Accessibility links

logo-print

თბილისში ქართულ–ამერიკული ფაგოთერაპიული ცენტრი გაიხსნა


“ფეიგ ინტერნეშენალი” ქართულ–ამერიკული თერაპიული ცენტრია, რომელიც პაციენტებს ბაქტერიოფაგებით მკურნალობას სთავაზობს. ამ ცენტრის ძირითადი მისიაა

დაეხმაროს და განკურნოს ისეთი ავადმყოფები, რომელთა დაავადებები რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ. დასავლეთ ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, ბაქტერიული ინფექციების ბაქტერიული ფაგებით მკურნალობის პრაქტიკა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ფართოდ გამოიყენებოდა. უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში საქართველო გლობალური ბაქტერიოფაგიული ექსპერტიზის ცენტრს წარმოადგენდა. შესაბამისად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქართულ–ამერიკულ კომპანიას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.

ფაგოთერაპიის ცენტრი თბილისშია განლაგებული. იგი 2003 წელს გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტისა და სამედიცინო პოლიმერების და ბიომასალების ცენტრის წამყვანმა მეცნიერებმა დააარსეს. 2005 წელს ფაგოთერაპიის ცენტრი ამერიკულ–„ფეიგ ინტერნეშენალს“ შეუერთდა და მის სრულუფლებიან შვილობილ კომპანიად იქცა. შვილობილი - ისევე როგორც სათავო - კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დასავლური სტანდარტებით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულების გახსნა. ამ ცენტრის ძირითადი ამოცანა ინფიცირებული ზედაპირული ჭრილობების ბაქტერიოფაგებით მკურნალობაა. ცენტრი, ავადმყოფთა მკურნალობის გარდა, ფაგების კვლევასაც განახორციელებს. საამისოდ კი, ამერიკელებისგან განსხვავებით, ქართველ მეცნიერებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

[მარინა თედიაშვილის ხმა]“ელიავას ინსტიტუტი ეს არის ბრენდი, ეგრეთ წოდებული, და ამიტომ ამ ინსტიტუტის მიერ წარმოებული პრეპარატები არის, რა თქმა უნდა, გარანტია საუკეთესო ხარისხისა და საუკეთესო შედეგის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “ფეიგ ინტერნეშენალის” მოღვაწეობა ჩვენს საზღვრებს გარეთ, რაც გულისხმობს ჩვენი პრეპარატების გამოყენებას პაციენტების სამკურნალოდ ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ, ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკაში, რაზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ.” (სტილი დაცულია)

როგორც გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი მარინა თედიაშვილი შენიშნავს, თბილისში ფაგების კვლევისა და ფაგოთერაპიის მსოფლიო ცენტრის შექმნის იდეა ათეული წლების წინ ჯერ კიდევ ცნობილ მეცნიერს გიორგი ელიავას გაუჩნდა. ამ იდეის ხორცშესხმისათვის შესაფერი დრო დადგა. მით უფრო, რომ ელიავას სახელობის ინსტიტუტში შექმნილი ბაქტერიოფაგიული პრეპარატები და ნოუჰაუ, რომელსაც ცენტრი საკუთრ ავადმყოფებზე პრაქტიკულად გამოიყენებს, ჩვენი ქვეყნისათვის ისეთივე საგანძურია, როგორიც არის თუნდაც ისტორიული ძეგლები.



[რონალდ ხუსენსის ხმა]“ თუ ამას ჩვენ დავუკავშირებთ იმ დიდ ბიზნესგამოცდილებას და ფინანსებს, რაც გააჩნია და რაზეც ხელი მიუწვდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ წარმატებას მივაღწევთ. როგორც მშობელი კომპანია ამ ტექნოლოგიებს ჩვენი ცენტრების მეშვეობით, მსოფლიო მასშტაბით ყველა პაციენტს მივაწვდით.“

ასე გეგმავს ერთობლივი კომპანიის მომავალს ფაგო ინტერნეშენალის პრეზიდენტი რონალდ ხუსენსი. იგი ერთ–ერთია მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ კაცობრიობამ ანტიბიოტიკის ალტერნატიულ საშულებების დანერგვა დააგვიანა, ფაგები კი ამ მიმართულებით, თავის მხრივ, უალტერნატივოა.

[გურამ გვასალიას ხმა] 21–ე საუკუნეში მხოლოდ 2 ანტიბიოტიკი მოაწოდეს და მერწმუნეთ, რომ ცოტა ხანში მათ მიმართ რეზისტენტობა იქნება მაღალი. ჩვენ არავითარი უფლება არ გვქონდა არც გვაქვს არ გამოგვეყენებინა ის ცნობილი ბიოლოგიური ფენობემი, რომ ბაქტერიოფაგი წარმატებით კლავს ინფექციის გამომწვევ მიზეზს. ამასთან დაკავშირებით მე მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენთაგანს ეს ღირშესანიშნავი მოვლენა. მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და ყველას ვუსურვო წარმატება ამ ახალსა და პერსპექტიულ საქმეში.“

ეს ექსპერტი გურამ გვასალია. მის ნათქვამს დავსძენთ, რომ ამიერიდან გართულებული ინფიცირებული ჭრილობების ქართული ფაგებით მკურნალობა თბილისის ფაგო–ცენტის გარდა, შესაძლებელი იქნება ასევე მექსიკის ტიხუანის ახალ კლინიკაშიც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა.
XS
SM
MD
LG