Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ფრინველის გრიპის ახალი შემთხვევები აღირიცხა


საბერძნეთი არის უკანასკნელი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ფრინველის გრიპის ვირუსი აღმოჩნდა.

დაავადების შემთხვევები უკვე გამოვლინდა რუმინეთსა და თურქეთში. გამოკვლევები მიმდინარეობს ბულგარეთსა და ხორვატიაში. ევროპის კავშირი ცდილობს, საგანგებო ზომები შეიმუშაოს, რათა შეაჩეროს დაავადების გავრცელება.

ფრინველის გრიპის შემთხვევები ორშაბათს აღირიცხა საბერძნეთის პატარა კუნძულ ოინუსისზე. ათენმა ევროპის კავშირთან თანამშრომლობით აკრძალა ცოცხალი ფრინველის, ფრინველის ხორცისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი ამ რეგიონიდან. სინჯები გაგზავნილია ინგლისის ქალაქ უებრიჯის ლაბორატორიაში, სადაც მეცნიერები დაადგენენ, არის თუ არა ეს ე.წ. H5N1 ვირუსი. ამ ვირუსმა 2003 წელს აზიაში უკვე იმსხვერპლა 60-ზე მეტი ადამიანი და სულ ახლახან აღმოჩენილ იქნა თურქეთში, რუმინეთსა და, უფრო ადრე, რუსეთში.

სამშაბათს ლუქსემბურგში ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს საგანგებო მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ აღუდგნენ ფრინველის გრიპის საფრთხეს.

ევროპის კავშირი ცდილობს, საერთაშორისო ძალისხმევის მაქსიმალური კოორდინაცია მოახდინოს.

ამასობაში რუმინეთიდან იტყობინებიან, რომ აღმოჩნდა გრიპით გედების დაავადების ახალი შემთხვევები უკრაინის მოსაძღვრე რაიონში.

ჯერჯერობით არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ გრიპით ადამიანების დაავადება ფრინველებთან კონტაქტის შედეგად მოხდა. მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ვირუსი არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. მაგრამ მუტაციის შემთხვევაში ეს შეიძლება მოხდეს, რაც მისი მსოფლიო მასშტაბით გარვცელებას, ანუ პანდემიას შეუწყობდა ხელს.

მიუხედავად ამისა, გაეროს დაქვემდებარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლის, მარია ჩენის აზრით, აუცილებელია მკაფიო გამიჯვნა დღევანდელი ვითარებისა და შესაძლო მუტაციით გამოწვეული საფრთხისა.

[ჩენის ხმა] "მე ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობა შიშობს, რომ ფრინველის გრიპი პანდემიაში შეიძლება გადაიზარდოს. მაგრამ ამჟამად საქმე ასე არ გამოიყურება. ევროპაში აღრიცხული შემთხვევები არის ცხოველთა დაავადებების შემთხვევები. ფრინველის გრიპის ვირუსი ძალზე იშვიათად გადადის ადამიანზე. ასე რომ, ფართო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ ჩვენ შეშფოთებული ვართ, ვინაიდან დაავადებას მოეპოვება პოტენციალი სახე იცვალოს იმგვარად, რომ საბოლოოდ პანდემია გამოიწვიოს."

გაეროს თანახმად, არ შეიძლება დროის დაკარგვა, ვინაიდან კაცობრიობას დაახლოეით 6-დან 12 თვემდე სჭირდება საიმისოდ, რომ შესაძლო პანდემიას მომზადებული შეხვდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპრეტები ვარაუდობენ, რომ ფრინველის გრიპი დღევანდელი სახით სხვადასხვა ქვეყანაში იჩენს თავს. მაგრამ, მათი აზრით, მუტირებული სახით მისი გაჩენა უფრო აზიაშია სავარადო.

აქედან გამომდინარე, გაერო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ფინანსური დახმარება გაუწიოს აზიის ღატაკ ქვეყნებს პოტენციური პანდემიის დაძლევაში.
XS
SM
MD
LG