Accessibility links

logo-print

კვირის პოლიტიკური მიმოხილვა


გასულ კვირაში 2 მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა

მოხდა საქართველოში. პირველი გახლდათ ის, რომ პარლამენტმა, მიღებული დადგენილებით, რუსეთს მისცა უკანასკნელი შანსი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში გარდატეხის შესატანად, მეორე - გარდაბანთან გაიმართა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის გახსნის საზეიმო ცერემონია. იქ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ ფიქრს და მოქმედებას დიდი გაზსადენის პროექტის დათქმულ ვადებში რეალიზაციისთვის.

[სირენის ხმა]
სირენა მას შემდეგ ჩაირთო, რაც პრეზიდენტებმა თითი დააჭირეს ღილაკს და ჩართეს მექნიზმი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთში კასპიის ნედლი ნავთობის პირველი ნაკადის გადასაქაჩად. გარდაბნის მახლობლად ნავთობსადენის საქაჩ სადგურზე იმ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ორი მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს უმასპიძლა. საუკუნის პროექტში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებმა რიგით მეორე ასეთ საზეიმო ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. დიდი ნავთობსადენის აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაკვეთების გახსნის შემდეგ, ჯერი თურქეთზეა: იქ, ჯეიჰანში, მალე შედგება ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს დიდი ნავთობსადენის სრულ რეალიზაციაში შესვლას ამცნობს. კასპიის ნავთობით პირველი ტანკერი ჯეიჰანში წლის ბოლომდე ჩაიტვირთება. ასე, რომ, როგორც გარდაბანთან გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ოცნება რეალობად მართლაც იქცა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეკონომიკურად ეს ნიშნავს მეტი ინფრასტრუქტურის შექმნას, მეტ ინვესტიციას, მაგრამ ამ ნავთობსადენის მნიშვნელობა უპირველესად არის პოლიტიკური. საქართველოს მნიშვნელობა იზრდება მსოფლიოში და ამ რეგიონში. ”

საუკუნის პროექტის რეალიზაციამ საქართველოში უკვე მოიტანა ინვესტიციები სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად. ნავთობსადენის მშენებლობაში 6000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში შესვლა საქართველოსთვის წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ნიშნავს მოგებას - წლიურად 50 მილიონიდან 80 მილიონამდე დოლარს (გააჩნია დატვირთვას). რაც შეეხება პოლიტიკურ სარგებელს, გარდა იმ ცნობილი შეხედულებისა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ქმნის სერიოზულ გარანტიებს რეგიონის სტაბილურობისთვის, ის ქმნის ერთგვარ საფუძველს სამომავლო დიდი პროექტების რეალიზაციისთვის. გარდაბანთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ილაპარაკეს დიდი გაზსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტის მნიშვნელობაზე და შეთანხმდნენ კიდეც, რომ დაიწყებენ ფიქრს ამ პროექტის დათქმულ ვადებში რეალიზაციისთვის. "ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი საქართველოსთვის ნიშნავს კიდევ უფრო მეტს ვიდრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი - რეალურ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება. მან თქვა ისიც, რომ გლობალურ პროექტებში მონაწილეობა საქართველოს ანიჭებს თავის მნიშვნელობას, თავის ადგილს მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე.

მსოფლიო თამაშში საქართველომ გარკვეული ფუნქცია რომ უკვე შეიძინა, ამაში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც არიან დარწმუნებულნი. [გიორგი ბარამიძის ხმა] ”ერთ-ერთი უკანასკნელი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა ამის დემონსტრირება იყო. მან პირველად ღიად მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა. რა უნდა შეწყვიტოს, თუ არ აკეთებს ხომ? ე. ი. არის აღიარებული, რომ რუსეთი უჭერს მხარს სეპარატისტებს. ასე, რომ ეს ძალიან სერიოზული პროგრესია და ერთ-ერთი ფაქტორია იმის, რატომ შეიძლება დღეს ისეთი ნაბიჯების გადადმა, რომელსაც ვერ ვდგამდით ადრე. რუსეთი გამოცხადდა ამერიკელების მიერ, როგორც სეპარატისტების გვრედით მდგომი მხარე.”

ეს იყო ფრაგმენტი ჩანაწერიდან, რომელიც გასულ კვირას არ შემდგარა. სახელმწიფო მინისტრს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს მანამდე ვესაუბრეთ, სანამ პარლამენტი ერთსულოვნად მიიღებდა დადგენილებას "კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ". ჩვენს შეკითხვას, რამდენად აუცილებელია აფხაზეთიდან და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსეთის არაეფექტიანი სამშვიდობო ძალების გაყვანა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”ცხადია, ეს არის ის გზა, რა გზითაც უნდა ვიაროთ. ყველას კარგად ესმის, რომ მანამდე, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ეს ძალები არიან და აღარც მალავენ, რომ გადაიქცნენ ცხინვალის რეგიონისა თუ აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტის უზრუნველმყოფელ ძალებად, ვერანაირ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ვერც სერაპატისტებთან მშვიდობიან დიალოგს ვერ წარვმართვათ, რადგან მათ არა აქვთ არანაირი სტიმული დიალოგისთვის, რადგან ზურგს უმაგრებთ რუსეთის ჯარი - სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ”

როგორ უმაგრებს რუსეთი ზურგს სეპარატისტებს, რა პოლიტიკას ახორციელებს ის აფხაზეთის და ცხინავლის რეგიონის მიმართელებით, ამის შესახებ უფრო მეტი ითქვა11 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე. სწორედ 11 ოქტომბერს მიიღო საქართველოს პარლამენტმა დადგენილება, რომელმაც დაუსვა დიდი კითხვის ნიშანი აფხაზეთსა და ცხინავალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ჯარების ყოფნას.

