Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გზა ნატოსკენ და ბულგარეთის გამოცდილება


ნატოს მომავალი სამიტი 2008 წლამდე გადაიდო.

ამის შესახებ გასულ კვირაში გახდა ცნობილი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას სამი წლის ვადა აქვს, რათა ბოლომდე მიიყვანოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა და მომდევნო სამიტზე მოიპოვოს ალიანსში გაწევრიანების საგზური. ამ პერიოდში კი ნატოსთან საქართველოს შუამავლის როლს შეასრულებს ბულგარეთი - ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა და რომლის მიერ განვლილი გზა ყველაზე კარგ მაგალითს უნდა წარმოადგენდეს საქართველოსათვის. ყოველკვირეულ გადაცემაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” სწორედ ნატოში გაწევრიანების ბულგარულ გამოცდილებაზე მინდა გესაუბროთ.

ეკონომიკური კრიზისის, პოლიტიკური რყევების, ხელისუფლებაში სახეშეცვლილი კომუნისტების ყოფნისა და მოსახლეობის თავდაპირველი ანტინატური განწყობის მიუხედავად, ბულგარეთმა 2004 წლის სტამბულის სამიტზე ოფიციალურად მიიღო ალიანსში გაწევრიანების დასტური. ორ წელიწადში კი ბულგარეთი უკვე ევროკავშირის კარებს შეაღებს. სოფიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესასვლელში, დამონტაჟებულია სპეციალური ტაბლო, რომელიც ევროკავშირამდე დარჩენილ დღეებს აღნუსხავს. ეს შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო - და მისი ყოფილი თავკაცი სოლომან პასი - იყო მთავარი არქიტექტორი იმ პოლიტიკისა, რომელმაც ბულგარეთის ნატოში გაწევრიანება უზრუნველყო. თუმცა დღესაც, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ ბულგარეთში, ყველა გეტყვით, რომ მათი ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა ევროპული სტანდარტებისაგან. “ნატოს წევრი ქვეყანა ვართ, მაგრამ კვლავაც განვაგრძობთ ნატოში გაწევრიანებასო,” მოსწრებულად შენიშნა ბულგარეთის საერთაშორისო პოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების ფონდის პრეზიდენტმა ოგნიან მინჩევმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ძალიან ხელსაყრელი შანსი აქვს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.

[ოგნიან მინჩევის ხმა] “მე არ შევუდგები ვადაზე საუბარს, ადრე იქნება ეს თუ გვიან. მაგრამ სტრატეგიული თვასაზრისით, დასავლეთისა და განსაკუთრებით ნატოს წევრი სახელმწიფოების ხედვით, საქართველო საკმაოდ ფასეულ ქვეყანას წარმოადგენს. თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, პირველ ყოვლისა, საქართველოს უნარზე, გარდაქმნას საკუთარი უსაფრთხოების სისტემა, შემდეგ კი - დასავლეთის სურვილზე, ხელი შუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. საქართველოს აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა კავკასიაში - აქ თავს იყრის ყველა გამოწვევა, რომელიც დასავლეთის წინაშე დგას: ტერორიზმის გავრცელების საფრთხე, ენერგორესურსების უსაფრთხოება, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსფორმირება. ასე რომ, მე ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.”

თუმცა ბულგარეთში სხვა ტიპის პოლიტიკოსებსაც შეხვდებით, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ვერ იქნება წარმატებული, თუკი ქვეყანა გაწევრიანების პროცესში არ გადაწყვეტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და არ აღადგენს კონტროლს თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებზე. თანაც, ეს აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ამ მოსაზრებას იზიარებს ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟელიუ ჟელევიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ აქტიურად იყო ჩართული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში:

[ჟელიუ ჟელევის ხმა] “კრიტერიუმები ნათელია. პირველ ყოვლისა, საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი, რათა გადაწყდეს შიდა ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები. ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური შიგნით. ეს აუცილებელი მოთხოვნაა ნატოს მხრიდან იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ალიანსის წევრები არიან.”

ძნელი სათქმელია, რამდენად მართებულია ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის ეს მოსაზრება. მით უფრო, რომ ბულგარეთში არიან ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოს ხელს არ შეუშლის გახდეს ნატოს წევრი.

[ოგნიან მინჩევის ხმა] “მე არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დაბრკოლება იქნება საქართველოსათვის და არა მგონია, სხვამ, იმავე მდგომარეობაში, მარტომ შეძლოს ამგვარი კონფლიქტის მოგვარება. მე ვფიქრობ, რომ თუ საქართველო შეასრულებს გაწევრიანების მოთხოვნას, მაშინ გაყინული კონფლიქტების მოგვარება უნდა გადაწყდეს საერთაშორისო ჩარჩოებში.”

ასე ფიქრობს ოგნიან მინჩევი, ბულგარეთის საერთაშორისო პოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების ფონდის პრეზიდენტი. თუმცა დავუბრუნდეთ ბულგარეთის გამოცდილების კიდევ ერთ საინტერესო შტრიხს.

ბულგარეთის არმია, ნატოში გაწევრიანების შემდეგაც კი, თითქმის მთლიანად საბჭოთა წარმოების საბრძოლო იარაღითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, მაგრამ, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის თანახმად, ქვეყანამ 2010 წლისათვის უნდა დაასრულოს არმიის მოდერნიზება ნატოს სტანდარტების მიხედვით. მთავარია არა ტექნიკის წარმომავლობა, არამედ ის, თუ ვის ხელშია საბრძოლო პოტენციალი. ბულგარეთის ოფიცერთა კორპუსის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ რუსულ ენაზე და ბევრ ოფიცერს, მაგალითად, გენერალური შტაბის უფროსს, საბჭოთა სამხედრო სასწავლებელიც აქვს თავის დროზე დამთავრებული, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია აეთვისებინათ ნატოს სამხედრო სტანდარტები და გამოემუშავებინათ შესაბამისი უნარ-ჩვევები. სხვათა შორის, ბულგარეთში იმასაც იხსენებენ, რომ 1997 წელს, როდესაც მათმა ხელისუფლებამ ნატოში გაწევრიანების მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დაახლოებით 65 პროცენტის დამოკიდებულება ნეგატიური გახლდათ. და ბულგარეთის მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროდასავლურმა პრესამ მოსახლეობის აზრის შესაცვლელად ერთობლივად ბევრი რამ გააკეთეს. საქართველოში ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება და იწყება ბულგარული გამოცდილების სრულიად საპირისპიროდ - მთავრობა სულ უფრო მეტად სცილდება პრესას და არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც დრო გადის, ეს ბზარი სახიფათოდ იზრდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG