უცოდინრობა, რის გამოც ჯარში გაწვეულ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს მეთაურების ბრძანებათა გაგება და, შესაბამისად, შესრულება უჭირთ. პარლამენტის დეპუტატი ქემალ მურადხანოვი წინა ხელისუფლებას საყვედურობს იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა სახელმწიფო ენა არ იციან:

[ქემალ მურადხანოვის ხმა] „კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ქართული საზოგადოებიდან აზერბაიჯანელების განცალკევებისა. ეს არის პრობლემა მთლიანად ქართული საზოგადოების. ყოფილი ხელისუფლება, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ატყუებდა როგორც საქართველოს საზოგადოებას, ასევე აზერბაიჯანელებს, რომ ვასწავლით ქართულ ენასო და პრობლემები არ არისო. სინამდვილეში პრობლემები იყო.“(სტილი დაცულია)

უტილიზაციის ცენტრიდან გამოქცეული ჯარისკაცები ამბობენ, რომ ენის უცოდინრობა არ ყოფილა დისკრიმინაციის ერთადერთი მიზეზი. იმის გარკვევას, თუ რა მოხდა სინამდვილეში, სახალხო დამცველის ოფისი და სამხედრო პოლიციის გამომძიებლები ცდილობენ. თუმცა მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო უწყება კომენტარს არ აკეთებს, ხოლო სახალხო დამცველი სოზარ სუბარი განმარტავს:

[სოზარ სუბარის ხმა] „თავისთავად ეს სამხედრო პოლიციის გამოსაძიებელია. ისეთი მძიმე დანაშაული აქ ვერ დადგინდება. ლაპარაკია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მაქსიმუმ - ცემაზე. არის მეორე, რაზეც ჩივიან - კორუფცია: თითქოსდა, საჭმელი არ ჰქონდათ და წესიერად არ აცმევდნენ. თუ ეს დადასტურდა, მაშინ პროკურატურის ჩართვა გახდება საჭირო.“

სახალხო დამცველის თქმით, ჯარისკაცები დედოფლისწყაროს უტილიზაციის ცენტრში აღარ დაბრუნდებიან. ისინი მხედრულ ვალს შიდა ქართლში, ოსიაურის სამხედრო ნაწილში, მოიხდიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტი სრულადაა ამოწურული. სამხედრო პოლიცია მოკვლევას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG