Accessibility links

logo-print

რქაგრეხილი თხა გადარჩენისთვის იბრძვის. რა მოელის ლუჟიცელ მგელს


დღევანდელი “უხილავი ფარდისთვის” უფრო სწორი

იქნებოდა “ცხოველთა სამყაროში” გვეწოდებინა, მაგრამ ლაპარაკი იმ ცხოველებზეა, რომლებიც ფარდის მიღმა არიან - მათ ხშირად ვერ ხედავთ და მათ გარშემო ქმედებაც ფარულია, ყოველკვირეული “უხილავი ფარდა” გარეულ თხასა და მგელს ეძღვნება.
რქაგრეხილი თხით დავიწყოთ. ეს არის გარეული თხების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელი, რომელსაც გადაშენება ემუქრება ლამის ყველა ქვეყანაში, სადაც კი ის გავრცელებულია. მხოლოდ პაკისტანში აუღეს ალღო ბუნების ამ მშვენებას და მის გადარჩენას ცდილობენ.
რქაგრეხილი თხა თუ არა, მისი რქებისგან დამზადებული ყანწები უთუოდ გენახვებათ. სწორედ ეს რქებია, რომ იზიდავს ურიცხვ მონადირეს, რომლებიც ამ ცხოველს ათწლეულების განმავლობაში უმოწყალოდ ხოცავდნენ ტაჯიკეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში. არეალების მიხედვით, არსებობს რქაგრეხილი თხის ქვეტიპები. ისინი ყველა ერთმანეთზე ლამაზია - ზოგი მოზრდილია,ზოგიც მომცრო. ბუხარის რქაგრეხილი თხა რამდენიმე ასეულია შენარჩუნებული თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამ ნაკრძალში. ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის არეალშიც არის შემორჩენილი მათი მცირე რაოდენობა. ჩვენს “რადიოს” ბადახშანის ზოოლოგიური ლაბორატორიის დირექტორმა მამადშო ყამშოევმა უთხრა, რომ გასულ საუკუნეში მათი რიცხვი ორასს აღწევდა, ახლა კი მხოლოდ ორი-სამი ათეული არსებობს.

(ყამშოევის ხმა) “რქაგრეხილი თხის რიცხვი მცირდება. 2003 წელს სპეციალისტებმა ნახეს მხოლოდ 9 ერთეული. ორი მათგანი ყოჩი იყო, დანარჩენები - დედლები და ციკნები. სულ, ჩემი აზრით, მათი რიცხვი 25-30-ია და საფრთხე კვლავ ემუქრებათ.”

რქაგრეხილ თხაზე ნადირობა ამ ქვეყნებში აკრძალულია, მაგრამ ჩინეთში, სადაც რქის ძვალს სამედიცინო მიზნით იყენებენ, 1000 დოლარს მოგცემენ ერთ კილოგრამში, რაც ბევრს ბრაკონიერობისკენ უბიძგებს. მსგავსი ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთის ქაშმირში, სადაც “პირ პანჯალის რქაგრეხილი თხის” რიცხვი 155-მდე შემცირდა. თუმცა იმედია, რომ ამ არეალში ის არ გადაშენდება, რადგან აქ უფრო მეტია, ვირდე ზემოთ ხსენებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ვივეკ მენონი ინდოეთში წარმოადგენს “უაილდ ლაიფ ტრასტს” - ბუნების დამცველთა ორგანიზაციას, რომელიც იშვიათი სახეობების გადარჩენისთვის იბრძვის. მენონი ამბობს, რომ ბრაკონიერობამ და საძოვრების განადგურებამ საფრთხე შეუქმნა ამ სახეობას ქაშმირში:

(მენონის ხმა) “როცა სახეობის წარმომადგენელთა რიცხვი ერთი-ორი ასეულია, ბიოლოგიური თვალსაზრისით, მათ გადაშენების საფრთხე ემუქრება. დამშვიდების საფუძველი არა გვაქვს, როცა 200-300 ერთეულზეა ლაპარაკი.”

ავღანეთში რქაგრეხილი თხის რაოდენობა არ არის დადგენილი. მის მეზობელ პაკისტანში ვითარება უკეთესია, რადგან თავის დროზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რქაგრეხილი თხის მოკვლის ლიცენზიის გაყიდვის წესი დაედგინა. ბელუჩისტანის პროვინციაში მოქმედებს “ტორღარის ბუნების დაცვის” საზოგადოება - არაკომერციული გაერთიანება, რომელიც კოორდინაციას უწევს ამ იშვიათი სახეობის შენარჩუნებისა და გადარჩენის საქმეს. მისი ხელმძღვანელია ნასირ ტარინი, რომელიც განგიმარტავთ, თუ რა არის ამ პროექტის არსი:

(ტარინის ხმა) “ამ ცხოველის რიცხვი ადრე საგრძნობლად შემცირდა. ხოცვა იყო ამის მთავარი მიზეზი და მთავრობაც ვერ ახერხებდა ბრაკონიერთა ალაგმვას. ამ კუთხის უხუცესებმა იმსჯელეს და დაადგინეს, საკუთარ თავს ჩვენვე უნდა ვუშველოთო. მათ სანადირო ლიცენზია შემოიღეს შეზღუდული ოდენობით და გადაწყვიტეს, რომ შემოსული თანხა თემისთვისვე მოეხმარებინათ. ადგილობრივი მოქალაქეებისგან შეიქმნა რაზმი, რომელსაც ცხოველთა ხოცვა უნდა შეეჩერებინა.”

