Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ”საუკუნის პროექტი” პომპეზურად აღნიშნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლებამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთზე ნავთობის გავლასთან დაკავშირებით

გასულ კვირაში გარდაბანში საზეიმო ცერემონია გამართა და ეს ფაქტი აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად აღნიშნა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”საუკუნის პროექტის” მნიშვნელობას შემდეგნაირად ხსნის: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვართ ერთი რეგიონი, ჩვენ ვართ ერთი ეკონომიკა, ჩვენ ვართ ერთი ურთიერთგადახლართული კომპლექსი. რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს ნავთობსადენი – ეკონომიკურად ეს ნიშნავს მეტი ინფრასტრუქტურის შექმნას, ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მაგრამ ამ ნავთობსადენის მნიშვნელობა პირველ რიგში არის პოლიტიკური, საქართველოს მნიშვნელობა იზრდება მსოფლიო რუკაზე და ამ რეგიონში. მომავალ წელს ჩვენ მივიღებთ გაზსადენს და გაზსადენის მნიშვნელობა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გაზსადენი ასევე ნიშნავს საქართველოს რეალურ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“.

ამ დღეებში ხელისუფლებამ და ექსპერტებმა ბევრი ისაუბრეს ”საუკუნის პროექტის” მნიშვნელობაზე, მის სარგებელზე, მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე საქართველოს როლის ზრდასა და ა.შ.

მაშინ როდესაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი გარდაბანში ნავთობსადენის ქართული მონაკვეთის საზეიმო გახსნას აღნიშნავდა, თბილისში რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ”საუკუნის პროექტის” მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდა. არასამთავრობოები ამ პროექტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას ეჭქვეშ არ აყენებენ, თუმცა პრეტენზიები აქვთ მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამო, რომელის წყალობითაც ნავთობის დაღვრის საშიშროება არსებობს, ზიანი ადგება გარემოს და ეკოლოგიური კატასტროფის ალბათობა იზრდება.

არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ ნავთობსადენზე დასაქამებული საქართველოს მოქალაქეების შრომის უფლებების დარღვევას. რამოდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეს საპროტესტო განცხადებები საბოლოოდ მხოლოდ განცხადებებად დარჩა და ამ პროტესტმა ვერ გააფერმკთალა ის პომპეზური ღონისძიება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ნავთობკომპანიებს ჰქონდათ დაგეგმილი. საზეიმო ცერემონიაზე ოპტიმისტური განცხადებები დომინირებდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი დამამთავრებელ სტადიაში შევიდა და აზებაიჯანისა და საქართველოს შემდეგ კიდევ ერთი გრანდიოზული საზეიმო ცერემონია უკვე თურქეთში იქნება გასამართი.

”საუკუნის პროექტს”, რომლის მნიშვნელობა მართლაც გადაუჭარბებლად დიდია, მალე ყაზახეთი შეურთდება, რომლის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ აზერბაიჯანში, სანგაჩალის ტერმინალზე გამართულ გახსნის ცერემონიაზე დაადასტურა პროექტთან მიერთების მზადყოფნა. ამ შემთხვევაში იზრდება საქართველოს როლიც, რომლის პირდაპირი ეკონომიკური მოგება მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტის პირობებში მაინცდამაინც მაღალი არ არის და წელიწადში 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. თავის დროზე ქართული მხარე პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დათმობაზე წავიდა და ტრანზიტის მინიმალური ტარიფი დააფიქსირა. მილსადენის ყაზახური ნავთობით დატვირთვის შემდეგ ექსპერტებს შესაძლებლად მიაჩნიათ ტარიფის გადახედვა, მითუმეტეს, როდესაც ნავთობის მსოფლიო ფასები რეკორდულად არის გაზრდილი. მსოფლიო სანავთობო ციებ-ცხელებასა და ამ მხრივ საქართველოს როლზე ამახვილებდა ყურადღებას სქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „პროექტის მნიშვნელობა ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა სინამდვილეში, ვიდრე ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. იმიტომ, რომ დამატებითი ერთი მილიონი ბარელი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე შეიტანს გარკვეულ სტაბილურობას ნავთობის ფასებში, რომელიც დღეს არის ძალიან მაღალი“.

საბოლოოდ, გარემოსდამცველთა პროტესტის მიუხედავად, ძვირადღირებული საზეიმო ღონისძიება მაღალი რანგის სტუმრების თანხლებით შთამბეჭდავი გამოდგა და საქართველომ მის ტერიტორიაზე ნავთობის გავლა პომპეზურად აღნიშნა.
XS
SM
MD
LG