Accessibility links

logo-print

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი ინვესტორს იჯარით გადაეცემა


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის იჯარით გაცემის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა. თელავის რაიონის სოფელ

წინანდალში მდებარე უნიკალური კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსი ინვესტორს მართვაში 49 წლით გადაეცემა. წლიური საიჯარო ქირის საწყისი ფასი 70 000 დოლარით განისაზღვრა. კონკურსის პირობების მიხედვით, მოიჯარე სახლ–მუზეუმის მართვას საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელებს. მოიჯარემ 2 წლის განმავლობაში სახლ–მუზეუმის, პარკისა და მის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა–ნაგებობების რეაბილიტაციაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონკურსი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 9 ნოემბერს გაიმართება.

წინანდლის კომპლექსი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმს, სასტუმრო სახლს, სასადილოს, ადმინისტრაციულ შენობასა და ღვინის ქარხანას მოიცავს. შენობა–ნაგებობების საერთო ფართი 22 500 კვადრატული მეტრია, ხოლო მასზე დამაგრებული მიწა თითქმის 179 000 კვადრატული მეტრი. ამ კულტურულ–ისტორიული ძეგლის კერძო ინვესტორისათვის გადაცემის აუცილებლობას საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო სახსრების სიმწირითა და, შესაბამისად, კომპლექსის სავალალო მდგომარეობით ხსნის. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი, ამ თვალსაზრისით, გარკვეული საექსპერიმენტო ობიექტიც ხდება. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ინვესტორი, მართლაც, დაინტერესდება კონკურსით, სახელმწიფო საფუძველს ჩაუყრის ახალ მოდელს. კერძო ინვესტიცია კულტურულ–ისტორიული ძეგლების სამსახურში - მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს არსი ამ მოდელისა, რომლის განვრცობა სხვა ისტორიულ ძეგლებზეცაა მოსალოდნელი. დავუბრუნდეთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმს.

[ნათია თურნავას ხმა]“ არც ერთი აგური იქ არ გადაიდება კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე. გარდა ამისა, კიდევ დამატებითი გარანტია იდება ცალკე ხელშეკრულებით მოიჯარესა და კულტურის სამინისტროს შორის, რომ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მოვლა–პატრონობა, რეაბილიტაცია და არაფრით არ მოხდება თვითონ ძეგლის დაზიანება, პროფილის შეცვლა და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი კერძო ტურისტული ბიზნესის ობიექტი ხდება. ყველა ძეგლის ერთნაირი ზომით კომერციალიზაცია შეუძლებელია, ამბობს ქალბატონი თურნავა, თუმცა ჩვენი ძეგლების უმრავლესობა იმ შინაარსისაა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში თავის ადგილს კერძო კაპიტალიც მონახავს.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა]“ საქართველოს ხელისუფლება აპირებს გააკეთოს ის, რაც დაახლოებით გაათანაბრებს მას თალიბანთან, როცა მათ ბუდას ძეგლი მოსპეს. კულტურულ მემკვიდრეობასთან პირდაპირი ომია გამოცხადებული. უნდათ,რომ ეს ყველაფერი ხელში ჩაიგდოს კერძო პირმა. ანუ კერძო პირი თურმე და არა სახელმწიფო უკეთ მოუვლის ექსპონატებს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი სამუზეუმო წარმოდგენით არის სახელმწიფოს ზრუნვის საგანი.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის კერძო ინვესტორისათვის იჯარით გადაცემის შემთხვევაში, მთავრობა დაარღვევს კანონს - კერძოდ, კანონს მუზეუმების შესახებ, რომელიც სამუზეუმო ექსპონატების გასხვისებას, თუნდაც იჯარით გაცემას, კატეგორიულად კრძალავს. რაც შეეხება კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იგი შენობის იჯარით გაცემის წინააღმდეგ არ გამოდის, თუმცა არ არეგულირებს ექსპონატების ბედს. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში შენახული ექსპონატები და მუზეუმის ინვენტარი ერთადაა აღწერილი, უნიკალური ექსპონატები არაადეკვატურადაა შეფასებული და დაკარგვისა და დაზიანების რეალური საფრთხის წინაშე დგას. ამაზე კომენტარი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს ვთხოვეთ.

[ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხმა]“ ეხლა იქ მიმდინარეობს ინტენსიური აღრიცხვა და ეს ყველაფერი აისახება ხელშეკრულებაში. მათი დაკარგვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ჩვენ არ გვეცოდინება იქ რა არის და როცა ვიცით, ფიქსირებულია და ფოტო გადაღებულია და პასპორტიზით გაკეთებულია, მათი მდგომარეობის შეფასება ნებისმიერ პერიოდში, ნებისმიერ სახელმწიფო მონიტორს შეეძლება და ეს იქნება ღია და აუცილებელი პროცესი.“(სტილი დაცულია)

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქონების ბედის უმთავრესი გულშემატკივარი, დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირდაპირი შთამომავალი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი თავისი დიდი პაპის სახლ–მუზეუმის კერძო ინვესტორისათვის გადაცემის პერსპექტივას შეშფოთებით ხვდება:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა]“ სიხარულით როგორ შევხვდები. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ ეს სჭირდება ქვეყანას. მთელი ეს მსოფლიო, დიუმათი დაწყებული, პუშკინით, კიუხელბეკერითა და ტოლსტოით დამთავრებული, ჩამოდიოდნენ და იქიდან იგებდნენ საქართველოს შესახებ ბევრ რაღაცას. და როგორ შეიძლება ეს კომპლექსი ვიღაცას ჩააბარონ ასე მარტივად. ეს არ შეიძლება, დაუშვებლია. ეს იქნება დანაშაული, საბოლოო ჯამში.“

მერაბ კოკოჩაშვილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის იჯარით გაცემის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემდეგ უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი უკვე გამოცხადდა, წინანდლის კულტურულ–ისტორიული კომპლექსის მოსალოდნელი კომერციალიზების თაობაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებიც იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG