Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოს დახმარებას ჰპირდება


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას განაახლებს და ასევე

გაააქტიურებს მუშაობას ჩეჩენი ლტოლვილების მესამე ქვეყნებში გადასაყვანად. საქართველოსთვის ეს შედეგი მოიტანა 7-11 ოქტომბერს ჟენევაში გამართულმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 56-ე სესიამ. მასზე განხილვის საგნად იქცა აგრეთვე საქართველოდან დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხები.

საქართველოში წლების მანძილზე მოუგვარებელია სხვადასხვა სტატუსის მქონე დევნილთა, ლტოლვილთა და რეპატრიანტთა პრობლემები. აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან დევნილების, ჩეჩენი ლტოლვილების თუ მესხი რეპატრიანტების ჰუმანიტარული და სამართლებრივი საკითხების მოგვარება საქართველოს ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ვალდებულებაა. სწორედ ეს შეახსენეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ეთერ ასტემიროვას ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 56-ე სესიაზე, როდესაც საქართველოდან დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის საკითხი განიხილებოდა.

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”ჩვენ შუა აზიის ქვეყნებში გაგზავნილი გვყავს ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან იქ საქართველოდან დეპორტირებულთა მასალებს და ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ პროცესს. იქ ითქვა, აუცილებელი პირობა უნდა იყოს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათ უნდა მიეცეთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რაც მათ თავისუფალი გადაადგილების და არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.”(სტილი დაცულია)

ეთერ ასტემიროვამ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო უარს არ ამბობს საქართველოდან დეპორტირებულ მესხთა რეპატრიაციის პროცესის დაწყებაზე, თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვნადაა გადაჯაჭვული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე. ეთერ ასტემიროვას თქმით, ამაში, უმთავრესად, იგულისხმება დევნილთა ელემენტარული სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, დევნილებისა, რომელთა 80 პროცენტი საარსებო მინიმუმის ქვევით ცხოვრობს. ასტემიროვას ინიციატივის საფუძველზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა გადაწყვიტა უახლოეს მომავალში საქართველოში დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა განაახლოს.

ეს დახმარება არ შეეხება საქართველოში კომპაქტურად განსახლებულ ჩეჩენ ლტოლვილებს. თუმცა არც ისინი დარჩენილან უმაღლესი კომისარიატის სესიის ყურადღების მიღმა. როგორც ცნობილია, ჩეჩენი ლტოლვილები დიდი ხანია მოითხოვენ საქართველოდან მესამე ქვეყანაში გადასახლებას.

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”თვითონაც მოითხოვენ და ჩვენც ვთხოვეთ, იმიტომ რომ ვერ გრძნობენ თავს კარგად საქართველოში რუსეთის აგრესიის გამო. თვითონაც აღგვითქვეს, რომ თანდათან დაიწყება ძალისხმევა ჩეჩენი ლტოლვილების გაყვანის მიმართულებით.”(სტილი დაცულია)

ეთერ ასტემიროვას ჟენევაში ვიზიტის კიდევ ერთი მთავარი შედეგია ის, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტიერესმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. მისი ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება. მანამდე კი საქართველოს ეწვევა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დევნილთა, ლტოლვილთა და რეპატრიანტთა პრობლემატიკას შეისწავლის შემდგომში ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG