Accessibility links

რატომ გაჭიანურდა ევროკავშირთან საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავება


ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმის

შემუშავების დაყოვნების გამო. შენიშვნა ევროკავშირის მისამართით - იმის გამო, რომ სწორედ ევროკავშირის მხრიდან გაჭიანურდა საქართველოსთან მოლაპარაკება სამოქმედო გეგმის თაობაზე - სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროსაც გამოთქვა. ეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სთროუსთან შეხვედრაზე მოხდა. პასუხად თავისი ბრიტანელი კოლეგისგან სალომე ზურაბიშვილმა მიიღო დაპირება, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე იქნება შემუშავებული. რატომ გაჭიანურდა ევროკავშირთან საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავება და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ გეგმას?


ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთდროულად ცნო ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის მონაწილეებად. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ხსენებული ქვეყნებისთვის ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის საერთო გეგმა უნდა შემუშავებულიყო. გეგმა საქართველოს შემთხვევაში ერთი იქნება, სომხეთის შემთხვევაში მეორე და აზერბაიჯანის შემთხვევაში მესამე. უბრალოდ, როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აღნიშნავს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ერჩივნათ გეგმათა შემუშავებისთვის მოლაპარაკება სამივე ქვეყანასთან ერთი ტურნეს ფარგლებში ეწარმოებინათ და საქართველოც ამ სურვილის გამო დაზარალდა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ევროკავშირის სპეციალური დელეგაციის მოლაპარაკება აზერბაიჯანსა და სომხეთთან არსებული უთანხმოების გამო ორჯერ გადაიდო. უკანასკნელ ჯერზე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის დელეგაციის ჩამოსვლის გადადების მიზეზი აზერბაიჯანი გახდა.

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”აზერბაიჯანს გაუჩნდა პრობლემა: დანიშნეს თვითმფრინავის რეისი ჩრდილო კვიპროსში - თურქულ კვიპროსში - ისე, რომ ეს კვიპროსთან არ ყოფილა შეთანხმებული. ჩვენ იმას კი არ ვჩივით, რატომ არ ვუყვარვათ და არ ჩამოდიან ჩვენთან, არამედ იმას, რატომ ჩაიშალა ჩვენთან მოლაპარაკება აზერბაიჯანის გამო.” (სტილი დაცულია)

რა შუაში ვართ ჩვენ? ეს შეკითხვა დასვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლახან, თავის ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრისას. პასუხად, როგორც უკვე ვთქვით, მიიღო დაპირება სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში სამოქმედო გეგმის წლის ბოლომდე შემუშავების თაობაზე. გეგმა 2-3 წლიანი უნდა იყოს. მის ფარგლებში ევროკავშირი გაუწევს საქართველოს დახმარებას წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების, ასე ვთქვათ, ამოსაქაჩი პროგრამების დაფინანსებით. ევროკავშირთან სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში სამოქმედო გეგმისთვის საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებების ნუსხა საქართველოშიც შეიმუშავეს (სპეციალურ კომისიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უდგას სათავეში) და ევროკავშირშიც. ” ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის კომისიის მიერ მომზადებული არაფორმალური დოკუმენტი და მივიჩნიეთ, რომ ის შეიცავს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებს,” - თქვა ამას წინათ საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და იქვე დასძინა: ” ყველას ვაფრთხილებთ, რომ არ მივიღებთ ასეთ გეგმას. ჯობს მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ვიდრე შემდგომი წლების მანძილზე ვიმოქმედოთ იმ გეგმით, რომელიც არ იქნება ჩვენს ინტერესებზე მორგებული. ”

ჩვენ ვკითხეთ კოტე გაბაშვილს, რა ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით უნდა შედგეს მოლაპარაკება ევროკავშირის დელეგაციასთან და გავარკვიეთ, რომ ესენია: კანონის უზენაესობის მიღწევა, ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რაშიც იგულისხმება ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში მუშაობა, განათლების სისტემის გაძლიერება და 4 თავისუფლება: საქონლის, პიროვნების, კაპიტალისა და მომსახურების გადაადგილება.

სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხი აჩვენებს, რამდენად წაიწევს წინ საქართველო ევროკავშირისკენ უახლოეს წლებში. ამდენად, საქართველოს მონაწილეობა სამეზობლო ინიციატივაში არ ნიშნავს იმას, რომ მას უკვე ევროკავშირის სამომავლო წევრად განიხილავენ. საქართველოს ჯერ წარმატებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და კონფლიქტების გადაწყვეტისათვის სამშვიდობო კურსის განმტკიცებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG