Accessibility links

logo-print

რატომ გადადგა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ონოფრიშვილი?


ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული ის, თუ რატომ გადადგა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტიდან დავით ონოფრიშვილი.

მან თანამდებობიდან წასვლის განცხადება 11 ოქტომბრის საღამოს მას შემდეგ დაწერა, რაც რკინიგზის საქმიანობით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა. ონოფრიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა კატეგორიულად უარყო თავისი გადადგომის შესაძლებლობა. მაშ, რამ აიძულა დავით ონოფრიშვილი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიეღო?

პირველად გადადგომის შესახებ დავით ონოფრიშვილს 7 ოქტომბერს ჰკითხეს, როდესაც იგი ჟურნალისტებთან რკინიგზის საქმიანობის 9 თვის შედეგების პრეზენტაციისთვის წარდგა. ონოფრიშვილმა მაშინ გადადგომასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

[დავით ონოფრიშვილის ხმა] ”ამას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.”

მანამდე დავით ონოფრიშვილი ბევრს ლაპარაკობდა რკინიგზაში კორუფციასთან ბრძოლაზე, რის შედეგადაც წლინახევრის განმავლობაში პროკურატურაში 45 საქმე გადაიგზავნა. ონოფრიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა და, სხვადასხვა მიზეზით, სამსახურიდან შვიდი მაღალი თანამდებობის პირიც დაითხოვა. მან რკინიგზის მუშაობის რეკორდულ შედეგებზეც ბევრი ისაუბრა:

[დავით ონოფრიშვილის ხმა] ”წლევანდელი წელი საკმაოდ კარგად დაიწყო. ჩვენ საუკეთესო შედეგი გვაქვს ბოლო 15 წლის მანძილზე...”

ონოფრიშვილის საქმიანობის ასეთ შედეგებს ეჭვისთვალით უყურებს მისი ყოფილი კოლეგა ექსპერტი გია ხუხაშვილი:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ერთადერთი, რის გამოც არის მატება, ეს არის ერთი კონტრაქტი ექსომმობილთან. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის შეფერხების გამო გარკვეული ტვირთი გადმომისამართდა რკინიგზაზე. მაგრამ ეს არ უკავშირდება რკინიგზის კარგ მუშაობას. ეს არის კონტრაქტი, რომელიც რკინიგზას დაეცა ციდან.”

მე გია ხუხაშვილს დავით ონოფრიშვილის გადადგომის მიზეზების კომენტირებაც ვთხოვე.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ის იყო კარგი შემსრულებელი, რომელმაც თავისი მისია შეასრულა. დღეს ის აღარ არის საჭირო და ამიტომ ტოვებს თანამდებობას და ის რომ განსაკუთრებით კორუმპირებული იყო, ამ აზრს არ დავეთანხმები. მე ადამიანურად ის მეცოდება, იმიტომ რომ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ როგორ მუშაობს მანქანა.”(სტილი დაცულია)

გია ხუხაშვილის განმარტებით, ამ მანქანაში ინტერესჯგუფთა ზეწოლა იგულისხმება. უფრო მეტი კონკრეტიკისაგან ხუხაშვილმა თავი შეიკავა. არაოფიციალური წყაროების ცნობით კი, დავით ონოფრიშვილს ფინანსურმა პოლიციამ 38 მილიონი ლარის დარღვევები აღმოუჩინა.

ონოფრიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით მეტის დადგენის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ერთია ცნობილი, რომ რკინიგზის ხელმძღვანელი მას შემდეგ არავის უნახავს, რაც 11 ოქტომბრის საღამოს სამუშაო კაბინეტი დატოვა და სახელმწიფო კანცელარიისკენ წავიდა.

ვერაფრით მოხერხდა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დაკავშირებაც. სწორედ სამეთვალყურეო საბჭომ ან უნდა დააკმაყოფილოს, ან არა ონოფრიშვილის განცხადება გადადგომის შესახებ. ჯერჯერობით ამ ორგანოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ონოფრიშვილის საკითხი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს და საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი არველაძეს. როგორც ჩანს, იგი კანდიდატურების განხილვაშიც აქტიურად მონაწილეობს.

[გიორგი არველაძის ხმა] ”თემურ ქურხულის კანდიდატურა მე შემიძლია გამოვრიცხო. თემურ ქურხული არის იქ, სადაც უნდა იყოს და არ მოიაზრება მისი რაიმე სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.”

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სწორედ თბილისის პრემიერი თემურ ქურხული დასახელდა დავით ონოფრიშვილის შემცვლელად. ასევე არაოფიციალურად განიხილება ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის, ახლა კი სადაზღვევო კომპანია ”ირაოს” ხელმძღვანელის, არმაზ თავაძის კანდიდატურაც.
XS
SM
MD
LG