Accessibility links

როგორ ემზადება მსოფლიო ფრინველის გრიპის პანდემიის საფრთხისთვის?


დღეს ვუბრუნდებით თემას, რომელზეც ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. დღეს ამ თემით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყო დაკავებული:

მას მინისტრებმა ლადო ჭიპაშვილმა, მიხეილ სვიმონიშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა ჩააბარეს ანგარიში იმის შესახებ, თუ რა ზომებია მიღებული, თუ დაგეგმილი იმისათვის, რომ საქართველოში არ გავრცელდეს ფრინველის გრიპი. გამოიყო 800 000 ლარი ვაქცინების, ინვენტარისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად, აიკრძალა ქათმის პროდუქციის იმპორტი თურქეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან, აიკრძალა გარეულ ფრინველებზე ნადირობა. ახლა კი თქვენს ყურაღდებას უცხოეთს მივაპყრობთ - რა ზომებს მიმართავენ სხვა ქვეყნებში ფრინველის გრიპის გავრცელების წინააღმდეგ?

ფრინველის გრიპმა მსოფლიო ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეაშფოთა, აზიაში დაწყებული ეპიდემიის გამო. გრიპი მაშინ ადამიანებზეც გავრცელდა და 100-ზე მეტი ინფიცირებულიდან, სულ ცოტა, 60-ის სიცოცხლე შეიწირა. ლაპარაკია ვირუსის ფორმაზე, რომელსაც H5N1-ს უწოდებენ. ის, როგორც სიკვდილის შემთხვევები ცხადჰყოფს, ძალიან საშიშია, მაგრამ ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. თუმცა, როგორც ექიმები შიშობენ, შესაძლოა, სახე იცვალოს და მიიღოს ფორმა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზეც გადავა და ამ შემთხვევაში, მსოფლიოს პანდემია, ანუ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრება. მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა, მილიონები შეადგინოს...

ბოლო ხანს ფრინველის გრიპთან დაკავშირებულ საფრთხეზე იმ უბრალო მიზეზით გახშირდა ლაპარაკი (გახშირდა თუნდაც ჩვენს გადაცემებში), რომ მისი გავრცელების არეალი სულ უფრო იზრდება. ზემოხსენებული ვირუსი H5N1 აღმოაჩინეს თურქეთში, და, შესაძლოა, რუმინეთშიც. ეს ცნობა არა მარტო მეზობელ ქვეყნებს აშინებს - თუნდაც ევროკავშირის წევრებს, ან საქართველოს. აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა მაიკ ლივიტმა დღეს ვიეტნამში ვიზიტისას აღნიშნა: [მაიკ ლივიტის ხმა] “საჭიროა ზომების მიღება, მაგრამ ლაპარაკია მოსამზადებელ სამუშაოებზე. რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ფრინველის გრიპის პანდემია იფეთქებს, არავინ უწყის, მაგრამ ნამდვილად შემაშფოთებელი სიგნალია ვირუსის აღმოჩენა თურქეთში, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში, რომლებზეც გადის გადამფრენი ფრინველების მარშრუტი”.

ამერიკელი მინისტრის მიერ ნახსენები შემაშფოთებელი სიგნალი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. აზიაში, ახლა უკვე თურქეთსა და რუმინეთშიც, მილიონობით ფრინველი გაწყვიტეს, რუსეთში კარანტინი შემოიღეს დაზარალებულ რეგიონებში წელს, ზაფხულში ფრინველის გრიპის ციმბირში გავრცელების შემდეგ. ვეტერინარიის ევროპელმა ექსპერტებმა კონფერენცია გამართეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მომავალ კვირაში, სამშაბათს იკრიბებიან ბრუსელში სასწრაფო ზომებზე მოსალაპარაკებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სახელმწიფოებს მოუწოდა, მოიმარაგონ პრეპარატები, რომლებიც საჭირო გახდება, თუ ფრინველის გრიპი ადამიანებშიც გავრცელდა; მოუწოდა ასევე, შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა პანდემიის შემთხვევისათვის.

ვირუსის გავრცელების საფრთხისათვის, ბუნებრივია, ემზადებიან ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა, ისინი მაინცდამაინც დამაიმედებლ განცხადებებს არ აკეთებენ: ვარაუდობენ, რომ ძლიერი, ეფექტიანი მედიკამენტის გამოშვებამდე კიდევ თვეები, ის კი არა, შესაძლოა წლებიც კი გავიდეს.

ასეთ ვითარებაში ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩანს.
XS
SM
MD
LG