Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ძვირდება საქართველოში სურსათი


„ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს ბიუჯეტისა და პენსია-ხელფასების განუხრელი ზრდით, თუმცა, ამ უდავო წარმატების

მიუხედავად, კვლავ კატასტროფულად დიდია უმუშევრობის მაჩვენებელი, ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიცია და არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. შედეგად, საქართველოში მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს კვლავ უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის სამოცი პროცენტის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია. ყოველივე ამას ემატება საწვავსა და სურსათზე ფასების ზრდა, რაც დღითი დღე სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. როგორ ცხოვრობენ თბილისელები და რატომ ძვირდება სურსათი?

ბევრი თბილისელი სურსათ-სანოვაგის მარაგს, როგორც წესი, მაღაზიის ნაცვლად, ბაზარში ივსებს. მართალია, ბაზარში არასახარბიელო სანიტარული მდგომარეობა და ხალხმრავლობაა, მაგრამ, სამაგიეროდ, ფასებია შედარებით დაბალი და, აქედან გამომდინარე, მისაღებიც, თუმცა სურსათის გაძვირებამ მოქალაქეებს ბაზარში სიარულის ხალისიც დაუკარგა.

[ქალბატონ ეთერის ხმა] „ყველაფერი გაძვირდა, დაწყებული ნივრიდან, დამთავრებული ხორცის ნაწარმით, ყველაფერი გაძვირდა აბსოლუტურად.“

ქალბატონი ეთერი პედაგოგად მუშაობს, მაგრამ, ბევრი თბილისელი ქალბატონის მსგავსად, სწორედ მას, როგორც დიასახლისს, უწევს ოჯახის წევრთა გამოკვებაზე ზრუნვა. იმას, რომ სურსათი გაძვირდა, არც დახლის მეორე მხარეს მდგომი ქალბატონი უარყოფს:

[გამყიდველის ხმა] „მაკარონი 1,5 ლარი ღირს, ბრინჯი - 1,5 ლარი, წიწიბურა - 2 ლარი, შაქარი - 1,3 ლარი, მარილი - 30 თეთრი, კვერცხი 23 თეთრი, ბარკალი - 4 ლარი, ქათამი 1 კგ - 4-5 ლარი... გაძვირდა ყველაფერი. ძირითადად, გაძვირდა ბარკალი, შაქარი, კვერცხი.“

სურსათის ფასების ზრდის ტენდენციას აფიქსირებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფასების სტატისტიკის სამმართველო, რომლის ხელმძღვანელის ლია მდინარაძის თქმით, 2005 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ფასების ზრდა, ძირითადად, საწვავის გაძვირებამ გამოიწვია:

[ლია მდინარაძის ხმა] „ძირითადად, სურსათზე ფასები გაიზარდა დაახლოებით 2 პროცენტამდე. მათ შორის, გაძვირდა შაქარი დაახლოებით 6 პროცენტამდე, კვერცხი - 30 პროცენტამდე, ლობიო - 18 პროცენტით, გაძვირდა ბოსტნეული: ბადრიჯანი, ნიორი, ხახვი, რამაც მთლიანობაში განსაზღვრა ფასების დონე.“

საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის ინფორმაციით, წლის განმავლობაში საქართველო 134 ათას ტონა ფრინველის ხორცსა და 458 მლნ ცალ კვერცხს მოიხმარს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო დროს ყველაზე მეტად სწორედ რომ ფრინველის ხორცისა და კვერცხის ფასი გაიზარდა. რა არის მიზეზი? - მე ამ კითხვით მეფრინველეობის ასოციაციის წარმომადგენელს მარიამ ნოზაძეს მივმართე.

[მარიამ ნოზაძის ხმა] „კი არ იზრდება, ცვალებადია. ხან იზრდება, ხან მცირდება, იმის მიხედვით, თუ როგორ რეგულირდება, ზოგადად, ბაზარზე სიტუაცია. ხანდახან მეზობელი ქვეყნებიდან იზრდება კვერცხის იმპორტი, რის გამოც ბაზარზე სიჭარბეა ხოლმე. ამ დროს ადგილობრივი მწარმოებელი ამცირებს ფასს. ხოლო მაშინ, როცა იმპორტი მცირდება და, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა, ფასიც შესაბამისად მატულობს.”(სტილი დაცულია)

სურსათის გაძვირება, მიზეზის მიუხედავად, მძიმე მდგომარეობაში აგდებს საზოგადოების დიდ ნაწილს. იმავე სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ნოდარ კაპანაძის თქმით, საქართველოში მცხოვრები ადამიანების 57 პროცენტის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია:

[ნოდარ კაპანაძის ხმა] „საქართველოში ერთი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი არის 255,8 ლარი, თბილისში იგივე მაჩვენებელი - 266,8 ლარი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ეკვივალენტური, მოზრდილის კი - 147 ლარი, ერთი საშუალო მომხმარებლის კი - 129 ლარი. მოკლედ, 2005 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, 57 პროცენტი იყო ამ ზღვრის ქვემოთ.“(სტილი დაცულია)

ცხადია, ამ მშრალი ციფრების მიღმა ადამიანები და მათი ოჯახის წევრები დგანან. თუმცა თბილისელებმა სტატისტიკური მონაცემების გარეშეც კარგად იციან, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
ქალბატონ ეთერის თქმით, ოთხსულიანი ოჯახის გამოსაკვებად თვიდან თვემდე, სულ ცოტა, 300 ლარი მაინცაა საჭირო.

[ქალბატონ ეთერის ხმა] „მინიმუმ 300 ლარია საჭირო, თანაც ისე, რომ ხელებს დიდად ვერ გაშლი. ოთხსულიანი ოჯახი გვაქვს, თან ბავშვი არ გვყავს... რა ვქნათ?!“

ხელისუფლება კი თავს გაორმაგებული ბიუჯეტის შესრულებით იწონებს. არის თუ არა ბიუჯეტის შესრულება ან გაზრდა ეკონომიკის გამოცოცხლების ნიშანი? ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი განმარტავს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „ნორმალურ სიტუაციაში ბიუჯეტზე არც საუბრობენ. ნებისმიერი ქვეყნის ინტერნეტსაიტი გახსენით, ნახეთ საცნობარო გვერდები - არსად ბიუჯეტი არ არის ნახსენები. ლაპარაკია იქ ეკონომიკის ზრდაზე, უმუშევრობაზე, ლაპარაკია რეალურ შემოსავლებზე, მაგრამ არა იმაზე, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ ფიქციაზე, რადგანაც 14 ლარითაც მოკვდებოდა ის საწყალი პენსიონერი და 28 ლარითაც ვერ ირჩენს თავს. ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?“(სტილი დაცულია)

მაგრამ დავუბრუნდეთ ფასებს. საქმე ის არის, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში მარტო სურსათი და საწვავი როდი ძვირდება. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ფასი. კერძოდ, იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტის ღირებულება 3,6 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი წარმოებისა 11 პროცენტითაა გაზრდილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG