Accessibility links

logo-print

“ლიტერატურული ფრონტი” გამარჯვების შემდეგ


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირში იდეოლოგიური დიქტატის აყვავების ხანა დაიწყო. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ კრემლმა კვლავ მოიცალა კულტურისათვის. პირველად ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, კულტურის მოღვაწეებმა არ იცოდნენ, რას მოითხოვდა მათგან ხელისუფლება. თავდაპირველად დაბნეულობა კომპარტიის იდეოლოგებსაც დაეტყოთ – თანმიმდევრულობა არც ხელისუფლების პოლიტიკაში იგრძნობოდა. მაგრამ ზუსტად 60 წლის წინ ცეკას მაშინდელმა მდივანმა, მალენკოვმა, მიიღო დოკუმენტი, რომლითაც იწყება კომუნისტური ცენზურის ახალი ეტაპი – არანაკლებ სასტიკი, ვიდრე 30-იან წლებში. დღეს მინდა ამ დოკუმენტის შინაარსი გაგაცნოთ.

1945 წლის 8 მაისს საბჭოთა რადიოს დიქტორმა, ლევიტანმა, სტალინის სიტყვები გაახმოვანა და ჯარისკაცებს, მეზღვაურებს, მფრინავებს ფაშიზმის დამარცხება მიულოცა. სტალინის ბრძანებაში არაფერია ნათქვამი საბჭოთა კულტურის მუშაკებზე, თუმცა მათი გამარჯვებაც იგულისხმება. მეორე მსოფლიო ომის წლებში ხომ ცნობილი საბჭოთა - მათ შორის, ქართველი - მწერლების უმრავლესობა ფრონტზე იბრძოდა; მათ ორდენებიც გადასცეს “სიმამაცისა და თავგანწირვისთვის”, არაერთი მწერალი დაჯილდოვდა ლენინური და სტალინური პრემიებით. ასეთმა აღიარებამ, როგორც ჩანს, მეტისმეტად გაათამამა მწერლები, ბევრს ეგონა, რომ ფაშიზმის დამარცხება ტოტალიტარული იდეოლოგიის დაძლევას ნიშნავდა, მათ შორის - საბჭოთა კავშირში. ყველაფერი გამარჯვების დღემდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო: ერთ-ერთ პარტიულ ღონისძიებაზე კომუნისტმა მწერალმა ილია სელვინსკიმ აღნიშნა, რომ შეიქმნა წინააღმდეგობა სოციალისტური რეალიზმის მეთოდსა და იმ ამოცანებს შორის, რომელიც დგას თანამედროვე ხელოვნების წინაშე, რომ გამარჯვებული ქვეყნის ხელოვნება “ვიწროდ გრძნობს თავს” სოციალისტური რეალიზმის ჩარჩოებში, ამიტომ სიციალისტური რეალიზმი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს სოციალისტური სიმბოლიზმით. სელვინსკის მოსაზრებები უამრავმა მწერალმა გაიზიარა, მის გამოსვლას ქართული პრესაც გამოეხმაურა – ჩვენმა მწერლებმაც დაიჯერეს, ეტყობა, რომ ფაშიზმის დამარცხებით დასრულდა არა მარტო “საგარეო”, არამედ “შინაურ მტერზე” ნადირობა – კულტურის ლიბერალიზაციის ნიშნები აშკარად დაეტყო 1944-45 წლის ლიტერატურასა და ხელოვნებას.

1945 წლის 3 აგვისტოს კომპარტიის ცეკას პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ეგოლინმა ცეკას მაშინდელ მდივანს, მალენკოვს, გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც კომუნისტების მთავარი პროპაგანდისტი კრემლს სთხოვს ყურადღება მიაქციოს “საშიშ ტენდენციებს” საბჭოთა ლიტერატურაში. ამ დოკუმენტში, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი მწერალია გაკიცხული, თვით იმხანად ძალიან პოპულარული ვიშნევსკიც კი პიესისთვის “ლენინგრადის კედლებთან”, რომლის გმირი სიყვარულით იხსენებს თავის თეთრგვარდიელ მამას, გერმანელების წინააღმდეგ რომ იბრძოდა და არანაკლებ რომ სძულდა გერმანელები. მთავარი პროპაგანდისტისგან მოხვდა მარგარიტა ალიგერსაც პოემისთვის “შენი გამარჯვება”... მოხსენებაში საგანგებოდაა გამოყოფილი ეს ფრაგმენტი პოემიდან: “რანაირად შეუძლიათ ადამიანებს გააგრძელონ ცხოვრება მაშინ, როცა ირგვლივ ქვემეხები ქუხს... რანაირად შეუძლიათ ჭამა, კამათი, ტანსაცმლის გამოცვლა... რატომ ეგუებიან ყველაფერს?”

არანაირი ფსიქოლოგიზმი და ხასიათების კვლევა... მოხსენებით ბარათში ფსიქოლოგიზმს პირდაპირ არავინ კრძალავს, მაგრამ ისიცაა ნათქვამი, რომ მწერლებს არ უნდა მიეცეთ უფლება განსხვავებულად შეაფასონ განვლილი ომის წლები – სტალინისგან განსხვავებულად... საბჭოთა გმირს არ უნდა სცოდნოდა რა არის ყოყმანი, ეჭვი და, მით უმეტეს, შიში. მას არ უნდა ჰქონოდა ნოსტალგია. რაც უფრო მეტი სიძულვილი წარმოჩნდებოდა მტრის მიმართ, მით უფრო “იდეოლოგიურად გამართულად” ითვლებოდა ნაწარმოები. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ომის წლებში, განსაკუთრებით ომის მიწურულს, მკვეთრად შეიცვალა მტრის ხატი: ფაშიზმი დამარცხდა, ქვეყანა გამარჯვებას ზეიმობდა, “შინაურ მტერს” უკვე გაუსწორდნენ, მაშ როგორღა უნდა წარმოჩენილიყო კონფლიქტი?

