Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა მინისტრთან საპარლამენტო უმრავლესობის დაპირისპირების სეზონური ხასიათი

  • ნინო როდონაია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა პერიოდული კრიტიკის ობიექტად რჩება. ამჯერად სალომე ზურაბიშვილისა

და მისი უწყების მუშაობით გამოწვეულ უკმაყოფილებას პარლამენტი საერთაშორისო არენაზე საქართველოს იმიჯის შელახვას უკავშირებს. საუბარია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციაზე, რომლის რატიფიცირების ვადა ერთი თვის წინ ამოიწურა.

დამნაშავე იმის გამო, რომ საქართველო ევროსაბჭოსადმი არსებულ ერთ-ერთ ვალდებულებას ვერ ასრულებს, საგარეო საქმეთა სამინისტროა, - ასე ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობა. სალომე ზურაბიშვილისადმი უკმაყოფილების საშემოდგომო ტენდენცია ხუთშაბათის სხდომაზეც გაგრძელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებას, რომ რატიფიცირებისთვის გამზადებული კონვენცია უკვე რამდენიმე ხანია პრეზიდენტის კანცელარიას გადაეცა, მთავარ დამნაშავესთან დაკავშირებული მოსაზრება არ შეუცვლია პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანისთვის:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ,,საგარეო საქმეთა სამინისტრო იძახის, რომ ჩემი ბრალი არ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრალიაო? ამ შემთხვევაში მათი პრობლემაა, რომ მოაგვარონ, რომ საკითხი შემოვიდეს. თუ ისინი ეხლა ხელს იშვერენ ადმინისტრაციისკენ, ეს ჩემთვის სიახლეა.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკა ერთგვარ სეზონურ მოვლენად იქცა, იმ განსხვავებით, რომ უკმაყოფილების თავდაპირველი გამომხატველები პერსონალურად იცვლებიან. ამჯერად ეს მისია მიხეილ მაჭავარიანმა შეასრულა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადადგომას მოითხოვს, თუ მისი უწყება პარლამენტს რატიფიცირებისთვის არ წარუდგენს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციას და კიდევ რამდენიმე დოკუმენტს.
თუკი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მთავრობის წევრთა კრიტიკის სტატისტიკას გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების საპარლამენტო ნაწილს ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,არანაირი ინციდენტი არ ყოფილა, არანაირი დაპირისპირება, მით უმეტეს, პიროვნული, არც ყოფილა და არც შეიძლება იყოს. უბრალოდ, მე გაოცებული ვარ იმით, რომ, მიუხედავად ჩემი თხოვნისა, რომლითაც მე ქალბატონ სალომესაც მივმართე, რომ არ მომხდარიყო ელჩების გამოწვევა ჩემი ბრიუსელში ყოფნის დროს, მაინც მოხდა.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რაიმე ინციდენტისა და დაპირისპირების არსებობას ამ გაზაფხულზე უარყოფდა, როდესაც ბელგიაში ჩასულს საქართველოს ელჩი გაწვეული დახვდა. ელემენტარული უხეში შეცდომა - ასე აფასებდნენ უმრავლესობის წევრები სალომე ზურაბიშვილის მიერ დიპლომატების გამოწვევის ფაქტს. მოგვიანებით პარლამენტმა უარი თქვა შვეიცარიაში საქართველოს ელჩის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის კანდიდატურის განხილვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტით პირადად ზურაბიშვილისთვის სამაგიეროს გადახდის ვერსიას უმრავლესობა ერთხმად უარყოფდა, რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ უმრავლესობას ოპოზიციისგან განსხვავებული მოტივი ჰქონდა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ამ შემთხვევაში მინისტრისადმი დაპირისპირება არ იყო ჩემი მოტივი. მაგრამ არის ხალხი, რომლისთვისაც ეს იყო პირდაპირი მოტივი - დაპირისპირება ქალბატონ სალომესთან.” (სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა მინისტრისადმი ამჟამინდელი პრეტენზიები შინაარსობრივად გაცილებით სერიოზული ხასიათისაა და, საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ქვეყნის პრესტიჟს შეეხება. თავად სალომე ზურაბიშვილი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება და უმრავლესობის საშემოდგომო კრიტიკას პასუხს, სავარაუდოდ, თბილისში დაბრუნების შემდეგ გასცემს. რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციას, რომლის რატიფიცირებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულება პარლამენტმა, სექტემბრის ნაცვლად, ოქტომბერში გაიხსენა, სამინისტროსა და კანცელარიას შორის დაკარგული ეს დოკუმენტი დეპუტატებმა ხუთშაბათს საღამოს მიიღეს.
XS
SM
MD
LG