რას აკეთებს რუსეთი საქართველოს ამ რეგიონებში, 11 ოქტომბრის სხდომაზე ამ თემაზე ვრცლად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა ისაუბრა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”მოროზოვი პრემიერ-მინისტრია ცხინვალის რეგიონში, ბარანკევიჩი თავდაცვის მინისტრია, იარაოვი უშიშროების მინისტრია, მინზაევი შინაგან საქმეთა მიმისტრი, აფხაზეთში სოსნალიევი თავდაცვის მინისტრია, ვოინსკი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ზაიცევი გენ. შტაბის უფროსი, მარკოვი ჰაერსაწინააღმდეგო ძალების უფროსი, გაიდუკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს მონაცამენი არის 10 დღის წინანდელი. შეიძლება დაემატა ვინმე ბოლო დღეების განმავლობაში. ”

რუსეთი არის აფხაზეთის საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი, აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მისიის აღმსრულებელი, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ხელმძღვანელი, სამშვიდობო მისიის წევრი და კონფლიქტებთან დაკავშირებული ყველა შეთანხმების მონაწილე. რაში გამოიხატება რუსეთზე დაკისრებული ეს მომრიგებლის მისია?

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ” ”საერთაშორისო სამართლის პრინციპების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ცხინვალსა და სოხუმში უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებიან რუსეთის მოქალაქეები. ეს უკანასკნელნი კი ხშირ შემთხვევაში აგრძელებენ მუშაობას რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებებსა და სპეცსამსახურებში. საქართველოს ხელისუფლების არაერთი პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით აგრძელებს კონფლიქტის ზონებში დარჩენილი მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას. კონფლიქტის ზონებისთვის ცალმხრივი გადაწყვეტილებით ამუშავებს უვიზო მიმოსვლას და საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ახორციელებს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა დონის სამთავრობო, მათ შორის, ფედერალური დელეგაციების ვიზიტებს სოხუმსა და ცხინვალში. იდება შეთანხმებები და ხელშეკრულებები, ხდება პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების ამოქმედება. ”

საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე დემოკრატიის ”თეთრი ლაქების”, კრიმინალური ანკლავებისა და დიქტატორული რეჟიმების არსებობა, ადამიანთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა და აძლევს უკანასკნელ შანსს რუსეთს აფხაზეთსა და ცხცინვალის რეგიონში ჭეშმარიტი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. ცხინვალის რეგიონში 2006 წლის თებერვლადე, აფხაზეთში 2006 წლის ივლისამდე.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩვენ არ ვაპირებთ, ვიკვებოთ დაპირებებით, რომ კონფლიქტი დარეგულირდება. თუ ეს არ შესრულდება, პარლამენტი მოითხოვს სამშვიდობო ძალების გაყვანას და შესაბამისი სტრუქტურებისა და შეთანხმებების გაუქმებას. ”

დროის ათვლა გასული კვირის დასაწყისიდან დაიწყო, დადგენილების მიღების დღიდან საქართველოს პარლამენტმა მთავრობას მისცა დავალება, გაააქტიუროს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო ოპერაციებში გარდატეხების მისაღწევად, პარალელურად კი იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ახალი სამშვიდობო გეგმების მხარდაჭერის მოპოვებისთვის. დადგენილების პროექტის განხილვისას იყო შენიშვნები, ძირითადად ასეთი:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”უკაცრავად, მაგრამ აქ არ არის მითითებული გაყვანის ვადები, ეს არ არის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება. ”

საინტერესო იყო რესპუბლიკელების სახელით ივლიანე ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი შენიშვნა, იმის თაობაზე რომ არ ღირდა დე ფაქტო ხელისუფლებებისა და კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის გამიჯვნა კრიმინალებად და არაკრიმინალებად და აი, რატომ:

[ივლიანე ხაინდარვას ხმა] ”თუკი კრიმინალებად მოვნათლავთ ბაღაფშს, ანქვაბს, ლეკარბაიას და სხვებს მაშინ ვისთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები? სხვა რეალური გავლენის მქონე პირები ვიცით აფხაზეთში? ”

ოპოზიციიდან წამოსული შენიშვნები არ იქნა გაზიარებული და მაინც, "დადგენილება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ" ერთხმად იქნა მიღებული. საპასუხოდ რუსეთის დუმის დეპუტატებმა საკუთარ მთავრობას მოსთხოვეს საპასუხო ზომების მიღება: საქართველოდან რუსეთის ელჩი გაწვევა, საქართველოსთვის ენერგომატარებლების მსოფლიო ფასებში მიწოდება, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ ყოფნის აღკვეთა და ა.შ. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგნილება პროვოკაციად იქნა შეფასებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. მოკლედ, სამშვიდობო ძალებისთვის ვადების დათქმამ საქართველოს მეზობელ ჩრდილოეთში სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია.

ნიშანი იმისა, რომ ულტიმატუმი რუსეთს აფხაზეთთან და ცხინავლის რეგიონთან მიმართებით პოლიტიკას შეაცვლევინებს, არ ჩანს. საქართველოს ხელისუფლებას (თუკი ის მიაღწევს კონფლიქტის ზონებიდან ძლივს "მხარედ" შერაცხული რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას) მოუწევს ბეწვის დიდზე სიარული სერიოზული პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მანამდე კი - სერიოზული მუშაობა ახალი რეალური სამშვიდობო გეგმების შესამუშავებლად და ამ გეგმების მხარდაჭერის მოპოვებისთვის.
XS
SM
MD
LG