ეს იყო ოცი წლის წინ. ამ ინიციატივამ შედეგი გამოიღო: რქაგრეხილი თხის რიცხვი ბალუჩისტანში ასიდან 2000-მდე გაიზარდა. წელს, მაგალითად, 5- ჯერ იქნა გაცემული ლიცენზია და შემოსავალმა 150 დოლარს მიაღწია. თანხის 80 პროცენტი თემს ხმარდება - ხელფასებს, ინფრასტრუქტურას და სხვ. ამ მაგალითს სხვა არეალებმაც მიბაძეს. ტარინი ფიქრობს, რომ შუა აზიის ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა მსგავსი პროექტის გატარება, რადგან თემების ეკონომიკური დაინტერესება ბევრს ნიშნავს.

ეკონომიკური დაინტერესება ამოძრავებს მგლის მოკვლის უფლებისთვის მებრძოლ იოახიმ ბახმანს, ლუჟიცელ მონადირეს, რომელსაც ცხოველები, რომელთა მოკვლაც სურს, პრობლემას უქმნიან. ორიოდე სიტყვა ახლა უკვე მგლების შესახებ, რომელთა რიცხვმა ლუჟიცის არეალში - ეს არის საქსონიის ჩრდილო-აღმოსავლეთი, ქვემო სილეზიის ნაწილი - 16-ს მიაღწია. ამ თექვსმეტიდან უმეტესობა ახალგაზრდა ცხოველები არიან, რომლებსაც რეგიონში მომხრეები და დამცველები ჰყავთ. ჰყავთ მტრებიც, მაგრამ საერთო ევროპული კანონი, რომელიც იცავს მგელს, როგორც იშვიათ ცხოველს, მათ გასაქანს არ აძლევს. იოახიმ ბახმანმა სასამართლოში მოითხოვა, მიეცათ მისთვის განსაკუთრებული უფლება მგლის მოკვლისა, როგორც ზიანის მომტანი ნადირის.
აი, რა გვითხრა “მგლის რეგიონი - ლუჟიცის” საკონტაქტო ბიუროს ხელმძღვანელმა იანა შელენბერგმა:

(შელენბერგის ხმა) “იოახიმ ბახმანი ჩივის მგლების გამო, რადგან შიშობს, რომ ისინი ემუქრებიან სხვა ცხოველებს - ირმებს, შვლებს, ტახებს, ყველა ცხოველს, რომელთა სიმრავლით დაინტერესებულია ეგერი. ის შიშობს, რომ ეს არეალი, რომელიც მან დაიქირავა, ფასს დაკარგავს, რამაც ეგერს ზარალი შეუძლია მოუტანოს. ბახმანივე შიშობს, რომ მგელი ადამიანებისთვის შეიძლება საშიში გახდეს. ამბობს, შეიძლება ადამიანებს მიეჩვიონო, და ამას იმით ასაბუთებს, სოფლებში დარბიანო.”

იანა შელენბერგის თქმით, სინამდვილეში, მგელი ძალიან ფრთხილია - ის ადამიანთან კონტაქტს ერიდება, თუმცა ამ გარემოში ცხოვრობს და სოფელსაც გაივლის ხოლმე გადაადგილების დროს, რა თქმა უნდა, ღამით. აქვე გეტყვით, რომ “მგლის რეგიონი - ლუჟიცის” საკონტაქტო ბიურო შეიქმნა რეგიონული მთავრობის ინიციატივით, არა მხოლოდ მგლების, არამედ, საერთოდ, ბუნების დაცვის მიზნით და მისი ამოცანა ეგერებთან, მონადირეებთან ურთიერთობაა. რეგიონი ძალიან მდიდარია ფაუნით და მისი განადგურება გაუკონტროლებელი ხოცვით ძალიან იოლია. იანა შელენბერგის თანახმად, მონადირეები მგელს თავიანთ კონკურენტად აღიქვამენ და ესაა მიზეზი, რომ ასე ძალინ სურთ ხოლმე მისი მოკვლა. ახლა ეგერ იოახიმ ბახმანსაც მოვუსმინოთ. ის, თავის მხრივ, ამბობს, რომ მისი მიზანი იყო მიეღო უფლება მეცხვარე ძაღლის და მგლის ნაჯვარის - ეგრეთ წოდებული ჰიბრიდის - მოკვლისა. ჰიბრიდი, მისი თქმით, არც მგელია და არც ძაღლი - ან ორივე ერთადაა - და, ამდენად, მეტ საშიშროებას წარმოადგენს. ბახმანის თქმით, კანონი ჰიბრიდის მოკვლასაც კრძალავს.

(ბახმანის ხმა) “აქ არიან ჰიბრიდები, - ეს არის ძაღლის და მგლის ნაჯვარი, - რამდენიმე ერთეული. ის, მგლისგან განსხვავებით, ადამიანს ეჩვევა და არ იცი, რას უნდა მოელოდე მისგან. ჩვენ ჰიბრიდის მოკვლა გვსურდა.”

ბახმანი ამბობს, რომ სასამართლომ, რომელმაც უარი უთხრა მას ეხოცა ნადირი, კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ბახმანს იურისტებმა განუმარტეს, რომ მოქალაქეს, რომელსაც ადამიანის ბედი ადარდებს და მგლისგან მისი დაცვა სურს, არა აქვს უფლება დაიცვას ისინი ძალის გამოყენებით, რომ ეს სახელმწიფოს საქმეა. ახლა ბახმანი აპირებს შემდეგ ინსტანციას მიმართოს, რადგან მაინც იმედოვნებს, რომ ნადირის მოკვლის უფლებას მიიღებს. ჩვენთან საუბარში ლუჟიცელმა ეგერმა რუმინეთიც ახსენა, სადაც ორასი ევრო ღირს ლიცენზია - ამ თანხად შეგიძლიათ მოკლათ მგელი.
XS
SM
MD
LG