Accessibility links

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი "ბიბლიოთეკაში" ძირითადად უკვე დასტამბულ გამოცემებზე გესაუბრებით, თუმცა, ზოგჯერ გამომცემელთა გეგმებზეც ვლაპარაკობთ. ამჯერადაც ასე მოვიქცევით:

მოგითხრობთ, უახლოეს მომავალში რას შეიძლება ველოდოთ სამი ქართული გამომცემლობისაგან. ესენია “დიოგენე”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და “არეტე”.

ქართულ გამომცემლობათა პრაქტიკას თუ ვინმე აკვირდება, შეამჩნევდა, მათი უმეტესობა წლის მიწურულს უფრო აქტიურად საქმიანობს; გარკვეულწილად იმიტომაც, რომ ამ დროს სახელმძღვანელოების ბეჭდვა უკვე მოილიეს და შემოსული ფულით შეუძლიათ სხვა წიგნებიც გამოსცენ. დღეს სწორედ ამ “სხვა წიგნებზე” ვილაპარაკებთ.

დავიწყოთ საბავშვო წიგნებით. გამომცემლობა “დიოგენე”, რომლის დამფუძნებელს, თამარ ლებანიძესაც მე ვესაუბრე, წელიწადში ბავშვებისთვის რამდენიმე საგამომცემლო პროექტს ახორციელებს: ზოგჯერ ესაა წიგნი, ზოგჯერ პლაკატი, ზოგჯერ თამაში, ზოგჯერაც ღია ბარათების კრებული ლექსებითურთ და ბევრი სხვა რამ. “დიოგენემ” გასულ წლებში ხელახლა გამოსცა ჩემი, ცოტა უფროსი და ცოტა უმცროსი თაობის ბავშვობის წიგნი – “სახურავის ბინადარი კარლსონი”. თამარ ლებანიძე ამბობს, რომ წელს ასტრიდ ლინდგრენის სხვა წიგნებსაც გამოსცემენ:

[ლებანიძის ხმა] “თავის დროზე ეს წიგნები ითარგმნა რუსულიდან, მაგრამ თარგმანი მართლაც მშვენიერია და პრინციპულ შეცვლას არ საჭიროებს. “პეპი” უნდა გამოვცეთ ერთ წიგნად, თუმცა, ორიგინალი 3 წიგნად არის. ჩვენ გავაერთიანეთ და გამოვცემთ ორიგინალის ილუსტრაციებით. ძველი თარგმანი შედარდა ორიგინალს და, რა თქმა უნდა, რედაქტირება მოხდა. გარდა ამისა, ასევე ორიგინალის ილუსტრაციებით გამოიცემა “ჩვენც სალტკროკელები ვართ”. ეს არის არაჩვეულებრივი ნაწარმოები, რომელსაც, ახლახანს აღმოვაჩინე, საქართველოში ბევრი არ იცნობს”.

საბავშვო გამოცემები არ აკლია “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასაც”. ის ცნობილია ბავშვებისათვის განკუთვნილი მხატვრული ტექსტებითაც, მაგრამ უფრო ხშირად მაინც სხვადასხვა დარგობრივ საბავშვო ენციკლოპედიებს გამოსცემს. ბაკურ სულაკაური ამ მიმართულებას წელსაც ინარჩუნებს და სულ მალე გამოსაცემ წიგნებზე ამბობს, რომ ისინი მონუმენტური ფორმატისა იქნება:

[სულაკაურის ხმა] “მაგალითად, გეოგრაფიის ენციკლოპედია, 500-გვერდიანი, რომელსაც ახლავს დეტალური ატლასები კონტინენტების და საერთოდ, მსოფლიოსი. ეს არის დაწერილი ბავშვებისათვის, მაგრამ ამომწურავად მოგვითხრობს პლანეტის შესახებ. არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ასეთი სათაური მსმენელისათვის – “ცხოველთა სამყარო”. დიდი, უხვად ილუსტრირებული, ეს არ არის საკიხთავი წიგნი, ეს არის ენციკლოპედიური ხასიათის გამოცემა, სადაც ცხოველები დაჯგუფებულია მათი საბინადრო გარემოს მიხედვით და მათი ცხოვრების საინტერესო მხარეებია წარმოჩენილი”.

