Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის ოფისი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული გეგმის შემუშავებას იწყებს


საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, რაულ ვალენბერგის ინსტიტუტის თანამონაწილეობითა და შვეციის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით,

დღეს გაიხსნა სემინარი, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ გეგმას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. სამოქმედო გეგმა, სრული სახით, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწად-ნახევარში შეიქმნება. დღეიდან კი ექსპერტები კონკრეტული პრიორიტეტების განსაზღვრას შეუდგნენ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული გეგმის ძირითადი მიზნებია: დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმების კონსოლიდაცია, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და სხვა. ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითო ქვეყანა უნდა გახდეს – ეს ქვეყნის პირველი პირების მიერ დეკლარირებული თეორიაა. ამ თეორიის პრაქტიკული განხორციელების მექანიზმებს კი, როგორც ჩანს, სემინარის მონაწილე ქართველი და უცხოელი ექსპერტები სპეციალურ სამოქმედო გეგმაში ჩადებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული გეგმა მსოფლიოს თითქმის 20 ქვეყანაში მოქმედებს, მათგან ზოგან - წარმატებულად, ზოგან კი - არცთუ ისე. როგორც ამ გეგმის საქართველოში ამოქმედების ერთ–ერთი ინიციატორი და კოორდინატორი სოზარ სუბარი შენიშნავს, ერთიანი სამთავრობო გეგმის არსებობის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ხარვეზები და სისუსტეები გაცილებით მკაფიოდ გამოჩნდება. შესაბამისად, მათზე რეაგირების მექანიზმიც კონკრეტულად დაისახება. ამ გეგმის პოზიტიურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ვადებში პასუხისმგებელი სუბიექტის მითითებით გაიწერება ვინ, როდის, როგორ და რა დროში უნდა დაძლიოს ადამიანის უფლებების შემზღუდავი ფაქტორები და მიზეზები:

[სოზარ სუბარის ხმა] "დღეს ასეთი რამდენიმე გეგმაა საქართველოში. ვთქვათ, ასეთია წამების საწინააღმდეგო ეროვნული გეგმა, ასეთია ტრეფიკინგთან ბრძოლის გეგმა. არის ლაპარაკი, რომ შემუშავდეს ბავშვთა უფლებებზე, ქალებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ცალ–ცალკეა. ყველაფერს ვერ მოიცავ ცალ–ცალკე გეგმებით და, მეორეც, ჯობია ცალ–ცალკე გეგმების შექმნას შეიქმნას ერთიანი გეგმა და სახელმწიფომ თქვას: აქ ვდგავარ, ეს მინდა, ამ გზით მივდივარ და შედეგს ველი და ამას ველი ამ ყველაფრისგან. ეს არის ეროვნული გეგმის შექმნის მიზანი.“ (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით გეგმაზე მუშაობა მხოლოდ დაიწყო და დაახლოებით 12–18 თვე მაინც გახდება საჭირო იმის გასარკვევად, თუ სად დგას საქართველოს სახელმწიფო და რას ელის ადამიანის უფლებათა ეროვნული გეგმიდან. ჯერჯერობით “ვარდების რევოლუციის” გზით ხელისუფლებაში მოსული მთავრობის მმართველობის პერიოდში ჩატარებული თითქმის ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ხელისუფლებამ, წინსვლის ნაცვლად, ნაბიჯი უკან გადადგა.

როგორც რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის პროფესორი ბრაიან ბურდეკინი შენიშნავს, ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე ქვეყანაში მიმდინარე ყველა რეფორმა წარუმატებელი იქნება. ამიტომ მთავრობა, რომელიც თანახმაა ქვეყანაში სპეციალური სამოქმედო გეგმა აამუშაოს, ვალდებულია აღიაროს ისიც, რომ ამ სფეროში ყველაფერი რიგზე არა აქვს:

[ბრაიან ბურდეკინის ხმა] “მთავრობამ უნდა გაითავისოს პროცესი. ჩვენ შეგვიძლია ვისხდეთ ამ ოთახში და ვიმსჯელოთ ადამიანის უფლებათა სფეროში განსახორციელებელ გრძელვადიან გეგმებზე - იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალი 10 წლის განმავლობაში. მაგრამ სულ სხვა საქმეა, თუ ჩვენს მსჯელობაში ჩაერთვებიან იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროები - ძირითადი სამინისტროები. ეს აუცილებელიცაა, რადგან მთავარი სწორედ ისაა, რას აკეთებენ ეს უწყებები და რას აკეთებს კერძო სექტორი ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დასამკვიდრებლად."

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარე სემინარების, ანუ გეგმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის, შემადგენლობა ჯერჯერობით არცთუ სოლიდურად გამოიყურება. იგი სამინისტროების რიგითი ჩინოვნიკების, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისგან შედგება.
XS
SM
MD
LG