Accessibility links

ოფიციალური თბილისი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას იწყებს


10-16 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, რომელიც პარალელურად რეპატრიაციის საკითხთა შემსწავლელი

სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეცაა, აზერბაიჯანს, რუსეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს სტუმრობდა. გიორგი ხაინდრავამ ერთი კვირის განმავლობაში მესხეთიდან დეპორტირებულ ადამიანებთან არაერთი შეხვედრა გამართა და სამშობლოდან 60 წლის წინ გასახლებულ თანამემამულეებთან ერთად რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა. რა პირობებში ცხოვრობენ მესხეთიდან დეპორტირებულები უცხოეთში და როგორ აპირებს ოფიციალური თბილისი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას?

მესხეთიდან დეპორტირებულთა სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს, აიღო. ოფიციალური ინფორმაციით, ორგანიზებული რეპატრიაციის პროცესი 2012 წლიდან უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე შესათანხმებელი და გასარკვევია არაერთი საკითხი, რომელიც დეპორტირებულთა მოქალაქეობასა და სამართლებრივ სტატუსს უკავშირდება. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, მცხოვრებ დეპორტირებულთა დიდ ნაწილს მოქალაქეობა არ გააჩნია:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „საქართველოს ევალება ამ ხალხის ჩამოყვანა და ძალიან ცუდად ვიქცევით, რომ ამ საკითხს არ ვწყვეტთ, მაგრამ რუსეთი არანაკლებ დამნაშავეა თუ მეტი არა. რუსეთი არის სამართალმემკვიდრე საბჭოთა კავშირის და ამიტომ რაც საბჭოთა კავშირმა დააშავა, უნდა გამოასწოროს რუსეთმა. რუსეთი დღემდე არ აძლევს მოქალაქეობას ამ ხალხს, არადა, მათ კანონით ეკუთვნით მოქალაქეობა. თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ მოქალაქეობის არმქონე ადამიანების წამოყვანას, მაშინ უფრო გაიზრდება დისკრიმინაცია ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ.“ (სტილი დაცულია)

მესხეთიდან დეპორტირებული ადამიანების სტატუსის დადგენას ცდილობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა, რომელმაც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატში სტუმრობისას ყურადღება მესხეთიდან დეპორტირებულთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა. ასტემიროვას თქმით, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავად გადაწყვიტონ, დარჩნენ ადგილზე თუ დაბრუნდნენ საქართველოში:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] „ამ ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად. იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, უნდა მიეცეთ მოქალაქეობა. ეს მისცემს მათ საშუალებას, გააკეთონ თავისუფალი არჩევანი.“

როგორც ჩანს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, წინამორბედისაგან განსხვავებით, მეტადაა დაინტერესებული ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ველდებულების შესრულებით. აქტიურობს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში, რომელიც პარალელურად რეპატრიაციის საკითხთა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეცაა. გიორგი ხაინდრავა მთელი ერთი კვირა იმ ქვეყნებს სტუმრობდა, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული 60 წლის წინ მესხეთიდან დეპორტირებული ადამიანები. თუმცა სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის შედეგებზე ლაპარაკი შემდეგი მიზეზის გამო არ ისურვა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] „ჯგუფის დანარჩენი წევრების ჩამოსვლას ველოდები. ამის შემდეგ გადავწყვეტთ და ინფორმაციას გავაკეთებთ პრესისთვის.“

პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას მესხეთიდან იძულებით გასახლებული ადამიანების მორიგი დეპორტაცია. „ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა, ვისაც დაბრუნების სურვილი აქვს“, ამბობს პოლიტოლოგი:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ამ პროცესში და ამბობს, რომ ნებაყოფლობით ვისაც მოუნდება ჩამოსვლა, დიდი სიამოვნებით მივიღებთ. პრობლემა არაა. მაგარმ ფულს ჩვენ არ დავდებთ, ჩვენ არ გაგვისახლებია. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიას და პირობას ვიძლევით. კეთილი ინებეთ და დადეთ ფული და გაათანაბრეთ ამ ადამიანების სტატუსი თქვენს სახელმწიფოში, იქნება ეს აზერბაიჯანი, რუსეთი, ყირგიზეთი თუ თურქმენეთი. თუ თქვენ გაათანაბრებთ ამათ, კი ბატონო, მერე ვილაპარაკოთ. რატომ უნდა მივიღო მე თქვენგან დევნილი ხალხი? მეორე დეპორტაციას საქართველო არ დაუშვებს.“

სულ, არაოფიციალური ონფორმაციით, საქართველოს საზღვრებს მიღმა მესხეთიდან დეპორტირებული 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. 60 წლის მანძილზე სამშობლოში დაბრუნება იძულებით გასახლებულთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა მოახერხა.
XS
SM
MD
LG