მოხსენებით ბარათში განსაკუთრებით “მოხვდათ” იმ მწერლებს, რომლებმაც ომის მიწურულს შექმნილ ნაწარმოებებში ამერიკელების ქება-დიდება დაიწყეს. მოხსენებაში დაწვრილებითაა განხილული ნიკოლაი ასეევის პოემა “გამარჯვების ალი”.


ასეევი აქამდე ერთ-ერთ ყველაზე ორთოდოქს კომუნისტად ითვლებოდა და, შესაბამისად, ძალიან მაღალი პოსტები ეკავა საბჭოთა მწერალთა კავშირში. კრემლის იდეოლოგებს არ მოსწონთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებას ასეევი აღიქვამს როგორც სასწაულს - ამტკიცებს, მაგალითად, რომ მოსკოვის გარეუბანში გერმანელების დამარცხება, პირველ რიგში, ცივმა რუსულმა ზამთარმა განაპირობა. მაგრამ ასეევის “განადგურების” მიზეზი უფრო ამერიკის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება უნდა იყოს. “თქვენ – აბრაამი გყავთ, ჩვენ – იოსები, – მიმართავს იგი ამერიკელებს. – მოდით მაშინ, გავერთიანდეთ და ახალი ბიბლია შევქმნათ ერთად”. ბუნებრივია, კრემლის დადგენილებაში საბჭოთა პოეტის ეს პასაჟი განსაკუთრებითაა გამოყოფილი: “ასეევი ეჩოქება ამერიკას, პათოსით აღწერს ამერიკის დემოკრატიულ ცხოვრებას, ოცნებობს რაღაც არანორმალურ ბიბლიურ ცხოვრებაზე, სადაც, მისი აზრით, საზღვრები გაუქმდება და ყველა ქვეყნის მშრომელისთვის ერთი საწარმოო გეგმა დადგინდება.”

საქმე იქამდე მივიდა, რომ გავრცელდა ხმები კომინტერნის ჰიმნის აღდგენაზე, ტექსტის გადაკეთებით. მიუხედავად იმისა, რომ კომინტერნი 1942 წელს გაუქმდა, ეგრეთ წოდებული “მსოფლიო საბჭოთა კავშირის” იდეა ისევ აქტუალური გახდა კომუნისტი მწერლების რიგებში. იდეა ასეთი იყო – ამერიკელი და საბჭოთა მშრომელები გაერთიანდებიან და დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა იარსებებს - მსოფლიო საბჭოთა კავშირი.

ამერიკის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა არამარტო ლიტერატურაში. სწორედ მაშინ, როცა კრემლში ეგოლინის მოხსენებითი ბარათის ტექტსი იწერებოდა, რუსული საბჭოთა კინოს ნომერმა პირველმა რეჟისორმა, გრიგორი ალექსანდროვმა, დაიწყო მუშაობა სცენარზე “შეხვედრა ელბაზე”. ფილმში უნდა ასახულიყო 1945 წლის აპრილში მდინარე ელბაზე საბჭოთა და მოკავშირეთა ჯარების შეხვედრის ფაქტი. ალექსანდროვს, რომელიც ყველა თავის ფილმში ბაძავდა ჰოლივუდის მუსიკალურ კომედიებს, თავად ისტორიამ მისცა საშუალება, შეექმნა ახალი პოლიტიკურ-ესთეტიკური მითი. მაგრამ ვერ მოასწრო. მალენკოვის სახელზე გაგზავნილ ბარათში კრემლი ცენზორების აქტიურ ქმედებას მოითხოვდა.

“გთავაზობთ, უფრო აქტიური გახადოთ ცენზორებისა და რედაქტორების მუშაობა. პიესამ, რომლის გამოქვეყნება ან დადგმაა დაგეგმილი, რამდენიმე ინსტანცია უნდა გაიაროს: ხელოვნების საქმეთა კომიტეტი, მთავლიტი, სამხედრო და საზღვაო ცენზურა და, ბოლოს, მწერალთა კავშირის პარტიული ორგანიზაცია.”

“შეხვედრა ელბაზე” მაინც გამოვიდა ეკრანებზე – ოღონდ მხოლოდ 1949 წელს – “ცივი ომის” ეპოქის დასაწყისში. ცენზურამ სასწრაფოდ ამოიღო ფილმიდან ეპიზოდი, რომელშიც ლიუბოვ ორლოვას გმირი “ბუგივუგის” ცეკვით ართობდა ამერიკელ ოფიცრებს და, რაც მთავარია, შეიცვალა ფინალი: ხიდზე, რომელიც მოკავშირეებმა საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად აღადგინეს მდინარე ელბაზე, ერთმანეთს ემშვიდობებიან ამერიკელი და საბჭოთა კომენდანტი - ხელი უნდა ჩამოართვან, მაგრამ კადრი იყინება – გაწვდილი ხელი ჰაერში რჩება. ასეთ ფინალს კიდევ რაღაცნაირად გადაიტანდა საბჭოთა ცენზურა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების პირველივე დღიდან “კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის” კამპანია გააჩაღა.

XS
SM
MD
LG