Accessibility links

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ხელისუფლებას თავს შეახსენებენ


ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო ადგილების შექმნა, ანაბრების დაბრუნება, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლითაც მოქალაქეების ერთი ნაწილი გამოდის და ხელისუფლებას სოციალურად დაუცველი ადამიანების არსებობას შეახსენებს. ეს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით გრანდიოზული საპროტესტო აქციის მოწყობასაც აპირებენ: 4 ნოემბერს საქართველოს ყველა ქალაქში, მერიებისა და გამგეობების წინ, მდუმარე აქციის გამართვა იგეგმება.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიდან ყველაზე მძიმე ყოფა პენსიონერებსა და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს აქვთ. პენსიონერი თვიდან თვემდე 28 ლარის იმედადაა, უმუშევარს კი ესეც სანატრელი აქვს. სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოქალაქეს მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში და ისიც სულ რაღაც 20-20 ლარით ეხმარება. უმუშევრად დარჩენილმა ბატონმა ბესარიონმა 42 წლის ასაკში პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა:

[მამაკაცის ხმა] „ძალიან ძნელია სამსახურის შოვნა. სწავლა სიკვდილამდეო, ხომ გაგიგონიათ. 40 წელს გადაცილებული კაცი ვარ, მაგრამ კომპიუტერისა და ინგლისურის სწავლა გადავწყვიტე. ამის გარეშე ვერსად ვიშოვი სამსახურს.“

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ბატონ ბესარიონის მსგავსად, უმუშევრადაა დარჩენილი და სამსახურს ეძებს საქართველოში მცხოვრები შრომისუნარიანი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი.

[ნოდარ კაპანაძის ხმა] „2005 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, უმუშევრობის დონე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მკაცრი კრიტერიუმის თანახმად, არის 14 პროცენტი, შერბილებული კრიტერიუმის მიხედვით კი - 16,7 პროცენტი.“ (სტილი დაცულია)

სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ნოდარ კაპანაძის თქმით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ადამიანი - დაახლოებით 22 ათასი - სახელმწიფოს მართვის აპარატიდან და თავდაცვის სისტემიდან დაითხოვეს. გასაკვირი არ არის, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რისხვა ხელისუფლებისკენაა მიმართული.

[მამაკაცის ხმა] „მე გავეცანი აშშ-ის მთავრობის წევრთა ასაკს და ვნახე, რომ ორმოც წელზე ახალგაზრდა თითქმის არავინაა. აქ კი ახალგაზრდებს ჩაუვარდათ ხელში ყველაფერი... ფაქტობრივად, ჩვენ მოგვიწია ებრაულმა წყევლამ, თქვენ გმართავდნენ ყმაწვილებიო.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „ვისაც შეგვეხო ეს შემცირება, უნდა წავიდეთ უკიდურეს ზომებზე... კარგად ვერ გავრკვეულვართ, რა ვქნათ. ნორმალური ლაპარაკი არ ესმით!“

იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ ესმის, უმუშევართა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც გიორგი ბერძენიძე ხელმძღვანელობს, 4 ნოემბერს საქართველოს ყველა ქალაქში, მერიებისა და გამგეობების წინ, მდუმარე აქციას გამართავს.

[გიორგი ბერძენიძის ხმა] „ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ იმის გამო, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდნენ ლოზუნგებით და ათასი პუნქტი იყო იქ მითითებული, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ რეალურად ასიდან ორი პუნქტი თუ შესრულდა. ჩვენ ზუსტად ამას ვაპროტესტებთ და ვითხოვთ კონსტიტუციური უფლებების აღდგენას, მეტს არაფერს.“(სტილი დაცულია)

თუმცა ერთი - თუნდაც მასშტაბური - აქცია რომ საქმეს ვერ უშველის, ამის შესახებ კარგად უწყიან უმუშევართა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას სპორტის სასახლეში ნოემბრის მესამე დეკადაში გეგმავენ. უმუშევართა საინიციატოვო ჯგუფის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ხელისუფლება იძულებული გახდება, საკუთარი კეთილდღეობის გარდა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზეც იზრუნოს.
XS
SM
MD
LG