Accessibility links

logo-print

საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად


მომძლავრებული ტერორიზმის, ნარკოტრაფიკისა და იარაღის უკანონო ვაჭრობით შექმნილ საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად

”ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის”, ACAMS-ის, საქართველოს ფილიალის შექმნა იგეგმება. ამ წარმომადგენლობის ჩამოყალიბების ინიციატორები არიან ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სავაჭრო პალატა და კერძო საბანკო სექტორი. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ ნაბიჯით ხელს შეუწყობენ საქართველოში კაპიტალდაბანდებების მაღალი რისკების მნიშვნელოვნად შემცირებასაც.

ტერორიზმის, ნარკოტრაფიკისა და იარაღის უკანონო ვაჭრობის თანმდევი ფულის გათეთრების საფრთხე საქართველოს იმ ნაწილს, რომელზეც თბილისის იურისდიქცია ვრცელდება, უფრო ნაკლებად აწუხებს, ვიდრე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს. მაგრამ საქართველო მაინც ცდილობს ამ სფეროში მაღალგანვითარებული ქვეყნების კვალდაკვალ იაროს და ამჯერად ”ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის” საქართველოს ფილიალის შექმნისთვის ემზადება. და თუ რატომ, ამას საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის დიმიტრი ჯაფარიძისგან შეიტყობთ:

[დიმიტრი ჯაფარიძის ხმა] ”ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ტერიტორია, სადაც იურისდიქციას ვერ ვახორციელებთ, მათ შორის, საბანკო საფინანსო იურისდიქციას - აფხაზეთს ვგულისხმობ. და სწორედ ამ ტერიტორიის გაკონტროლებასა და მის კანონსა და სამართლებრივ სივრცეში მოქცევაში ასევე უნდა დაგვეხმაროს ეს ორგანიზაცია.”(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთის საბანკო დაწესებულებებმა აფხაზეთში ფილიალების გახსნა და საბანკო საქმის წარმოება დაიწყეს. დიმიტრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ”ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის” ფილიალის შექმნის შემდეგ საქართველოს საშუალება ექნება რუსეთს დაბრკოლებები შეუქმნას საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში:

[დიმიტრი ჯაფარიძის ხმა] ”როდესაც ისინი ძალიან დიდ პროექტებს ახორციელებენ, ფაქტიურად, იწყებენ ინტეგრაციას ცივილიზებულ საფინანსო სივრცეში მსოფლიო მასშტაბით, ეს არასასიამოვნო ფაქტი ძალიან არასასიამოვნო პრეცედენტებს შეუქმნის.”(სტილი დაცულია)

გადაიფიქრებს თუ არა რუსეთი ამ პრობლემის გამო უარი თქვას აფხაზეთთან საბანკო ურთიერთობაზე, მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი ”ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციისგან” საქართველოში სხვა შედეგსაც მოელიან. დიმიტრი ჯაფარიძის კომენტარი:

[დიმიტრი ჯაფარიძის ხმა] ”შესაძლებელია, რომ, აქედან გამომდინარე და ამ ფაქტთან დაკავშირებით, რისკის შიში მოეხსნათ ინვესტორებს - მსხვილ საბანკო და საფინანსო ინვესტორებს ვგულისხმობ.”(სტილი დაცულია)

“ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაცია” ჩამოყალიბდა 2001 წელს, აშშ-ში 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ. ორგანიზაცია 100 ქვეყნის 2 800-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს. ისინი საბანკო და სადაზღვევო სფეროში ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობას ადევნებენ თვალყურს და შესაძლო საფრთხეებზე ადეკვატურად რეაგირებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ამ მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ეფექტურად მუშაობს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც კომერციულ ბანკებს ოფშორული ზონებიდან მსხვილი საბანკო გადარიცხვებისას ოპერაციის დეტალურ გაშიფვრას ავალდებულებს.
XS
SM
MD
LG