გამომცემლობა “არეტეს” პირველ წიგნთა შორის, სწორედ საბავშვო გამოცემები იყო, მაგალითად, პოპ-ვარსკვლავის, მადონას ორი წიგნი ქართულ ენაზე, მაგრამ ამის შემდეგ გამომცემლობას ყმაწვილთათვის არაფერი გამოუცია. “არეტეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია მიმხელს, რა მიაჩნია წელს გამოსაცემი წიგნებიდან უმთავრესად:

[ხარბედიას ხმა] “ეს არის მიშელ უელბეკის ძალზე გახმაურებული რომანი, “ელემენტარული ნაწილაკები”, რომელიც გიორგი ეკიზაშვილმა თარგმნა ქართულ ენაზე და სულ მალე, ნოემბერში იხილავს მას მკითხველი; ძალიან მნიშვნელოვანი, ბოლო ათწლეულის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები; გარკვეული თვალსაზრისით, სკანდალურიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ნაწარმოების მხატვრული ღირებულებაა და ის სამყარი, რომელიც მიშელ უელბეკმა ამ რომანში მოაქცია: 50-60-ანი წლებიდან მოყოლებული, 90-ან წლებამდე მთელი ეპოქა ევროპის, ევროპული ყოფა”...

მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკების” მთავარი პერსონაჟი მეცნიერია, მარტოხელა და უბედური კაცი, რომელიც კარდინალურად შეცვლის, ადამიანის, როგორც სახეობის ბიოლოგიას. მისი აღმოჩენა ცვლის კონტინენტის ცხოვრებას, რომ არა ვთქვათ, ბედს. ბიოლოგიური რევოლუციის შედეგად მოდის ახალი, ბედნიერი ადამიანების თაობა, რომლებიც დაუსრულებლად თაფლავენ ერთმანეთს. როგორ ხდება და რა მოჰყვება ამას, მკითხველი შეიტყობს.

2005 წლის ყველაზე მთავარი გამოცემა წინა აქვს ბაკურ სულაკაურსაც. დასაწყისში ჩავთვალე, რომ ბაკური აჭარბებდა, მაგრამ მერე დავფიქრდი: ეგებ მართალია?

[სულაკაურის ხმა] “ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება აკა მორჩილაძის ახალი წიგნი, რომელიც არის სრულიად უნიკალური მოვლენა, თამამად შეიძლება ითქვას, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რამდენიმე მიზეზის გამო; არა სათაურის გამო “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, არამედ იმის გამო, რომ ძალიან უცნაური ფორმა აქვს: ეს არის მართლაც ყუთი, რომელშიც აწყვია ოთხი საქაღალდე, ხოლო საქაღალდეებში აწყვია სხვადასხვა ნივთები, მაგალითად: სავიზიტო ბარათები, ღია ბარათები, მოსაწვევები, საგაზეთო სტატიათა ამონაჭრები, წიგნებიდან ამოხეული ფურცლები, რამდენიმე ყდაშემოფლეთილი წიგნი... ოთხი ადამიანის კუთვნილი ნივთები, რომლებიც მათ კუთვნილ საქაღალდეებში აწყვია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკითხველი ყველა ამ ნივთს გადახედავს, ზოგს წაიკითხავს (იქ არის წერილები, არის დღიურები), ზოგს დაათვალიერებს, მიხვდება, რა მოხდა. ეს არის ერთგვარი გაგრძელება რომანისა “სანტა ესპერანსა”. ცხადია, სხვა ამბები ხდება, სხვა მთავარი გმირები არიან, მაგრამ ხდება ამ კუნძულებზე. ორიგინალურია იმით, რომ თუ “სანტა ესპერანსას” კიდევ ჰქონდა რაღაც წიგნის მაგვარი ფორმა, აქ წიგნის ფორმა უკვე არაფერს აღარა აქვს”.

ექსპერიმენტული წიგნის გამოცემას აპირებს “დიოგენეც”. წიგნის ავტორი, გელა ჩქვანავა “დიოგენეს” დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის, პენ-მარათონის პირველი გამარჯვებულია. ვრცელ მოთხრობას, რომელიც ერთ წიგნად ორ ენაზე – ქართულად და რუსულად – გამოვა, “ტორეადორები” ჰქვია.

[ლებანიძის ხმა] “რატომ რუსულად? ერთი შეხედვით, ბუნებრივი იქნებოდა, არჩევანი აფხაზურ ენაზე შეგვეჩერებინა, რაკიღა ეს მოთხრობა ეხება აფხაზეთის ომს, თუმცაღა ეს ომი არატრადიციულად არის გააზრებული... მაგრამ, საბოლოო ჯამში მივედით დასკვნამდე, რომ ვერც აფხაზეთში და ვერც რუსეთში ამ წიგნს აფხაზურად ვერ წაიკითხავენ. პოტენციურ მკითხველთა უმრავლესობას, თუნდაც აფხაზ ბოევიკებს, რომლებიც მოთხრობის პერსონაჟები არიან, ხელი მიუწვდებათ რუსულ ენაზე, აფხაზურად ისინი არ კითხულობენ.”

თუ დიოგენე ქართულ ტექსტს რუსულად თარგმნის, “არეტე” რუსულ ტექსტს აქართულებს. მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ გამოსცემს ბორის აკუნინის “თურქულ გამბიტს”, ამ მწერლის ცნობილი პერსონაჟის, ერასტ ფანდორინის ციკლის მეორე რომანს. წელს “არეტე” დაბეჭდავს შარშანდელი ნობელიანტის, ავსტრიელი ელფრიდე ელინეკის რომანს “საყვარლები”, რომელიც ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა.

[ხარბედიას ხმა] “თანამედროვე ქართველი ავტორებიდან უნდა გამოვარჩიოთ დებიუტანტი, ნიკუშა ანთაძე, 17 წლის ძალიან გაბედული და საინტერესო ავტორი. ნიკუშა ანთაძეს შეიძLება კარგად იცნობდნენ ის ადამიანები, ვინც ხშირად სტუმრობს ქართულ ინტერნეტ-ბიბლიოთეკებს. მისი პირველი პუბლიკაციები სწორედ ქსელის საშუალებით გავრცელდა”.

ის იყო, შევნიშნე, სამი რესპონდენტიდან გამოსაცემ წიგნებში არც ერთს არ უხსენებია პოეზია, რომ მალხაზ ხარბედიამ თქვა, ზვიად რატიანის ლექსებისა და პოემების კრებულს, “გზებსა და დღეებს” გამოვცემო. “არეტე” აპირებს ბესო ხვედელიძის ახალი რომანიც დასტამბოს, რომელშიც ერთი პერსონაჟი, თბილისელი ზანგი მეხინკლე შესანიშნავ სადღეგრძელოებს ამბობს.

[ხარბედიას ხმა] “გახსოვს ალბათ, საქართველო-რუსეთის თამაშისას შუქი რომ ჩაქრა ლოკომოტივის სტადიონზე. მთელი სიუჟეტი ამასთან არის დაკავშირებული. ძალიან სასაცილო რომანია”.

მსუბუქ ნაწერს ბაკურ სულაკაურიც დაბეჭდავს – ეს იქნება ლაშა ბუღაძის 25 პატარა პიესა. ცხადია, ქართველი გამომცემლები წლის ბოლომდე სერიოზულ წიგნებსაც სთავაზობენ მკითხველს. დიოგენე, მაგალითად, ბეჭდავს კარლ გუსტავ იუნგის “ფსიქოლოგია და ალქიმია”-ს, ასევე თბილისში დღესაც ექსპონირებული გერმანელი მხატვრის, მაქს ტილკეს ნამუშევრების ოთხენოვან ალბომსა და კატალოგს. რაც შეეხება იმავე ბაკურ სულაკაურის გამოცემებს, ის ლაპარაკობს თარგმანებზე,

[სულაკაურის ხმა] “მაგალითად, დი-ბი-სი პიერის ცნობილი წიგნის თარგმანი, რომელიც უკვე აღიარებულია, როგორც 21 საუკუნის “თამაში ჭვავის ყანაში”. ამ რომანმა შარშანწინ ბუკერის პრემია აიღო და დღეს უზომოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში”.

სხვათა შორის, არც მე-20 საუკუნის “თამაში ჭვავის ყანაში” დავიწყებიათ. თამარ ლებანიძემ მითხრა, რომ გამოსცემს ჯერომ სელინჯერის ამ ტექსტის ახალ ქართულ თარგმანს, სათაურით “კლდის პირას ჭვავის ყანაში”. წიგნი თარგმნა გია ჭუმბურიძემ, ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული თარგმანის, ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალის” ავტორმა.

[ლებანიძის ხმა] “ჩვენთვის უაღრესად საამაყოა, რომ ეს ხელშეკრულება უშუალოდ სელინჯერის ხელმოწერით დევს გამომცემლობაში და იმედი მაქვს, როცა წიგნი გამოიცემა, სელინჯერის ავტოგრაფსაც მივიღებთ”.

მეც მაქვს იმედი, რომ დღევანდელ პროგრამაში ჩამოთვლილ წიგნთაგან ზოგიერთს მაინც მოვასწრებ და წელსვე წავიკითხავ. ამ იმედით ვასრულებთ გადაცემას.
XS
SM
MD
LG