Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა საქართველოს ''ფრინველის გრიპის'' ეპიდემია?


მეზობელ ქვეყნებში, რუსეთსა და თურქეთში, „ფრინველის გრიპის“ გამოვლინების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში რეჟიმი გაამკაცრა.

კერძოდ, სასაზღვრო ვეტსანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლებს მიცემული აქვთ მითითება, არ შემოუშვან საქართველოს ტერიტორიაზე ფრინველის ხორცითა და კვერცხით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საქართველოს მოსახლეობას საფრთხე მხოლოდ სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან როდი ემუქრება.

ვეტერინარიის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ რუსეთიდან ფრინველის ხორცისა და კვერცხის იმპორტი ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ აიკრძალა, როცა რუსმა კოლეგებმა ნოვოსიბირსკის ოლქში ინფექციის პირველი კერა გამოავლინეს. ჯამბულ ბაკურაძის, ვეტერინარიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, თქმით, თურქეთსა და რუმენთში ფრინველთა დასნებოვნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ქვეყნებიდანაც აკრძალა ქათმის ხორცისა და კვერცხის შემოტანა. ბაკურაძის განმარტებით, აკრძალვა 11 ოქტომბრიდან მოქმედებს:
[ჯამბულ ბაკურაძის ხმა] „აიკრძალა ცოცხალი ფრინველის, საინკუბაციო და სასაქონლო კვერცხის, მეფრინველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანა. გაფრთხილებულია ოფიციალურად საბაჟო დეპარტამენტი. საბაჟო დეპარტამენტმა, თავის მხრივ, გააფრთხილა ყველა გამშვები პუნქტი. ასევე ამ საკითხზე ოფიციალურად გაფრთხილებულები არიან ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტები ადგილებზე.“

საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის მონაცემებით, ადგილობრივი მწარმოებლების გარდა, საქართველოს ფრინველის ხორცით, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია, საფრანგეთი, დანია და ბელგია ამარაგებს. ასოციაციის წარმომადგენლის მარი ნოზაძის თქმით, 11 ოქტომბრამდე ქათმის კვერცხი საქართველოში, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან შემოჰქონდათ.
[მარი ნოზაძის ხმა] „ძირითადად, ადგილზე იწარმოება, მაგრამ შემოჰქონდათ სომხეთიდანაც... იშვიათად - აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, "ფრინველის გრიპის" ვირუსი 70 გრადუსზე კვდება. ამ გარემოების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საკვები პროდუქტით ადამიანის დაავადების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე ასევე ამბობს, რომ „ფრინველის გრიპით“ დაავადება არ იწვევს გარდაუვალ სიკვდილს.

[პაატა იმნაძის ხმა] „ეს ვირუსი, ისევე როგორც გრიპის ყველა ვირუსი, გაცხელებით, საბედნიეროდ, ადვილად იღუპება. ასე რომ, შემწვარი პროდუქტიც კი საშიში არ არის. 120 შემთხვევიდან, რომელიც არის დღემდე აღწერილი გრიპით ადამიანების დაავადებისა, ნახევარი გადარჩა.“
ვეტერინართა ცნობით, დაავადებულ ფრინველს კუჭის კუნთოვან გარსზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, ხოლო ხორცი ჯანმრთელზე მეტად გამომშრალი აქვს.

პაატა იმნაძის განმარტებით, დაავადებული ფრინველი, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლითაც მოხვდეს: [პაატა იმნაძის ხმა] „ძირითადად, ეს ვირუსი გადააქვთ გადამფრენ იხვებსა და გარეულ ბატებს. ეს ვირუსი მათთვის ნაკლებად მომაკვდინებელია. ამიტომ მოსახლეობამ არ უნდა გაიყვანოს შინაური ფრინველი იმ ტბებზე, სადაც გადამფრენი იხვები და ბატები ისვენებენ. და კიდევ, თუ ნახეს გარეული ფრინველი, ხელით ნუ შეეხებიან მას ან, თუ შეეხნენ, ხელები კარგად უნდა დაიბანონ საპნით.“

ვეტერინარიის სახელმწიფო დეპარტამენტში კი ირწმუნებიან, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ლეგალურ სავაჭრო ქსელში დაავადებული ფრინველის ხორცის მოხვედრის შესაძლებლობას გამორიცხავს. ჯამბულ ბაკურაძის თქმით, მოსახლეობას შეუძლია თამამად შეიძინოს ფრინველის ხორცისგან დამზადებული ნაწარმი: [ჯამბულ ბაკურაძის ხმა] „დღეისათვის იმ სავაჭრო ობიექტებზე, სადაც არის დაწესებული ვეტერინარული კონტროლი და არსებობენ შესაბამისი ვეტერინარული სამსახურები, იქ კვერცხისა და სხვა მეფრინველეობის ნაწარმის შეძენა, დღეის მდგომარეობით, არავითარ საშიშროებასთან არ არის დაკავშირებული.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG